"ჩვენს ხელისუფლებას ჰაკერობაში ბიძინა ივანიშვილი ადანაშაულებს. "ქართული ოცნების" პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილი კომპიუტერზე კიბერშეტევა განახორციელეს და საოჯახო ვიდეოების არქივი გადაწერეს. მოკლედ, თავი ჰოლივუდის გადაღებულ ფილმებში გეგონება, თუმცა ვანო მერაბიშვილის უწყებას ასეთი შეტევის განსახორციელებლად საჭირო აპარატურა რომ ექნება, ეჭვიც არ შეგეპაროთ. სასაცილო ის იქნება, თუ ეს აპარატურა ბიძინა ივანიშვილის მიცემული ფულითაა ნაყიდი. ასეა თუ ისე, მოპარული ვიდეოდან მათთვის საინტერესო მონაკვეთი ამოჭრეს და სხვადასხვა საიტზე გაავრცელეს. ამ ვიდეოს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ბიძინა ივანიშვილის კომპიუტერიდან ჩვენმა ჰაკერმა ხელისუფლებამ საოჯახო ვიდეოარქივი მოიპარა / რა სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს "ქართული ოცნება"?
"ვისაც ეს ვიდეო არ უნახავს ვეტყვით, რომ ის 1998 წლის 14 სექტემბერსაა გადაღებული. მასში ასახულია ივანიშვილის ერთ-ერთი შვილის დაბადების დღე, სადაც პატარებსაც და დიდებსაც მოწვეული კლოუნები ართობენ - ისინი მათ სხვადასხვა თამაშით და შეჯიბრით ამხიარულებენ. მხიარულობენ ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინა ხვედელიძეც. "ფეისბუქზე" გახსნილ გვერდზე - "გავიცნოთ ბიძინა ივანიშვილი", რომელიც ანტიბიძინისტური განწყობებით გამოირჩევა, ეს შეჯიბრი-თამაში ასე აღწერეს: "ერთ-ერთ რუსულ საიტზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად პიკანტურ სიტუაციაში იმყოფება. რუსული "კორპორატივკების" მსგავსი ვიდეოები ალბათ ბევრი გინახავთ არყის ბოთლების ფონზე". ამ ვიდეოს უცნაურობა ისაა, რომ ოლიგარქი ხან მუცელზე ბუშტაკრული ეკატერინა ხვედელიძეს ეხახუნება, ხან ცდილობს გრძელი ყვითელი ბუშტი როგორმე კაბის ქვეშ შეუცუროს. ეკატერინაც საკმაოდ მონდომებით იწევს კაბას მაღლა. მთავარი მაინც დაბნეული ბავშვები არიან, რომლებსაც ვერაფრით გაუგიათ, რამ გადარია ან ბიძინა ან მისი ცოლი. თუმცა, როგორც ირკვევა, რუსები არაფერ შუაში არიან და ეს შავი პიარი ხელისუფლების მორიგი ხრიკია ივანიშვილის წინააღმდეგ", - აღნიშნავს გამოცემა.
"სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში, სოფელ ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სტუმრობის დროს, განხორციელდა კიბერ-შეტევა, რის შედეგადაც მათი კუთვნილი კომპიუტერიდან საოჯახო ვიდეოარქივი მოიპარეს. ამის შემდგომ, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ძალოვანის სტრუქტურებიდან კონტროლირებადი ერთ-ერთი ინტერნეტ-ტელევიზიის მეშვეობით გავრცელდა 1998 წლის 14 სექტემბერს გადაღებული ვიდეოჩანაწერის მცირე ნაწილი, დამონტაჟებული სახით. ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რასაც, დარწმუნებული ვართ, ქართული საზოგადოება თვითონ გასცემს საკადრის პასუხს" - აცხადებენ ივანიშვილის პრესსამსახურში. ისინი აქვეყნებენ ამ ვიდეოს სრული და ხელუხლებელი, დაუმონტაჟებელი სახით, რომელიც დაახლოებით 50-წუთიანია", - დასძენს გამოცემა.
