ელისო ჩაფიძე:

ელისო ჩაფიძე: "ტყიბულში ხალხი ასე ცუდად არ უნდა ცხოვრობდეს!"

შარშან პრეზიდენტმა პირობა დადო, ტყიბულში მოსახლეობა 100 პროცენტით დასაქმდებაო. ასრულებს თუ არა პირობას მიხეილ სააკაშვილი და რა პრობლემების წინაშე დგას ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქალაქი? ამ საკითხებზე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ელისო ჩაფიძე გვესაუბრება:

- ტყიბული დღეს ჰგავს ჰიროსიმას 1945 წლის 6 აგვისტოს ატომური დაბომბვის შემდეგ - დანგრეული სახლები, შახტის ტერიტორიაზე დაყრილი მორები... ერთი შეხედვითაც ნათელია, რა მძიმე სოციალურ პირობებში უწევს ხალხს ცხოვრება. საერთოდ, ტყიბულს იყენებენ როგორც ნედლეულს, მოსახლეობას კი - როგორც იაფ მუშახელს, მათ მონებივით ექცევიან. პასუხს არავინ აგებს ადამიანების სიცოცხლეზე, სოციალური პირობების შექმნაზე, ეკოლოგიური მდგომარეობა საშინელია...

ხალხის მძიმე სოციალური მდგომარეობის გარდა, ძალიან მაღელვებს, რომ ტყიბულში იჩეხება წაბლის უნიკალური ხეები და ის იტალიაში კომპანია "ვუდიმპექსს" გააქვს. ამ კომპანიასთან დაკავშირებულია ბატონი თემურ უგულავა, სასტუმრო "აჭარის" მეპატრონე, და პარლამენტარი არჩილ გეგენავა. ლაპარაკია იმაზეც, რომ ხეტყის ბიზნესს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი მფარველობს. ეს ინფორმაცია დასტურდება იმით, რომ ადამიანებს, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ წაბლის უნიკალური, ჯანსაღი ხეების განადგურების გამო, აშინებენ პოლიციისა და უშიშროების თანამშრომლები. რამდენიმე სოფელში - ცუცხვათში, სოჩხეთსა და თვითონ ტყიბულში, მოსახლეობა ხედავს, რომ ყოველდღიურად გააქვთ მორები ფოთის მიმართულებით. ისინი მანქანის ნომრებსაც გვაწვდიან... სამწუხაროდ, ხეტყის მაფია ისე ძლიერია, რომ მას ადგილობრივი ხელისუფლება წინააღმდეგობას არ უწევს, პირიქით, - ხელს უწყობს. ერთი წლის წინ ამ ხეების მოჭრა-გატანის შესახებ ვესაუბრე ბატონ პავლე კუბლაშვილს. ვეცადე, ის, როგორც ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, საქმის კურსში ჩამეყენებინა. იმხანად ჯერ კიდევ კარგი წარმოდგენა მქონდა მის პოლიტიკურ საქმიანობაზე და მეგონა, ხელს შეუშლიდა ხეების ჭრას. თუმცა ბატონი პავლე ჩემთან საუბრისას ძალზე აგრესიული იყო... მას შემდეგ, რაც ის მაჟორიტარი გახდა, ერთადერთი, რაც გააკეთა, ხიდი ააშენა ჩემს სოფელ მუხურაში ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, მეტი არაფერი მახსენდება...

- ახლახან ტყიბულში გაიხსნა საავადმყოფო, რომლის დირექტორიც არის პავლე კუბლაშვილის დედა, ქალბატონი ნატო რობაქიძე. როგორც ამბობენ, ათადგილიან სტაციონარში ექიმის კონსულტაცია 50 ლარი ღირს, რაც პაციენტებისთვის ხელმიუწვდომელია. გარდა ამისა, ამბობენ, სამსახურიდან დათხოვნილი ექიმები თბილისის საავადმყოფოებში ეძებენ ადგილებსო.
- კუბლაშვილებს არ შევეხები იმიტომ, რომ ბავშვობიდან ვიცნობ ამ ოჯახს, გვქონდა მისვლა-მოსვლა, აქედან გამომდინარე, ჩემი მხრიდან უხერხული იქნება. თანაც, როგორც ვიცი, ახლახან ბებია გარდაეცვალათ. თუმცა ტყიბულის საავადმყოფოში რომ მძიმე სიტუაციაა, ამას ვადასტურებ - მოსახლეობას არ აქვს საშუალება, მიმართოს ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებს იმიტომ, რომ ადამიანების უდიდეს ნაწილს უმძიმეს სოციალურ პირობებში უწევთ არსებობა. საავადმყოფოში მკურნალობის ფასებსა და საკადრო პოლიტიკას ემატება ისიც, რომ რეგულარულად მიკავშირდებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც საავადმყოფოს აშენებდნენ. მათთვის ძალიან დიდი სახელფასო დავალიანება დღემდე არ გაუსტუმრებიათ. მუშები სამართალს ვერ პოულობენ, ისევე როგორც მეშახტეები, რომლებიც რეგულარულად იფიცებოდნენ მძიმე, უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამო პირობების გამო.

