რა გადაცემებით გადის ეთერში

რა გადაცემებით გადის ეთერში "მეცხრე არხი?!"

"არის, ასრულდა ოცნება!" - ამ ფრთოსანი ფრაზით შეეგებნენ "ფეისბუქზე" ახალ ამბავს. ზოგმაც, ამ დანაპირებში ეჭვი შეიტანა, ჯერ კარგად ჩამოყალიბდით და მერე თქვითო, მაგრამ ძირითადად, მაინც სიხარულით შეხვდნენ ოთხშაბათს, "მეცხრე არხის" "ფეისბუქური" გვერდის განცხადებას - "მეცხრე არხის" საცდელი მაუწყებლობა დაიწყება 30 აპრილს, 21:00... "მეცხრე არხის" ეთერში გასვლის ისტორია, ერთგვარად, ცხვრებისა და მგლის ამბავს ჰგავს, იმდენჯერ ითქვა მაუწყებლობის ჩართვის თარიღი და იმდენჯერ აღარ ასრულდა, რომ უკვე დაჯერებაც რთულია. მოკლედ, ივანიშვილის "მეცხრე არხი" მაუწყებლობას მართლაც იწყებს, საცდელს, მაგრამ მაინც. მზად არის, არხის ლოგო, სლოგანი, სარეკლამო ტიხრები, ცნობილი გახდა, ასევე მთავარი მესიჯი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ სატალევიზიო სივრცეში, ეთერში გასვლამდე, ასე, წინასწარ დეკლარირებული არხის პოლიტიკა არავის გაუმჟღავნებია. მართალია, ყველა ქართული არხი კონკრეტული მესიჯებით გამოჩნდა ეკრანზე, მაგრამ ასე ორგანიზებული არ ყოფილა (როგორც ჩანს, ასეთი შემოსვლისთვის ემზადებოდნენ ამდენ ხანს). ეს ყველაფერი კი იმაზე მიანიშნებს, რომ ივანიშვილს, მის მეუღლეს, რომელსაც ეს არხი ეკუთვნის, "ქართულ ოცნებას", კოალიციასაც და პარტიას, ე.წ. ბიძინისტებს სჯერათ, რომ "მეცხრე არხმა" განსაკუთრებული მისია უნდა შეასრულოს. ერთ-ერთი მთავარი მესიჯი ასეთია - "ჩვენ ხელს შევუწყობთ ქართულ მედიაში თავისუფალი საინფორმაციო სივრცის შექმნას და ინფორმირებულ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის" და კიდევ - "ჩვენ გვსურს, გავხდეთ თავისუფალი სიტყვის და სამართლიანობის გზამკვლევი". რატომ ჰგონიათ, ასეთი ხმამაღალი, ივანიშვილისთვის დამახასიათებელი იმპერატიული და მენტორული ტონი სლოგანს ამშვენებს? საქმე დაგვანახეთ, საქმე! ან კიდევ, რატომ ჰგონიათ, რომ "მეცხრე არხის" სახით ქართულ მედიას მხსნელი მოევლინა (ესეც, სხვათა შორის, ივანიშვილის პოზიციაა, კაცმა არ იცის, რატომ თვლის, რომ ქართველი ჟურნალისტები, თანაც ყველას ერთ ქვაბში ხარშავს, მისი გადასარჩენი არიან, ის მედიის მესიააა???). ჯერ გვანახვეთ, რისი გამკეთებლები ხართ და თავისუფალი სიტყვისა და სამართლიანობის გზამკვლელობაზე მერე ვილაპარაკოთ...

"მეცხრე არხის" ერთ-ერთი სლოგანი კი ასეთია - "ყველაფერი შეკითხვით იწყება!", ისეთი შეკითხვით, რომელიც ივანიშვილს ეამება? ბატონ მილიარდერს ხომ ესეც ახასიათებს, ჟურნალისტებს კითხვის ფორმასა და შინაარსს უწუნებს, კარნახობს როგორ და რა კითხვა უნდა დასვან, ინსტრუქციებითა და შეგონებებით "ნაცების" მიერ კონტროლირებად და მართლაც, თავისუფალ ჟურნალისტებსაც, ერთნაირად მოძღვრავს და ისევ მხსნელად ცდილობს, მოგვევლინოს...

ყველაფერი წინ არის, 30 აპრილიდან ვნახავთ, ვინ რისი გზამკვლევი და ხელშემწყობია. მანამდე კი "ალია" საცდელი მაუწყებლობის დეტალებით დაინტერესდა, ჰო, მართლა, სანამ არხის გენერალურ დირექტორს კახა ბექაურს დავუკავშირდებოდი, "მაესტროსა" და "მეცხრე არხის" ხელმძღვანელობას შორის ერთგვარ დაპირისპირებაზე შევიტყვეთ. ამის შესახებ, ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემა წერს. თითქოს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილი-ხვედელიძის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვება 9 საათზე დაიწყება, "მაესტროს" დამფუძნებელსა და ბექაურს შორის ჩხუბიც კი მოხდა, მაყურებელს წაგვართმევთ, ჩვენს ჩაძირვას ცდილობთ, სხვა დრო აარჩიეთო. ცხადია, იქვე, ბექაურმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

საბოლოოდ, რა გადაწყვეტილება მიიღო "მეცხრე არხის" ხელმძღვანელობამ და როგორ იწყებს მაუწყებლობას?

"ალია" დეტალების გასარკვევად "მეცხრე არხის" გენერალურ დირექტორს, კახა ბექაურს დაუკავშირდა:

- ეთერში მართლაც 30 აპრილს გავდივართ და ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა. როგორც იცით, ეს იქნება საცდელი მაუწყებლობა. ყოველ დღეს, 9 საათზე გავა საინფორმაციო გამოშვება ნათია ლაზაშვილთან ერთად, 10 საათზე ეთერში იქნება გოგი ახალკაცის ტოქშოუ, 11 საათზე გავა თოჯინური ფორმატის პოლიტიკური სატირა - "ინფარქტი", რომელსაც შალვა რამიშვილის სტუდიასთან ერთად ვაკეთებ. დღისით იქნება საინფორმაციო ორი გამოშვება - 3 და 6 საათზე, რომელსაც სოფო ჩაკვეტაძე წაიყვანს. ასე იმაუწყებლებს, შეზღუდული ფორმატით, დღის 12- დან ღამის 1- ელ საათამდე, დანარჩენი შეივსება ფილმებით.

"მეცხრე არხის" ნახვა მხოლოდ "გლობალ ტვ"- ს მფლობელებსა და სატელიტური ანტენის მფლობელებს შეეძლებათ, თუ სხვა საკაბელოებთანაც მოხერხდა მოლაპარაკება?

- არა, ჯერჯერობით ასე იქნება, სატელიტს რაც შეეხება, გამოცხადდება პარამეტრები და "ტურქსატიდან" შესაძლებელი იქნება სიგნალის მიღება. რეგიონალურ და თბილისის სხვა საკაბელო კომპანიებთან მოლაპარაკებები მიდის, ამ ეტაპზე ოფიციალური პასუხი არავისგან მიგვიღია.