"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალარჩეულ თავმჯდომარე, მანანა კობახიძეს ხელისუფლება პრორუსულ ორიენტაციაში ადანაშაულებს: სახელისუფლებო საინფორმაციო საიტებზე უკვე დაიწერა, თითქოს ის "ანტიამერიკანელი", "რუსეთუმეა" და ამას არც საკუთარ ინტერვიუებში მალავსო...
მინიდოსიე 2003 წელს თბილისის იურიდიული ინსტიტუტი დაამთავრა, 1990 წელს კი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ისტორიისა და პოლიტოლოგიის სპეციალობით. არის კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2002-დან 2003 წლამდე მუშაობდა კერძო საადვოკატო ბიურო "დარაკაში" იურისტად. ძირითადად, დაკავებულია ევროსასამართლოს ქვემდებარე, აგრეთვე საკონსტიტუციო, ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეებით. მის მიერ მოგებული საქმეებია: ფაცურია საქართველოს წინააღმდეგ, ალიევი საქართველოს წინააღმდეგ, ჯიმშერიშვილი და ბერიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ქეთევან ბახტაძე პარლამენტის წინააღმდეგ, შპს "უნისერვისი" პარლამენტის წინააღმდეგ, ონისე მებონია პარლამენტის წინააღმდეგ... 2003 წლიდან მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში "კონსტიტუციის 42-ე მუხლი". 2005 წელს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა. 2005-2009 წლებში იყო ამ ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე, 2009 წლის ივლისიდან კი - აღმასრულებელი დირექტორი და "დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სასამართლოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორია. ინტერესთა სფეროებია: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის საპროცესო სამართალი, ვალდებულებითი სამართალი. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. მისი რედაქტორობით გამოცემულია ბროშურა "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და თქვენი ფუნდამენტური უფლებები". მაინც როგორია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოლიტიკური ორიენტაცია? არის თუ არა ის ანტიამერიკელი? მოსწონს თუ არა კრემლის მიერ საქართველოს მიმართ გატარებული პოლიტიკა. მანანა კობახიძე: - ხელისუფლებასა და მის მიერ მართულ ტელევიზიას, პრესას და საინფორმაციო საიტებს ვურჩევ, გადახედონ იმ საქმეებს, რომლებიც "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ჩემი ხელმძღვანელობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ გაგზავნა. - რას გულისხმობთ? - ათეულობით დევნილის საჩივრის განხილვას. დევნილების ოჯახებში კარდაკარ დავდიოდი და მათგან პუტინის საწინააღმდეგო ჩვენებებს ვიღებდი. შედეგად ათეულობით სარჩელი მოვამზადე და სტრასბურგში გავგზავნე. სხვათა შორის, მქონდა შესაძლებლობა, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგადაც მედავა. ახალგაზრდა იურისტთა ორგანიზაციამ სწორედ ორი სახელმწიფოს - საქართველოს და რუსეთის ხელისუფალთა წინააღმდეგ მოამზადა საჩივარი, ჩვენ კი - მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ. მაშინ აზრადაც არ მოგვსვლია, რომ საქართველოს ხელისუფლება დარტყმის ქვეშ დაგვეყენებინა. თუ ამას პრორუსულობა ჰქვია, ვერაფერს ვიტყვი, თუ არა და, მითხრან, როდის მნახეს პუტინთან ან მედვედევთან შეხვედრისას, ან დამიმტკიცონ, რომ რუსული გრანტი მაქვს მიღებული. რაღაცაში მაინც ხომ უნდა გამოიხატებოდეს ჩემი პრორუსულობა?! ალბათ ასეთ რამეს იმიტომ მაბრალებენ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარე გავხდი. რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს: მის მიერ რუსეთში დაწყებულ ბიზნესზე რომ ლაპარაკობენ, ბენდუქიძის ბიზნესზე რატომ არაფერს ამბობენ?! ან საერთოდაც, რატომ ჩააბარეს კრემლს ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემა და თითქმის ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი?! თუ ბიძინა ივანიშვილის ზურგს უკან კრემლი იდგა, ეს მაშინ რატომ არ თქვეს, როდესაც ის ხელისუფლებას ეხმარებოდა და სახელმწიფო ინსტიტუტებისა თუ გზების მშენებლობაში სოლიდურ თანხებს დებდა?! - ამჯერად ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია, საინფორმაციო საიტი "პრესა.