გადაფხიკე და წააგე!

გადაფხიკე და წააგე!

მართალს ამბობს ბატონი დიმიტრი მონიავა _ სააკაშვილზე წერა მოსაწყენი გახდა. უკვე იმდენი სისულელე თქვა, რომ მისი სიტყვიერი ფაღარათის კომენტირება ისეთივე მყრალ სუნს იკიდებს, როგორც ბათუმის «რადისონის» უკანა ეზოში გატანილი «ნაციონალური» ფეკალიები. თუმცა მახათას მთაზე ნეტარი სახით მდგარმა ქვეყნის პირველმა პირმა ყველა საკუთარი ადრინდელი რეკორდი და მიღწევა მოხსნა, თან ისე, რომ სიტყვით არ (ვერ) გამოსულა. 

სამაგიეროდ, «სიტყვით კი არა სიტყვებით» გამოვიდა დედა ენის დღესთან დაკავშირებით ბოლნისში, როცა პროგრამის «ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის» მონაწილე პედაგოგებს და ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ მოსწავლეებს შეხვდა. სააკაშვილი რის სააკაშვილი იქნებოდა, იქაც რომ სინგაპურზე არ ელაპარაკა და ამ ლაპარაკ-ლაპარაკში ისიც წამოსცდა, რას გულისხმობს, როცა ამბობს, რომ საქართველო სინგაპური უნდა გახდეს:

«ამას წინათ სინგაპურში მქონდა შეხვედრა და ესაა პატარ-პატარა ერებისგან შემდგარი ყველაზე პატარა სახელმწიფო, ამიტომაცაა წარმატებული. ახლაა ყველაზე მდიდარი და ადრე იყო უღარიბესი. შიმშილით კვდებოდნენ. მაშინდელ ყველაზე ჩამორჩენილ აფრიკულ სახელმწიფოზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდათ. ახლა უმდიდრესი და ძალიან განვითარებულია. სხვათა შორის, შესახედავად ქალაქი ძალიან ჰგავს ბათუმს და ბევრი ელემენტი აქვს საერთო ბათუმთან, არა მხოლოდ კლიმატი, არამედ უცხოური, კოლონიური ელემენტები და საყოფაცხოვრებო მომენტები. იქ ვეკითხებოდით ხალხს (შეხედავ, ჩვეულებრივი შავკანიანი ადამიანია): _ თქვენ ვინა ხართ? გვეუბნებოდა: – მე სინგაპურელი ვარ. – წარმოშობით საიდან ხარ? –წარმოშობით ჩემი ბებია-ბაბუა ინდოეთიდან. ვეკითხებით: _ კი მაგრამ საიდან? – რა ვიცი, აღარც მახსოვს, არც მაინტერესებს, მე ხო სინგაპურელი ვარ და ძაან ვამაყობ, რომ სინგაპურელი ვარ».

ასე და ამგვარად, სააკაშვილს საქართველო ერთ ქალაქად (სავარაუდოდ, ბათუმად ან ქუთაისად) წარმოუდგენია, რომელშიც ეს აზერბაიჯანელი და სომეხი ბავშვები (ქართველები ხომ _ თავისთავად!) ზუსტად ასე უპასუხებენ: «არ ვიცი, არ მახსოვს, წარმოშობით ვინა ვარ და არც მაინტერესებს»!

და ასეთი საქართველო, სააკაშვილის აზრით, წარმატებული და მაძღარი იქნება, რადგან «პატარ-პატარა ერებისგან შემდგარი ყველაზე პატარა სახელმწიფო» იქნება.

მერმე და მერმე სააკაშვილი ჩვეულმა ტრაბახმა აიტანა: «ორი წლის წინ სულ რაღაც 3 ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. შარშან იყო 200, წელს არის 6 ათასი. ესე იგი, მასობრივად ვრცელდება ქართულის ცოდნა და ჩვენი გეგმაა, რომ 2015 წელს იმ სოფლებში, სადაც აქამდე არ იცოდნენ ქართული, 100 პროცენტი იყოს ქართულის მცოდნე. ეს ძალიან ამბიციური გეგმაა, მაგრამ ჩვენ უკანსვლა არაფერზე არ გვაქვს და ყველა ამბიციურ გეგმას ვასრულებთ».

სააკაშვილს «ზადნი რომ არა აქვს», მანამდეც კარგად იყო ცნობილი, მაგრამ ამჯერად უკვე მუხრუჭებმაც უმტყუნა და ტოლერანტობის «ერთი მსახიობის თეატრი» გამართა ბოლნისში. თან არც ის დაავიწყდა, შეეხსენებია ყველასთვის, რომ არც 2013 და არც 2015 წელს ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებს. «ყველა ამბიციური გეგმის შესრულება» კი იქვე დაიწყო: «საქართველოში ყველა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი ერთნაირად უნდა გრძნობდეს თავს. საქართველო ეკუთვნის ყველას და, ვისაც უნდა საქართველოს დაყოფა ეთნიკურად ქართველებად და არაქართველებად, ეს ყველაფერი საქართველოს მტერს ემსახურება, ეს არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ, ვისაც უნდა საქართველოს დაყოფა სხვადასხვა აღმსარებლობის მხრივ, ასევე პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, მაგარ ქალაქელებად და სოფლელებად, მაგარ უბნელებად და მეორეხარისხოვან უბნელებად, ის ემსახურება საქართველოს მტერს. იმიტომ, რომ ზუსტად ასე გვმართავდა საქართველოს მტერი საუკუნეების განმავლობაში».

