ნუკრი ქანთარია: ,,ამ სპექტაკლში რეჟისორიც ივანიშვილია, მენეჯერიც და მთავარი როლის შემსრულებელიც

ნუკრი ქანთარია: ,,ამ სპექტაკლში რეჟისორიც ივანიშვილია, მენეჯერიც და მთავარი როლის შემსრულებელიც

რა პუნქტებს ჩაამატებინებს საზოგადოებრივი საბჭო ,,ქართულ ოცნებას'' დებულებაში და რა გეგმა გააჟღერა ივანიშვილმა ქართულ აკადემიასთან შეხვედრისას 


,,2008 წლიდან სააკაშვილს, რომ იტყვიან, ჩავუსაფრდი და მინდოდა დავხმარებოდი რეალურ ოპოზიციურ ძალას. თქვენი პოზიცია ძალიან კარგ ორიენტაციას მაძლევდა, რომ გამეგო, ვინ ვინ იყო. თქვენ შეძელით და არ გადაიქაჩეთ პოლიტიკისკენ მთლიანად. კარგი იქნება, თუ ამ ფორმით დარჩებით'', _ მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ,,ქართულ აკადემიას'' სპეციალურად მათთვის მოწყობილ შეხვედრაზე. სპეციალურად ივანიშვილისთვის შემუშავებული ტექსტით მიმართა კოალიციის ლიდერს ქართული აკადემიის ერთ-ერთმა ლიდერმა თემურ ნანეიშვილმაც: ,,ჩვენ ერთ-ერთი მოთავეები ვიყავით, რაღაც გაერთიანებების შექმნისა, რამაც არ გაამართლა. ახლა კი ვხვდები რატომ _ ძლიერი ლიდერი არ იყო და გამოჩნდით თქვენ! მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ცენტრი შეიქმნა და ჩვენ ვეძებთ ჩვენ ადგილას ამ სიტუაციაში''. შეხვედრა კიდევ უფრო საინტერესოდ გაგრძელდა: ივანიშვილმა აკადემიას გამოუცხადა, უმრავლესობით რომ მოვალ და მერე პოლიტიკიდან წავალ, თქვენი წევრი გავხდებიო. აკადემიამ, თავის მხრივ, პასუხად კოალიციის წევრობის განსხვავებული ფორმა შეაგება _ საზოგადოებრივი საბჭო შევქმნათ, რომელიც გასაჯაროებამდე მოახდენს თქვენი გადაწყვეტილებების აპრობაციასო. მოკლედ, აკადემია კოალიციას თავ-ფეხიანად შეუერთდა, ,,ვერსიას'' კი შეხვედრის დეტალებზე, გაჟღერებულ შეთავაზებებსა და მომავალ სამოქმედო გეგმაზე აკადემიის გამორჩეული სახე, რეჟისორი ნუკრი ქანთარია ესაუბრება: 


ქართული აკადემია იმით ყოველთვის გამოირჩეოდა, რომ მხარს ვუჭერდით პოლიტიკურ პროცესებს და უშუალოდ არ ვიყავით პოლიტიკურ მოედანზე. ივანიშვილსაც გამოჩენის დღიდან ვუჭერდით მხარს, მაგრამ ვერიდებოდით თვითშემოქმედებას _ არც აქციები დაგვიგეგმავს, არც სხვა რამ. განცხადებებით შემოვიფარგლეთ და ველოდით პროცესების განვითარებას. 

და პროცესები ისე განვითარდა, რომ აკადემიის ორი წევრი ივანიშვილის პარტიაშია, კიდევ რამდენიმე _ თემატურ ჯგუფებთან თანამშრომლობს. საბოლოოდ, ურთიერთობის რა ფორმა გამოკვეთა აკადემია-კოალიციის ამ შეხვედრამ? 

_ საერთოდ, ჩვენ ვამარაგებთ-ხოლმე ტრანსფერით სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, ჩვენი რამდენიმე წარმომადგენელი სახალხო კრებაშიც იყო. თან ეს ივანიშვილთან ჩვენი პირველი შეხვედრა არ იყო, თუმცა ამჯერად სხვა ფორმატით, აკადემიის მთელი, 30-კაციანი შემადგენლობით შევხვდით. მან საკმაოდ დადებითად ისაუბრა ჩვენზე. მოკლედ, აღარ მინდა ახლა ეს დითირამბები... როგორც ჩანს, ივანიშვილს, ერთი პირობა, სურვილიც ჰქონდა ყველა თავის პარტიაში დაეპატიჟა _ ახლა პირიქით, თქვა, რა ფორმაც გაქვთ, ეს უფრო საჭიროაო. 

_ ამ ეტაპზე, საჭირო საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა ყოფილა, სადაც კოალიციის გადაწყვეტილებების აპრობაცია უნდა მოხდეს მათ გასაჯაროებამდე. თქვენ რა, ივანიშვილის რევიზორები უნდა გახდეთ? 