- ბოლო ხანს რამდენი ადამიანი დაიღუპა ტყიბულის შახტებში და ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები?
- ბოლო 2 წლის განმავლობაში შახტებში 14 ადამიანია დაღუპული. უბედურება ის არის, რომ ოჯახების უმეტესობას არ აქვს კომპენსაცია მიღებული და არც ერთი საქმე სრულად გამოძიებული არ არის. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, შახტებში დასაქმებულია დაახლოებით 1200 ადამიანი და მათ საშუალოდ აქვთ 300-დან 500 ლარამდე ხელფასი. შახტებში არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები, დაღუპულ და დაშავებულ მეშახტეებს დააბრალეს, თითქოს ისინი იყვნენ დამნაშავენი - უსაფრთხოების ზომები არ დაიცავითო. მეშახტეობა რთული და სარისკო პროფესიაა, მაგრამ ამდენი აფეთქება, რაც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, ძალიან უცნაურია. ეს, ალბათ, იმის გამო მოხდა, რომ 20 წლის განმავლობაში შახტები გაჩერებული იყო. 2006 წელს ისინი გაიყიდა ძალიან იაფად და გადავიდა ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში". ამით ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, ნიადაგი მოუსუფთავა ბეჟუაშვილებს იმ თვალსაზრისით, რომ 813 პენსიონერის დავალიანება, რომელთა ხელფასები თუ პენსიები პირდაპირ იყო მიბმული შახტებთან, სახელმწიფომ დაიკისრა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ბეჟუაშვილების ბიზნესის განვითარებით არის დაინტერესებული და არა ქვეყნის ბიუჯეტის გაზრდით... დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს უკვე რამდენიმე წელია ეუბნებიან, გეკუთვნით პენსიები, მაგრამ ის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის და ამიტომ ვერ მოგცემთო.

- რა პირობებია ტყიბულის სამკერვალო ფაბრიკაში, რომელიც ზარ-ზეიმით გაიხსნა?
- როგორც ვიცი, მუშებს მწირ თანხას უხდიან - 30-40 ლარს თვიურად, ხოლო ყველაზე მაღალი ხელფასი 80 ლარია. ერთმა მკერავმა მითხრა, თუ უკმაყოფილებას და ოპოზიციურ აზრს გამოვხატავ, შეიძლება სამსახურიდან გამომაგდონო. საინტერესოა თბოელექტროსადგურის თემაც, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინელები ემსახურებოდნენ და ძლივს აამუშავეს, მაგრამ ამ ე.წ. თესმა მათი წასვლის შემდეგ მხოლოდ სამ თვეს იმუშავა. თბოელექტროსადგური ადგილობრივ მოსახლეობას დიდ პრობლემებს უქმნიდა ეკოლოგიური თვალსაზრისით - იყო მტვერი, ხმაური... როგორც შევიტყვე, იქ იყენებდნენ 1946 წელს გამოშვებულ დანადგარს და სწორედ ამის გამო ამ თბოელექტროსადგურის მშენებლობა არის ბლეფი, ისევე როგორც გასული წლის პრეზიდენტის დაპირება, რომ ტყიბული გახდებოდა 100%-იანი დასაქმების ქალაქი.

- ამბობენ, რომ ტყიბულში სააკაშვილსა და კუბლაშვილს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. მართალია ეს ამბავი?
- ნაცნობ-მეგობრებმა მითხრეს, რომ მათ შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა. უფრო ზუსტად, სააკაშვილმა გალახა კუბლაშვილი, რომელსაც ხელი არც კი შეუბრუნებია. თუმცა მე არ შემიძლია ეს დავადასტურო. ტყიბულის დათვალიერების შემდეგ სააკაშვილმა თითქოს პასუხი მოსთხოვა პავლე კუბლაშვილს, უთქვამს - საკუთარ სახლებს რომ იშენებდით, ტყიბულშიც რამე აგეშენებინათო. არც იმას გამოვრიცხავ, ეს ჭორი იყოს და აგორდა იმისათვის, რომ "კეთილი მეფის" მითი შეიქმნას, თორემ რაღა ახლა დაინტერესდა სააკაშვილი ტყიბულის მდგომარეობით? მან ხომ აქამდეც მშვენივრად იცოდა, რა ხდებოდა ტყიბულში და ისიც, ბეჟუაშვილებს დაქვემდებარებული ბიზნესი როგორ ექცევა ადგილობრივ მოსახლეობას, დაქირავებულ მუშახელს და პენსიონერებს. ვერ წარმომიდგენია, რომელიმე ჭკუათმყოფელმა თქვას, რომ ტყიბულში რაღაც არის გაკეთებული. ერთადერთი, რაც აშენდა, ეს არის პოლიციის გამჭვირვალე შენობა, ისიც ვანო მერაბიშვილის მიერ, რომელიც, ბოლო ხანს, პრაქტიკულად, მშენებლობის მინისტრად გვევლინება. ტყიბული და მის გარშემო არსებული სოფლები ძალიან მდიდარია ბუნებრივი რესურსით და თუ ხელისუფლება ნაკლებს წაართმევს ხალხს, ნორმალური მენეჯმენტის, ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია ამ პატარა ქალაქის აღორძინება და ფეხზე დაყენება. ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ტყიბულში ხალხი ასე საშინლად არ უნდა ცხოვრობდეს!

P.S. სამი დღის განმავლობაში ვცდილობდით, დავკავშირებოდით პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ პავლე კუბლაშვილს, ინტერვიუში მოყვანილ ფაქტებზე მისი კომენტარი რომ მოგვესმინა, თუმცა ამის საშუალება არ მოგვეცა, ვინაიდან ბატონმა პავლემ ჩვენს ზარს არ უპასუხა.