მაისის დასაწყისიდან მაისის ბოლომდე - იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რეგიტრაციის თარიღად სწორედ ეს დრო დაასახელა. მისივე მოსაზრებით, პარტიის დარეგისტრირებისას ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურად ბარიერების შექმნა მხოლოდ თეორიულად არის დასაშვები. რეალურად კი იურისტს, ივანიშვილის მოქალაქეობის მინიჭების "გაკვეთილიდან" გამომდინარე, მოლოდინი აქვს იმისა, რომ პარტიას რეგისტრაციაში ყოველგვარი ხელოვნური ბარიერის გარეშე გაატარებენ.
პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მანანა კობახიძემ გუშინ "პრესაგე.ტვ"-ს პრესკლუბში განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" იუსტიციის სამინისტროში ამ კვირაში შეაქვს განაცხადი პარტიის რეგისტრაციის თაობაზე.
კობახიძე არ გამორიცხავს, რომ იუსტიციის სამინისტრომ ხელოვნური ბარიერები შექმნას და პარტიის რეგისტრაციაზე უარი თქვას.
"ამისთვისაც მზად ვართ. ფაქტია, რომ ჩვენს წევრებსა და მხარდამჭერებს ხელისუფლება პრობლემებს უქმნის და ამის ნათელი დადასტურებაა გუშინდელი ბრიფინგი ქალბატონისა, რომლის შვილიც აგვისტოს ომში დაიღუპა," - განაცხადა კობახიძემ.
როგორც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი "რეზონნსთან" საუბრისას განმარტავს, პარტიის დასარეგისტრირებლად დამფუძნებელი ყრილობის ჩატარების შემდეგ საჭიროა იუსტიციის სამინისტროში შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:
განცხადება რეგისტრციის შესახებ პარტიის ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით, ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ყრილობის ოქმი, პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია თავისი ხელმოწერებით, პარტიის წესდება, ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის შესახებ, წარმომადგენლობითი პირის ხელმოწერის ნიმუში, პარტიის ბეჭდის, ემბლემის, სიმბოლიკის ესკიზები, თუ ასეთი პარტიას გააჩნია.
თვითონ ეს დოკუმენტები კი იუსტიციის სამინისტროს უნდა წარედგინოს დამფუძნებელი ყრილობის შემდეგ ერთი კვირის ვადაში.
იურისტის თქმით, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ხელისუფლების მხრიდან პარტიისთვის შეფერხებების ხელოვნურად შექმნა მხოლოდ თეორიულად დაუშვა.
ზაქარია ქუცნაშვილი: "ჩვენს ქვეყანაში ყველა შემთხვევა უნდა დაუშვა. თუკი არ დაუშვებ, მიამიტ ადამიანად ითვლები. ამიტომაც იურისტები ყველა შემთხვევას დასაშვებად მივიჩნევთ. ქალბატონმა მანანამაც ეს თქვა დაშვების დონეზე. მით უმეტეს, რომ ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა საკმაოდ გააუჭინაურა."
იურისტის განმარტებით, იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია წარდგენილი დოკუმენტების სისწორე და, მეორე მხრივ, პარტიის რეგისტრაციის საკითხი გადაწყვიტოს ამ დოკუმენტების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
"ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერაფერი ვერ წარმოადგინეს ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების მოთხოვნაზე. ამ დროს უნდა წარმოედგნათ ის არგუმენტი, რომ ეს პროცესი ვერ აკმაყოფილებს კანონის რომელიმე მოთხოვნას. ასეთი კი ვერაფერი მოძებნეს და აწარმოეს პიარ-კამპანია, რომ თურმე ნატურალიზაციის გზით უცხოეთის მოქალაქეს მოქალაქეობის მიღების მოთხოვნის უფლება არ აქვს. კანონში რომ ასეთი რამე ეწეროს, ასეთი ვერც კანონი და ვერც მუხლი ვერ დაასახლეს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ქუცნაშვილი ამასაც ამატებს:
"ვფიქრობ, რომ ისეთი მწარე გაკვეთილი მიიღო ხელისუფლებამ მოქალაქეობის აღდგენის ნაწილში ხელოვნული პრობლემების შექმნის სახით, რომ ისინი პარტიას რეგისტრაციაში აუცილებლად გაატარებენ. როგორც ყველამ ნახა, ხელისუფლებამ ივანიშვილის მოქალაქეობის მინიჭების საქმეში თავად დაიწყო გამოსავლის ძიება და ეს მოხდა დაუყოვნებლივ, როგორც კი გამოქვეყნდა სამოქალაქო რეესტრის ე.წ. უარყოფითი დასკვნა.
"ანუ, თვითონ დაიწყეს გამოსავლის ძიება ისეთნაირად, რომ საზოგადოების თვალში არ გამოჩენილიყვნენ უკანდამხევ, კანონდამრღვევ ბიჭებად. სინამდვილეში ყველა მოაზროვნე და ყველა გონებამახვილი ადამიანი ხვდება, რომ კანონდარღვევასაც ჰქონდა ადგილი და პიარით რაც არ უნდა ფუთონ, მაინც უწევთ მოქალაქეობის მიცემა.
"ასე რომ, ეს გაკვეთილი, მგონია, რომ ხელისუფლებისთვის კარგი იქნება იმისათვის, რომ საკუთარი თავები არ შეიყვანონ მორიგ ჩიხში. ამიტომაც ქალბატონ მანანას ვეთანხმები, რომ პარტიის დარეგისტრირებაში ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურად ბარიერების შექმნა მხოლოდ თეორიულად არის დასაშვები, მაგრამ რეალურად მე არ ველოდები იმას, რომ რეგისტრაციაში არ გაგვატარებენ."
ამ დროისთვის პარტიას ყველა საჭირო დოკუმენტაცია აქვს, რომლებსაც იუსტიციის სამინისტროში უახლოეს დღეებში წარადგენს.
ზაქარია ქუცნაშვილი: "ყველა საჭირო დოკუმენტაცია მზად არის. ყრილობის თავმჯდომარემ და ყრილობის მონაწილეებმა ყველა პროცედურა დავიცავით იმისათვის, რომ ფორმალური წესების დაუცველობის საბაბი არ მიგვეცა. საჭიროდ ჩავთვალეთ ყველა საჭირო პროცედურების გავლა და ამიტომაც გაგრძელდა ეს კენჭისყრის პროცედურები."
ქუცნაშვილი პარტიის რეგისტრაციის თარიღად მაისის დასაწყისიდან არაუგვიანეს 29 მაისს ვარაუდობს.
ზაქარია ქუცნაშვილი: "მათ შეუძლიათ ჩვენი წარდგენილი განცხადება თანდართული დოკუმენტებით წარდგენიდან მეორე-მესამე დღეს განიხილონ, ან ბოლო დღეს. ჩვენთან ხომ ასეთი პრაქტიკაა დამკვიდრებული - უფლება გაქვს 30-ე დღეს გასცე პასუხი. ამ უფლებას ბოროტად იყენებენ. აქაც შეუძლიათ 29-ე დღეს გვითხრან პასუხი. ჩვენ ასე შეგვიძლია შევადგინოთ კალენდარი, რომ მაისის თვის დასაწყისში, ყველაზე ცუდ ვარიანტში კი - მაისის თვის ბოლოს ყველა შემთხვევაში მოუწევთ პასუხის გაცემა."