პოლიცია იარაღს აღარ იყენებს და აღარ კლავს?

პოლიცია იარაღს აღარ იყენებს და აღარ კლავს?

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პოლიციას ბოლო 3-4 წლის განმავლობაში დამნაშავის წინააღმდეგ იარაღი არ გამოუყენებია და არც ერთი მოქალაქე პოლიციელის იარაღით არ გარდაცვლილა.

მინისტრის ეს განცხადება უფლებადამცველების ნაწილში კითხვის ნიშნებს აჩენს.

2012 წლის თებერვალში, ხაშურის პოლიციაში გარდაცვლილი სოსო ქიმერიძე;

2012 წლის იანვარში ზუგდიდში, ოჯახის წევრების თქმით, ქაჩაში პოლიციელების ცემისაგან გარდაცვლილი ბადრი ტაბატაძე;

2011 წლის 26 მაისის მიტინგის დარბევისას გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძე;

2010 წლის აპრილში ზუგდიდის კომბინატის დასახლებაში პოლიციელის ტაბელური იარაღიდან გასროლილი ტყვიათ გარდაცვლილი ნუგზარ მანია;

2009 წელს ე.წ. მუხროვანის ამბოხის მოწყობისთვის ძებნილი გია კრიალაშვილის დაღუპვა გლდანში სპეცოპერაციისას;

2009 წელს წალენჯიხის რაიონში რემიკო ფიფიას ოჯახში სპეცოპერაციის დროს მოკლული ჯიმი მეგრელიძე.

უფლებადამცველთა თქმით, ეს იმ ადამიანთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც პოლიციის მსვერპლნი არიან.

როგორც ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, ის, რომ პოლიციელს ტყვიით არ მოუკლავს მოქალაქე, არ ნიშნავს, რომ პოლიციელების მხრიდან ძალადობის შედეგად ადამიანის მოკვლა არ მომხდარა და მსგავსი ეჭვები, თუნდაც ბოლო ერთი წლის განმავლობაშის საზოგადოებას და უფლებადამცველებს რამდენჯერმე არ გასჩენია.

მისი თქმით, დღეს პრობლემა ის კი არ არის, რომ თურმე პოლიციაში ხალხი არ იხოცება, არამედ ის, რომ ამის დადგენა ვერ ხერხდება ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სასამართლოს არსებობის გამო.

საიას ადვოკატის თამარ კორძაიას განცხადებით, ბოლო 3-4 წლის სტატისტიკა არ აქვს, მაგრამ ბუტა რობაქიძისა და სანდრო გირგვლიანის საქმეები საკმარისია იმისათვის, რომ დღევანდელმა პოლიციამ ვერ ჩამოირეცხოს მოძალადის სახელი.

თამარ კორძაია: "საქართველოს დღევანდელმა რეფორმირებულმა პოლიციამ ქალაქში არაერთი ადამიანი ჩაცხრილა, ისე, რომ გამოძიება არ ჩატარებულა და არავინ დასჯილა. გირგვლიანის საქმეზეც ევროპის სასამართლომ თქვა, რომ პოლიცია ერთ-ერთი იმ სუბიექტთაგანი იყო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ობიექტური ჭემარიტება არ დამდგარიყო.

"ამიტომაც მხოლოდ ბოლო 2-3 წლის სტატისტიკა არ მაინტერსებს, პირველ რიგში მაინტერესბს როგორ გამიძიებენ თუნდაც ამ გახმაურებულ საქმეებს.

"თუნდაც ქიმერიძის საქმე ავიღოთ, პოლიცია გვიმტკიცებს, რომ კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა კაციო. გამოდის, რომ პოლიცია ვერ ახერხებს მის ხელში მყოფი მოქალაქის დაცვას. უკანასკნელ პერიოდში ერთ-ერთი შემთხვევაც მახსენდება, როცა სპეცოპერაციის დროს ადამიანი ფანჯრიდან გადახტა. მაინცდამაინც იარაღის დამიზნება სულაც არ არის საჭირო, ზოგჯერ ტყვიის გარეშეც იხოცებიან ადამიანები.