გე" წერს, რომ თქვენ ამერიკულ ინსტიტუტებს ქვეყნის განვითარებისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად მიიჩნევთ. - ამაში "რუსთავი 2"-მაც დამდო ბრალი. დღემდე ადვოკატი ვიყავი და ყველას ინტერესებს ვიცავდი, ვინც დახმარებისთვის მომმართავდა, მათ შორის იყვნენ როგორც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები, ისე "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრებიც. სხვათა შორის, ტელეკომპანია "კავკასიის" პირდაპირი ეთერის ჩაშლის ბრალდებით, 8 ადამიანი დღემდე უსამართლოდ იხდის სასჯელს. ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი, რომელსაც პირდაპირი ეთერი მიჰყავდა, დაზარალებულადაც კი არ ცნეს, ის მხოლოდ მოწმის სტატუსით დაკითხეს. არადა, დაზარალებულად ითვლება ჟურნალისტი, რომელსაც პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლიან. საინტერესოა, რატომ არ ცნეს დაზარალებულად ჯანგირაშვილი?.. დაზარალებული დავით აქუბარდია ამბობს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მართლაც მიაყენეს, მაგრამ ეს "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრებს არ ჩაუდენიათ. ყველა მოწმე ამას იმეორებს, იმ პოლიციელების გარდა, რომლებმაც "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წარმომადგენლები დააკავეს. "რუსთავი 2"-მა ექსტრემისტად და "რუსეთუმედ" იმის გამო მომნათლა, რომ უსამართლოდ დაკავებულ ადამიანებს ვიცავდი. - დღემდე ადვოკატური საქმიანობით იყავით დაკავებული. იმედი გაქვთ, რომ წარმატებას პოლიტიკაშიც მიაღწევთ? - მართალია - დღემდე ადვოკატი ვიყავი და ადამიანის უფლებებს ვიცავდი. ადამიანის უფლებები კი პოლიტიკასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის ავკარგიანობა იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რამდენად არის დაცული ადამიანის უფლებები. ამიტომ მივიჩნევ, რომ პოლიტიკისგან შორს არც აქამდე ვყოფილვარ. ბალერინა ან მომღერალი რომ ვყოფილიყავი, ამ მისიას არ ვიტვირთებდი, მაგრამ ახლა რატომ უნდა მეთქვა ამ შემოთავაზებაზე უარი?! სააკაშვილის ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ვედავებოდი. - წინასწარ იცოდით, რომ პარტიის თავმჯდომარედ თქვენ დაგასახელებდნენ? - არა, ეს ამბავი ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო. ერთი წუთითაც არ მიფიქრია, უარი მეთქვა ამ წინადადებაზე. - "ქართული ოცნების" საბჭოს წევრები ამბობენ, რომ ამ პოსტს დროებით დაიკავებთ... - დიახ, ეს მართლაც ასე იქნება, მაგრამ მერე რა?! სადაც საჭირო გახდა ჩემი ყოფნა, იქ ვარ. ერთი საათიც რომ ვიყო თავმჯდომარე, ვეცდები, ჩემი ფუნქცია ღირსეულად შევასრულო. - ვიდრე ამ პოსტზე იქნებით, გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მიიღებთ თუ უბრალოდ მითითებებს შეასრულებთ? - პარტიაში არის დისციპლინა. მე პოლიტიკური საბჭოს წევრი ვარ. საბჭოში კი, სადაც ძალიან ღირსეული ადამიანები არიან, გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით ვიღებთ. ნებისმიერ გადაწყვეტილებას დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე, ყველა წესის დაცვით მივიღებთ, მაგრამ ყველაფერი შეთანხმებული იქნება ბიძინა ივანიშვილთან. - პარტიის სიაში პირველი ნომერიც ის იქნება? - დიახ, პირველი ნომერიც ის იქნება და როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, პრემიერ-მინისტრის პოსტსაც ის დაიკავებს. |