"ასეთი საქციელით მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისთვის ისეთი რამ, რასაც ჰქვია ოჯახი, პირადი ცხოვრება, პრივატული სივრცე და ა.შ. საერთოდ არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს და ეს ყველაფრის მკადრებელია. ისინი მხოლოდ სიბრალულს იმსახურებენ. ჩვენთვის ბევრად მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა კრიმინალურია ჯაჭვია შემნილი ინტერნეტპროვაიდერების მონაწილეობით, ლოკალური და გლობალური ქსელებიდან, პირადი და საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების მიზნით და არის თუ არა ამის ორგანიზატორი საქართველოს ხელისუფლება. ამ მიზნით დაწყებულია გამოძიება, აცხადებს პრესსამსახური, რომლის მტკიცებით უკვე ფლობენ გარკვეულ ინფორმაციას და შესაძლოა, ძალიან მალე როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო საზოგადოებას ამცნონ ამჯერად ნამდვილად სკანდალური ინფორმაცია, თუ რასთან გვაქვს საქმე", - წერს სტატიის ავტორი.
"ბერა ივანიშვილის დაბადების დღეზე ივანიშვილების გართობის ამსახველი 3-წუთიანი ვიდეო, რომელიც ერთგავრ "კომპრომატად" გამოაქვეყნა "აი ტივიმ" რამდენიმე დრეა აქტიურად ტრიალებს სოციალურ ქსელშიც და ტელევიზიითაც. თუმცა 25 აპრილს კომპრომატულ ხალისობას ნატელი მოეფინა და "ქართულმა ოცნებამ" საპასუხოდ 49-წუთიანი ვიდეო დადო და ბიძინა ივანიშვილის არქივზე კიბერშეტევის შესახებ განცხადებაც მოაყოლა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით ვინ და როგორ დაისჯება ივანიშვილის კომპიუტერიდან საოჯახო ვიდეოს მოპარვისთვის?!
"როგორც ამბობენ, შეუძლებელი არაფერია, მით უმეტეს ინტერნეტის გლობალურ სივრცეში, მაგრამ მილიარდერს შესაბამისი კომუნიკაციური დაცვის უზრუნველყოფა რატომ გაუჭირდა, გაუგებარია. საიდან და როგორც მოხვდა ზემოხსენებული ვიდეო "მტრების" ხელში ცალკე თემაა, მაგრამ საინტერესოა, როგორ აპირებს ივანიშვილის გარემოცვა დამნაშავის გამოლენას? როგორც ცნობილია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კიბერდანაშაულიც არის გათვალისწინებული - "კომპიუტერში ან კომპიუტერულ ქსელში არამართლზომიერი შეღწევა, რამაც ინფორმაციის განადგურება, მოდიფიცირება ან მოპოვება შეიძლება გამოიწვიოს - ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი 3 წლამდე, ანდა თავისუფლების სღკვეთით იმავე ვადით. თუკი ამგვარმა ქმედებამ მძიმე შედეგი გამოიწვია, იგი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5 წლამდე ვადით", - აღნიშნავს გამოცემა.
"კიბერშეტევის გარდა, ბიძინა ივანიშვილი პრესსამდივნომ, კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, "თითქოს ეკატერინა ხვედელიძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოაქვეყნა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული პროექტების სია, სიცრუეა, რადგან, განცხადების თანახმა, ეკატერინა ხვედელიძეს არ გააჩნია საკუთარი გვერდი სოციალურ ქსელში. "ფესიბუქში" არსებული პროფილები ყალბია. ამიტომ აღნიშნული გვერდები ემსახურება სრულიად გაურკვეველ პირთა ინტერესებს და ატარებს აშკარად გამოხატულ პროვოკაციულ ხასიათს"... ვიდეოს გავრცელების არ იყოს, ესეც საინტერესო გამოცანაა, რადგან ის სია, რომელიც "ფეისბუქზე" გამოქვეყნდა, სრულად ასახავს რეალობას, თუმცა ეს სხვა თემაა... როგორც აპირებს ივანიშვილი კიბერშემტევებისგან თავის დაცვას და გეგმავ თუ არა მისი გარემოცვა ამ საქმის სამართლებრივი გზით წაყვანას, ამის შესახებ ივანიშვილის ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი საუბრიობს", - დასძენს გამოცემა.
"ამ ეტაპზე "ქართული ოცნების" ტექნიკური სამსახური მუშაობს, რომ დაადგინოს, საიდან მოდის ამ კიბერშეტევის წყარო. შესაბამისად, ამ ფაქტების დაზუსტებისა და კონკრეტული დეტალების დადგენის შემდეგ, საშუალება მიეცემათ იურისტებს, საქმე აწარმოონ. სხვა სამსახურები ამ საქმეში მოგვიანებით ჩავერთვებით", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაქარია ქუცნაშვილი.