იმის შესახებ, რომ იმ მტერს თავად სააკაშვილი ჯერ «გრაჟდანკაზე» პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის კომკავშირის მდივნად ემსახურებოდა, ხოლო შემდეგ _ სსრკ სასაზღვრო (ანუ სუკის) ჯარში ავტომატით ხელში, მას ბავშვებთან არ წამოსცდენია. სამაგიეროდ წამოცდა ის, რაც ყველამ ვიცით, მაგრამ პრეზიდენტისგან ერთობ სახალისო მოსასმენია: «როდესაც პარლამენტის წევრი ვიყავი, მაშინაც ბევრი იყო (აქ მიხვდა, რაც თქვა და გამოასწორა), უფრო სწორად ბევრად მეტი ტვინმოღრეცილი იყო და მაშინ ამოვიღეთ ჩვენ პასპორტიდან ეთნიკურობის გამოხატვა».

ეს თვითაღიარებითი ჩვენება უთუოდ ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, განსაკუთრებით კი იმის მითითება, რომ პასპორტიდან ეროვნების ამოღება სწორედ ტვინმოღრეცილი დეპუტატების დამსახურება ყოფილა. თუმცა მთავარი ახლა იწყება. ყური მიუგდეთ: «საქართველო იმდენად მრავალშრიანი ქვეყანაა, რომ კარგად რო მოფხიკო, ყველა სხვადასხვა წარმომავლობის შეიძლება აღმოჩნდეს. დაქსაქსულობა იყო, სხვადასხვა დამპყრობელი ჩამოდიოდა, ვაჭრობის გზები გადიოდა». არ აჩქარდეთ და მართლა არ მოფხიკოთ, თორემ სვანისა არ იყოს, კეზერაშვილის ლატარია რომ ითამაშა, უთუოდ წააგებთ. ახლა არ დაიწყოთ იმის ლაპარაკი, მიშამ დედები და ბებიები შეგვიგინაო, კაცი საკუთარ თავზე ლაპარაკობს და დედამისმა იდარდოს, თუ რამეა: «არჩევნების წინ შევარდნაძე და მისი ხროვა, რომელიც ახლა უკან ცდილობს დაბრუნებას, აზერბაიჯანულ სოფლებში ავრცელებდა ვიდეოკლიპს, სადაც ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სომეხი».

სააკაშვილი ადრე იმასაც ამბობდა, ვისაც ეზიზღება სომხები, მათთვის სომეხი ვიქნებიო, მაგრამ ერთხელაც არ უთქვამს, ვისაც ქართველები და მართლმადიდებლები ეზიზღება, მათთვის მართლმადიდებელი ქართველი ვიქნებიო! სამაგიეროდ, თავს დავით აღმაშენებელს ადარებს, რომელიც «დადიოდა მეჩეთში, სინაგოგაში, სხვადასხვა ქრისტიანულ ეკლესიაში და მოვალედ თვლიდა თავს, რომ ყველასთან თანასწორი მოპყრობა ჰქონოდა. და დღეს ვითომ თავი რომ ჰგონია ვიღაცა და აქ რაღაცას წამომაძახებს, ეს ის ხალხია, ვინც თავის დროზე დავით აღმაშენებელმა ამოძირკვა თავისი რეფორმების შედეგად. და ზუსტად ასე ამოვძირკვავთ ამ მენტალიტეტს საქართველოში და ამოვძირკვავთ ჩვენი რეფორმების შედეგად».

ჯერჯერობით ამ მრისხანე ტირადის ავტორმა მხოლოდ თავად დავით აღმაშენებლის (სხვა დიდ ქართველებთან ერთად) ძეგლების ამოძირკვა მოახერხა. არა, სააკაშვილი სომეხი არ არის. ჯერ ერთი იმიტომ, რომ დედამიწის ზურგზე ასეთ სულელ სომეხს ვერ იპოვი; მეორეც _ არც ერთ სომეხს არ მოუვა თავში, მაგალითად, საკუთარი მეფის ძეგლის ადგილზე ველოსიპედი დადგას. ეგეც რომ არ იყოს, თბილისელი სომხები სიმწრით კითხულობენ: _ 2003-ში, რომ მოგწონდათ, ქართველი იყო და ახლა გახდა სააკაშვილი სომეხიო?

