"კოალიცია "ქართული ოცნება" 26 ან 27 მაისს საარჩევნო კამპანიას იწყებს და ხალხმრავალი აქციის გამართვას ან მიხეილ მესხის სახელობის ან ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე აპირებს. საამისოდ განცხადება თბილისის მერიაში უკვე შეტანილია. თუმცა უგულავას უწყებაში გვიცხადებენ, რომ მათთვის ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. "თუ აქვთ განცხადება შემოტანილი, პასუხს მიიღებენ, თუ არა, აუცილებლად მერიაში უნდა შემოიტანონ", - აცხადებს მერიის მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი თეა შათირიშვილი, რომლის თქმით, "სავარაუდოდ, ეცოდინებათ, რომ პირველ სართულზე უნდა ჩააბარონ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიის დაწყებას მასშტაბური აქციით გეგმავს / "მხოლოდ ერთ ღონისძიებაზე არ არის ლაპარაკი, რამდენიმე ღონისძიება იგეგმება".
"პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" იწყებს საარჩევნო კამპანიას და მართავს ხალხმრავალ აქციას 26-27 მაისს. კოალიციამ ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით წერილით მიმართა ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნულის სტადიონისა და მ. მესხის სახელობის სტადიონის ადმინისტრაციებსა და ქ. თბილისი მერიას", - ნათქვამია "ქართული ოცნების" პრესსამსახურის ოფიციალურ განცხადებაში. თავად პრესსამსახურის უფროსმა მაია ფანჯიკიძემ კი აღნიშნა, რომ დაგეგმილი აქციის ძირითადი მონახაზია ცნობილი, რომლის შესახებაც ლაპარაკს ნაადრევად თვლის: "აქციას ვგეგმავთ 26 ან 27 მაისს იმის მიხედვით, რომელ სტადიონზე მოგვცემენ ნებართვას. როგორ იქნება აქციის ფორმატი, ამაზე ერთი თვის წინ საუბარი ადრეა". ამასვე ამბობს კოალიციის წევრი რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი", - აღნიშნავს გამოცემა.
"მხოლოდ ერთ ღონისძიებაზე არ არის ლაპარაკი, რამდენიმე ღონისძიება იგეგმება. ამ წუთას მხოლოდ ის გაცხადდა, რომ დაგეგმილია ასეთი ღონისძიებები. ფორმატი და გეგმები ცნობილია, მაგრამ დეტალების დაზუსტება ახლა მიდის. კონკრეტულად რა და რომელ რიცხვში იქნება, ამას მოგვიანებით გავავრცელებთ. მთავრი ისიც არის, რამდენად მოგვცემს იმ 2 სტადიონის ადმინისტრაცია ჩატარების ნებართვას, რომელსაც მივმართეთ. ამიტომაც ადგილის მიხედვით შეიძლება ღონისძიების ფორმატი შეიცვალოს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.
"მე არ ვარ საიმისოდ კომპეტენტური, რომ ვთქვა, აქვს თუ არა შესაძლებლობა "ქართულ ოცნება" გამართოს აქცია. ამას ვერც მე და ვერც სხვა წინასწარ ვერ გეტყვით. ამისთვის, როგორც გითხარით, განცხადება უნდა შემოიტანონ მერიაში, მოხდება საკითხის განხილვა და კანონის შესაბამისად პასუხის გაცემა", - განმარტავს "რეზონანსთან" საუბრისას თეა შათირიშვილი. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მერიაში განცხადების შეტანა მათ კურიერს გუშინვე დაევალა და შესაძლოა, "მერიისთვის ამის შესახებ ორშაბათს უკვე იყოს ცნობილი, - დასძენს გამოცემა.