მე-16 მსხვერპლი - რას ეწირებიან ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში

მე-16 მსხვერპლი - რას ეწირებიან ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში

თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი გარდაიცვალა. სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქდა. ეს პროვინცია ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია და ქართველი ჯარისკაცების უმრავლესობა სწორედ იქ მსახურობს.

ხუჯაძე ავღანეთში დაღუპული მეთექვსმეტე ქართველი ჯარისკაცია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ავღანეთში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცების მაღალმა სტატისტიკამ, შესაძლოა, საზოგადოების უკმაყოფილება და საქართველოს სამხედრო ძალებში მსახურების მსურველთა შემცირება გამოიწვიოს.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წევრი თეონა აქუბარდია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ თუკი ხელისუფლებამ სწორი საინფორმაციო პოლიტიკა არ შეიმუშავა, შესაძლოა, ავღანეთში ქართველი სამხედროების ყოფნის მოწინაღმდეგეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

"როცა ხელისუფლებამ ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების რიცხვის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ ამ საკითხს არც პარლამენტში მოჰყოლია დიდი განხილვა და საზოგადოების ინტერესიც მაღალი არ ყოფილა.სამწუხაროდ, ეს თემა მაშინ აქტიურდება ხოლმე, როცა ავღანეთში გარდაცვლილი კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცის შესახებ ვიღებთ ინფორმაციას.

"ბუნებრივია, საზოგადოების იმ ნაწილის რიცხვი, რომელიც ავღანეთში ქართული ჯარების ყოფნის წინააღმდეგია, ჯარისკაცების გარდაცვალების მაღალი სტატისტიკის გამო გაიზრდება. თუმცა, მე ამ საკითხზე რაიმე მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას გამოვრიცხავ, რადგან ქართულ საზოგადოებას უამრავი სხვა სოციალური, ეკონომიკური პრობლემა აქვს.

"ავღანეთში ქართული ჯარების არსებობის მოწინააღმდეგეთა რიცხვის მატება განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში გამართული დისკუსიებიდან ჩანს.

ამ დამოკიდებულების შესაცვლელად ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მოიფიქროს ავღანეთში ქართულ სამხედრო მისიასთან დაკავშირებით საზოგადოებასთან ურთიერთობის რაიმე სხვა ფორმა.

"აუცილებელია მკაფიოდ და კარგად აუხსნან მოსახლეობას, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ჯარების ავღანეთში ყოფნას. ყველა ნორმალურ ქვეყანას, ვინც ავღანეთის მისიაში მონაწილეობს, აქვს კარგად შემუშავებული სტრატეგია იმისა, თუ როგორ უნდა ეურთიერთოს თავის მოსახლეობას და როგორ უნდა მიაწოდოს სწორი ინფორმაცია ამ თემაზე. ამგვარი სტრატეგია კი ჩვენს თავდაცვის უწყებას არ აქვს", - ამბობს აქუბარდია.

მისივე თქმით, ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების რიცხვის ზრდამ, შესაძლოა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ნატოსადმი პოზიტიური განწყობაც შეუცვალოს:

"არასწორია ხელისუფლების რიტორიკა, რომლის მიხედვითაც ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში მხოლოდ იმისთვის არიან, რომ ნატოში შესასვლელი ბილეთი მოგვიპოვონ. ნატო მხოლოდ სამხედრო ალიანსი არაა, ის სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანებაა. ერთია ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და მეორე - პოლიტიკა და ეს კარგად უნდა გვესმოდეს.

"ნაციონალურ არხებზე ჩვენ ხშირად ვისმენთ განცხადებებს, რომ ავღანეთში ქართული მისიის არსებობა საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთანაა დაკავშირებული. საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც ამ რიტორიკას გამუდმებით ისმენს, ბუნებრივია, ის ფაქტი, რომ ავღანეთში უკვე 16 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, შესაძლოა გახდეს ნატოსადმი არსებული პოზიტიური განწყობების შეცვლის საბაბი.