საბჭოთა დროს საქართველოს აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში სოციოლოგიური კვლევა ჩაუტარებიათ და შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ღმერთი, 99 პროცენტს უარყოფითი პასუხი გაუცია. ბოლნისში სააკაშვილთან შეხვედრაზე მიყვანილი ბავშვები იმ გამოკითხულთა შვილიშვილები არიან და მათაც ზედმიწევნით ზუსტად იციან, რა პასუხი უნდა მიაგებონ შლეგ მეფეს:

«მოგესალმებით, ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, რადგან კავკასიაში ვცხოვრობთ, ჩვენ ერთნაირები ვართ, ანუ კულტურის მხრივაც, ლიტერატურის მხრივაც. მე აზერბაიჯანელი ვარ, მაგრამ ქართულს ვსწავლობ აღტაცებით. საქართველოში ვცხოვრობ და მინდა მომავალშიც აქ გავაგრძელო ცხოვრება. მეც ვარ საქართველოს პატრიოტი და მინდა, რომ უკეთესად ვისწავლო ქართული ენა».

«მე ვცხოვრობ ჯავახეთში. მე ძალიან მიყვარს ქართული ენა და მინდა, რომ კარგად ვისწავლო. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება მინდა უნივერსიტეტში».

დასწავლილ პასუხში მოსწავლეებს ტოლს არც ქართული ენის მასწავლებელი უდებს: «თითოეული მოსწავლე ძალიან კარგად ხვდება, რას აკეთებს სახელმწიფო მათთვის და ვფიქრობ, ეს მადლობა გამოხატეს სწორედ ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციით».

სააკაშვილსაც მეტი რა უნდოდა, გული აუჩუყდა და გამოტყდა: «ასეთი მელოდიური ენით არც ერთი ჩემი მთავრობის წევრი არ ლაპარაკობს, ყოჩაღ»! შემდეგ ბევრი ილაპარაკა იმაზე, რომ ჩვენ ვართ უზარმაზარი პლასტების ერი, მაგრამ ამ ერის ახალი შრე «ესაა ზუსტად ყველა ეთნიკური წარმომავლობის, ყველა აღმსარებლობის, მისი მოქალაქეების და პლიუს მენტალიტეტის და ეს ახალი მენტალიტეტი სწორედაც ამ მასწავლებელებშია გამოხატული, რომლებისთვისაც პირად ინტერესებზე მაღლა სახელმწიფოს ინტერესების დაყენება მხოლოდ წიგნში წაკითხული არაა. ყოველდღიურად ამას სამშობლოს კეთილდღეობისთვის აკეთებენ».

ამ ბოდვითი იდეების ციტირება, როგორც დასაწყისში ვთქვი, უკვე მოსაწყენიცაა და სახიფათოც, მაგრამ თავ-გზა აბნეული ლიდერის სულ უფრო გაუგებარი გამოსვლების მოსმენა, ალბათ, ის საფასურია, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ სრულად უნდა ზღოს, ყოველ შემთხვევაში, ვიდრე ერთი ადამიანი მაინც არის დარჩენილი, რომელიც იტყვის: «სამაგიეროდ შუქი მოგვცა და გზები დააგო».

სააკაშვილი და მისი «მოქკავშირელი» ამფსონები შევარდნაძეს 1995 წელს სწორედ იმას უქებდნენ, რომ მან შეიარაღებული ბანდების თარეში აღკვეთა და იარაღი ამოიღო. ახლა, არჩევნების წინ სააკაშვილის ხელისუფლება მოსახლეობაში იარაღს არიგებს, საკუთარ ჯარს ავღანეთში გზავნის, ხოლო სოფლების «დაცვას» მოსახლეობას ავალებს. სააკაშვილმა იმ შეხვედრაზე იტრაბახა, რომ აზერბაიჯანულ და სომხურ სოფლებში ყველა მამაკაცი ჩაწერეს რეზერვისტთა რიგებში: «ჩვენ ამ ხალხს ვწერთ, ვურიგებთ იარაღს სოფლებში, პოლიციის განყოფილებებში, რომ მათ დაიცვან სოფელი, იარაღი ჰქონდეთ ხელში. ისინი მზად არიან თავიანთი სოფლების დასაცავად, მათი ქვეყანა კი მზადაა, მათ იარაღი გადასცეს და ანდოს. იმიტომ, რომ ისინი არიან სრულფასოვანი პატრიოტები და მოქალაქეები. ეს შეუძლებელი იქნებოდა 10 წლის წინ». 

თეატრალური ანდაზაა, რომ, თუ პირველ მოქმედებაში კედელზე თოფი კიდია, ფინალში იგი აუცილებლად გავარდება. რას ემსახურება არჩევნების წინ მოსახლეობის შეიარაღება, რთული გამოსაცნობი არ არის. სააკაშვილი ტახტიდან გადმობრძანებას არ აპირებს და მისთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში იგი ისევე წაუკიდებს ცეცხლს საქართველოს, როგორც აღმშენებლობის ჟინით შეპყრობილმა ნერონმა გადაწვა რომი. ამისთვის იგი არც ქართველების სისხლს გაუფრთხილდება და არც სომხების ან აზერბაიჯანელების. თავად რა ლომგულიც არის, ეს 2008 წლის აგვისტოში კარგად გამოჩნდა. სააკაშვილის მოფხეკას კი ნამდვილად არ გირჩევთ. ამას სჯობს, შეღებო და გადააგდო, სუნს მაინც არ აუშვებს.