"რა მნიშვნელბა აქვს ადამიანს იარაღით მოკლავენ, თუ კიბეებიდან გადმოახტუნებენ. პოლიციას არც ერთი შემთხვევაში არ აუღია პასუხიმგებლობა იმაზე, რომ მოვალეობა სათანადოდ არ შეუსრულებია. ამიტომაც ეს ნდობის სტატისტიკაც ჩემთვის არასერიოზულია. მსგავსი ტიპის განცხადებები მხოლოდ პიარის ნაწილია და სხვა არაფერი", - აცხადებს თამარ კორძაია.

"უკანასკნელი 3-4 წლის განმავლობაში საქართველოში პოლიციელის იარაღით არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა, არ გარდაცვლილა არც ერთი პოლიციელი კრიმინალის ხელით და უფრო მეტიც, არ ყოფილა პოლიციის წინააღმდეგ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი. არც ერთი ქვეყანაა არ არის, სადაც მსგავსი თუნდაც ერთი ფაქტი არ მომხდარა. ჩვენთან კი ერთი კაცი არ დაჭრილა პოლიციელის ხელიდან გასროლილი იარაღით", - ვანო მერაბიშვილმა ეს განცხადება პარლამენტში სამთავრობო საათზე სიტყვით გამოსვლისას გაააკეთა.

უფრო მეტიც, მერაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს პოლიცია მსოფლიოში ყველაზე მსუბუქად არის შეიარაღებული.

მინისტრის თქმით, პოლიციას ქვეყანაში 87%-ანი ნდობა აქვს და არც ერთ პოლიტიკური პარტიას, ასეთი მაღალი რეიტინგი არ გააჩნია.

"რომ არსებობდეს თუნდაც მცირე განცდა, რომ პოლიცია პოლიტიზებულია, მას ასეთი მაღალი რეიტინგი არ ექნებოდა", - დასძენს მერაბიშვილი.

ნანა კაკაბაძის თქმით, მინისტრი მერაბიშვილის განცხადების მიუხედავად, პოლიცია პოლიტიზებულია და პოლიციის მიერ ადამიანებზე ზეწოლის ფაქტები, განსაკუთრებით რეგიონებში, ძალიან ხშირია.

ნანა კაკაბაძე: "ხაშურის პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს სოსო ქიმერიძე და ის გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. გარაცვლილს სხეულზე მრავალგზისი ჩალურჯებები აღენიშნებოდა.

"როცა დაკითხვაზე მისული ადამიანი გარდაიცვლება, ამაზე პასუხისმგებლობა შს სამინისტროს ეკისრება. მათ კი არც დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატრების საშუალება მისცეს არასამთავრობოებს და არც გამოძიება დაწყებულა.

"გარდა ამისა, 2010 წლის 26 მაისს ოპოზიციურ მიტინგის დარბევისას ნიკა კვინტრაძის გადაცვალებაც პოლიციის კისერზეა. მთელმა მსოფლიომ ნახა კადრები, სადაც პოლიციის მიერ ბორკილდადებული კვინტრაძე ჩანს, მეორე დღეს ვითომ ერთ-ერთი შენობის სახურავზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

"ასევე არის შემთხვევა, როცა ახალი წლის საღამოს ზუგდიდში გზაზე მიმავალ ბადრი ტაბატაძეს ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები აჩერებენ, "პიკაპში" სვამენ და სამმართველოში გადაჰყავთ. იქ კი, სასტიკად სცემენ, მის სიკვდილში რწმუნდებიან, ცხედარი უკან მიაქვთ და იმავე გზაზე აგდებენ. ამის შემდეგ ეს პოლიციელები ოჯახის წევრებსაც კი ემუქრებიან.

"ასეთი ფაქტები არის, საუბრებიც მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ არც ერთ მათგანი გამოძიებული არ არის. პოლიცია არც ერთ შემთხვევას არ აღიარებს და რაიმეს დამტკიცება სასამართლოშიც შეუძლებელია", - აცხადებს კაკაბაძე.

მის მიერ ჩამოთვლილი ფაქტების გარდა იყო შემთხვევა, როცა 2010 წლის 17 აპრილს ზუგდიდის კომბინატის დასახლებაში პოლიციელის ტაბელური იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ 60 წლის ნუგზარ მანია იმსხვერპლა.