"ეს პროპაგანდა თუ გაგრძელდა, შესაძლოა საზოგადოებას გაუჩნდეს კითხვა - გვინდა კი ჩვენ ნატო ამდენი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის ფასად?! იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, აუცილებელია ხელისუფლებამ შეიმუშაოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია", - ამბობს აქუბარდია.

ამგვარ საფრთხეებს ვერ ხედავს ექსპერტი ზურაბ აბაშიძე, რომლის თქმითაც ქართული საზოგადოება ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების ყოფნის აუცილებლობას კარგად აცნობიერებს. შესაბამისად, ჯარისკაცების გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა, ქართული საზოგადოების ნატოსადმი განწყობაზე არ იმოქმედებს:

"ეს ქართული საზოგადოებისთვის უაღრესად მტკივნეული თემაა. ავღანეთში დაღუპული ყველა ქართველი ჯარისკაცი ისტორიაში შევა, როგორც გმირი, რომელმაც თავი საქართველოსთვის გაწირა. ჩვენი საზოგადოების ყოველი წვერი ამ სამშვიდობო ოპერაციის დასრულებასა და ჩვენი ჯარისკაცების დაბრუნებას ელოდება.

"მე მგონი, საზოგადოების უდიდესი ნაწილი კარგად აცნობიერებს ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში ყოფნის აუცილებლობას და აქედან გამომდინარე, არ მგონია გაიზარდოს იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ჩვენი ჯარების სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის წინააღმდეგია.

"თუ საზოგადოებას ექნება სწორი განცდა ისტორიული მომენტისა, იმისა, თუ სად ვართ და საით მივდივართ, მაშინ სწორედ უნდა აცნობიერებდეს ავღანეთში ჩვენი ჯარების ყოფნის აუცილებლობას. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას აცნობიერებს. ამიტომ არ მგონია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების მაღალმა სტატისტიკამ რაიმე გავლენა მოახდინოს ქართული საზოგადოების ნატოსადმი პოზიტიურ დამოკიდებულებაზე", - ამბობს აბაშიძე.

კიდევ ერთი პრობლემა, რასაც თეონა აქუბარდია ჩვენთან საუბარში ეხება, ისაა, რომ შესაძლოა, ჯარისკაცების გარდაცვალების მაღალმა მაჩვენებელმა მიგვიყვანოს იქამდე, რომ საქართველოს სამხედრო სამსახურში ყოფნა სულ უფო ცოტა ადამიანს მოუნდეს:

"ჯარისკაცები ფაქტობრივად ჩაკეტილ წრეში არიან. სამშვიდობო მისიების შესახებ კანონში წერია, რომ ჯარისკაცების სამშვიდობო მისიებში წასვლა ნებაყოფლობითია. მას შემდეგ რაც ხელისუფლების გადაწყვეტილებით სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა გაიზარდა, ბუნებრივია, სახელმწიფოს ავღანეთში წამსვლელი უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურე დასჭირდა. თუკი ვინმე, გარკვეული მიზეზების გამო, უარს იტყვის ავღანეთში წასვლაზე, თავდაცვის სამინისტრო მას დისციპლინარული წესების დარღვევისთვის კონტრაქტს გაუუქმებს. 

"მოგეხსენებათ, საქართველოში უმუშევრობა საკმაოდ დიდი პრობლემაა და არავის, მათ შორის სამხედრო მოსამსახურესაც, ბუნებრივია, არ სურს უმუშევრად დარჩენა. ისინი, უნდათ თუ არ უნდათ, იძულებულნი არიან ავღანეთში წასვლას დათანხმდნენ. ეს ყველაფერი ძალდატანებით ხდება, რაც ვფიქრობ, ამ ჯარისკაცების უფლებების დარღვევაა.

"ამ ფონზე, იმ ფაქტმა, რომ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების რიცხვი იზრდება, შეიძლება მიგვიყვანოს ერთადერთ შედეგამდე - თავდაცვის სასმინისტროში საკონტრაქტო სამხედო სამსახურის მსურველთა რიცხვი შემცირდება".