შს სამინისტროს განცხადებაში, რომელიც "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, ნათქვამია, რომ 2010 წლის 17 აპრილს თამაზ თოლორაიას შვილთან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც მამა-შვილის გასაშველებლად პოლიცია გამოიძახეს.

ოფიციალური ვერსიით, პოლიციის თანამშრომლები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, მაგრამ გიორგი და თამაზ თოლორაიებმა მეზობლებთან ერთად პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. შეხლა-შემოხლის დროს პოლიციის უმცროსმა ინსპექტორმა იროდიონ შელიამ ტაბელური იარაღიდან გაისროლა, რის შედეგად გიორგი თოლორაიას ერთ-ერთი მეზობელი ნუგზარ მანია გარდაიცვალა.

თუმცა "პრესაგე.ტვ"-მ თვითმხილველზე დაყრდნობით ამ ამბის საკუთარი ვერსია გაავრცელა. ამ ვერსიით, პოლიციელებს, გოგა ფარცვანიასა და იროდიონ შელიას გიორგი თოლორაია უცემიათ, ნუგზარ მანია ბიჭს გამოსარჩლებია და ამის გამო პოლიციელ შელიას იარაღი მანიასათვის დაუმიზნებია. როცა მანიას იარაღის წართმევა დაუპირებია, პოლიციელს მისთვის უსვრია.

ასევე, 2009 წლის 5 მაისს მუხროვანის სატანკო ნაწილში ე.წ. მუხროვანის ამბოხის მოწყობისთვის ძებნილი გია კრიალაშვილი გლდანში სპეცოპერაციისას პოლიციასთან გაწეული წინააღმდეგობის დროს ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალა.

2009 წელს წალენჯიხის რაიონში რემიკო ფიფიას ოჯახში სპეცოპერაციის დროს მოკლული იქნა სოფელ ლიას მკვიდრი, 23 წლის ჯიმი მეგრელიძე.

როგორც პოლიციელები აცხადებენ, რემიკო ფიფიას ოჯახს ძარცვის მიზნით თავს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ჯიმი მეგრელიძე, დათო კალანდია და მერაბ გურჩიანი დაესხნენ და შს სამნისტროს სპეცრაზმა ეს თავდასხმა აღკვეთა.

"კონსერვატორული პარტიის" წევრი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ "ძალიან ბევრი მკვლელობა გვაქვს არა მარტო ოთხი წლის წინ, არამედ მანამდეც, მაგრამ "ბოლო 4 წლის ფაქტების მოყვანაც კმარა იმისთვის, რომ მერაბიშვილის ტყუილი ვამხილოთ".

ლაშა ჩხარტიშვილი: "2009 წლის შემდგომ ჩვენ გვახსოვს ქიმერიძის მკვლელობა, მაღალი ალბათობის ის პოლიციის განყოფილებაში ცემისას შემოაკვდათ და რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს ცემით მოკლავენ, კიბიდან გადმოაგდებენ თუ იარაღს ესვრიან.

"გვახსოვს, როცა პოლიციელმა ზუგდიდში 60 წლის ადამიანი მოკლა იმისთვის, რომ პოლიციელები ბიჭს სცემდნენ და ბიჭს გამოესარჩლა. ასეთი ფაქტები ბევრია და აუცილებელია ყველა ეს ფაქტი შეგროვდეს, რომ სამომავლოდ იმ გამოძიების წინაპირობა გახდეს, რომელიც ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აუცილებლად შედგება. არც ერთი მკვლელი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

"ქუჩაში დღისით, მზისით მკვლელობები შემცირდა, მაგრამ ამ შემცირებაში დიდი წვლილი იმ ბრძოლას აქვს, რომელიც გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის ოჯახის წევარებისა და სხვადსხვა ორგანიზაციების განუწყვეტელი პროტესატის დამსახურებაა. დღეს შს სამინისტრო ვერ ბედავს ღიად ქაჩაში მოკლას მოქალაქეები, მაგრამ მკვლელობების ძირითადმა რიცხვმა პენიტენციალური სისტემის კედლებში გადაინაცვლა".