_ ზოგადად, ამ თემაზე აქამდეც იყო საუბარი, ოღონდ მაშინ აქცენტი მარტო აკადემიაზე არ გაგვიკეთებია. ადრეც ვთქვი, უნდა შეიქმნას საზოგადოებრივ მხარდამჭერთა ცენტრი-მეთქი. ოღონდ ამ ცენტრის ფუნქცია მომხრე ორგანიზაციათა შემოკრება უნდა ყოფილიყო, რათა არ გავფანტულიყავით. თავიდან ბიძინამ თავი შეიკავა, ჯერ ცოტა ადრეა, ამაზე მერე ვილაპარაკოთო. ახლაც რაღაც მსგავსი გაჟღერდა და ივანიშვილის პასუხი იყო, აგერ არ ხართ უკვეო? თქვენ შექმენით ეს საბჭო და თუ ვინმე ექსპერტი დაგჭირდებათ, მოიწვიეთო. 

რა გადაწყვეტილებებს უნდა გადახედოთ მაინც, არსი რა არის ამ საბჭოსი? 

_ ამას დრო აჩვენებს. ამ ეტაპზე ითქვა, რომ საბჭო კოალიციის საკონსულტაციო ფუნქციას შეითავსებს. კონსულტაცია კი იმას ნიშნავს, როცა კაცს დასჭირდები, თვითონ დაგიძახოს. თორემ ეს არაა ცენზურა ჩვენი მხრიდან. ცენზურის კომიტეტი რომ ვიყოთ, ჩვენთან გაივლიდა ყველა საკითხს. როცა ივანიშვილს მოუნდება, მაშინ შეასრულებს აკადემია ფილტრის ფუნქციას, შეეხება ეს გეგმებს, სტრატეგიულ მოქმედებებსა თუ პროგრამულ საკითხებს, რასაც ივანიშვილი გამოიტანს და მოსინჯავს ქართულ აკადემიასთან. ჩვენთან არიან როგორც ტექნიკური, ისე ჰუმანიტარული მეცნიერებების წარმომადგენლები, ასევე, ხელოვანი ადამიანები. ასე რომ, ამ კუთხით გარკვეული გამოცდილება გვაქვს. კიდევ ერთი, რაც ივანიშვილის ნათქვამში მომეწონა _ რომ ვთქვი, პირდაპირ კოალიციაშიც შეიძლება მსგავსი საბჭოს შექმნა-მეთქი, არაო, ზოგჯერ ხომ უნდა გაგვაკრიტიკოთ და თუ სტრუქტურაში იქნებით, ეგ როგორ გამოვაო? ალბათ ამიტომ, ახლა კარგი და სწორი ფორმა შეირჩა. კონსულტაცია კი, ვფიქრობ, მართლაც დასჭირდებათ. თუნდაც იმაში, რა ფორმით მივა ხალხამდე კოალიციის პროგრამა: მარტივ მაგალითს ვიტყვი, კოალიციის დებულებაში გამორჩენილია ისეთი საკითხები, როგორიცაა მეცნიერება, კულტურა. ,,ოცნებაშიც'' თქვეს, მექანიკურად მოგვივიდაო. ასეთი რაღაცები შეიძლება გამორჩეთ, ან ვინმე ჩათვალოს უმნიშვნელოდ. სწორედ ასეთი რამ შეიძლება გავასწოროთ და თქვათ, ასე კი არა, ასე ჯობიაო. ამით უნდა შემოვიფარგლოთ და არა _ დირექტივებით. 

ამბობთ, შეხვედრაზე ივანიშვილის რეალური გეგმის შესახებ მოისმინეთ. არადა, საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის კოალიციის გულმხურვალე მხარდამჭერები, სწორედ გაუგებარ გეგმებს უჩივიან. იქნებ გვითხრათ, რა გეგმა აქვს ივანიშვილს? 

_ აგერ, იყო ოფისების გახსნა, პარტიის პრეზენტაცია. ანუ, ეს კაცი არ აკეთებს განცხადებებს, თუ ხელთ ჯერ რეალური საფუძველი არ აქვს. პირიქით, რაც გაკეთებული აქვს, იმის უკეთებს პრეზენტაციას. მთავარია, ინფრასტრუქტურა არსებობს. ახლა იწყება საუბარი შიდაპრაიმერსა და მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების დაყენებაზე. 

როცა მაჟორიტარობზე მიდგება საქმე, აკადემია პროცესს გაერიდება, თუ თქვენგანაც ეყოლება კოალიციას კანდიდატები? 

_ იმის დაზუსტებით თქმა ახლავე შემიძლია, რომ მე არ ვიქნები. შესაძლოა, ჩვენგან რამდენიმე კანდიდატი კოალიციას მართლაც ჰყავდეს რამდენიმე რეგიონში, თუმცა ვინ და სად, არ ვიცი. ეს შიგნითაც არავინ იცის, მათ შორის, არც პოლიტიკურმა ლიდერებმა. იქ ყველამ იცის თავისი ადგილი. ლიდერები რომ გადანაწილდნენ რეგიონებში, ცუდი არც ეგაა. ამ დროს, ვნახოთ, რა მდგომარეობაშია სააკაშვილი?! ყველამ იხილა მისი სახე მახათას მთაზე _ ეს არ იყო მთვრალი ელცინი, რომელსაც ფეხი ერევა. ფაქტია, სააკაშვილი გაჭყეპილი იყო წამლებით, რომელიც კაცს ადუნებს, მის შემთხვევაში, მგონი, საერთოდ, ,,პერედოზიროვკა'' მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიშა დეპრესიაშია. შეცვლილია საერთაშორისო ვითარებაც, სააკაშვილის მხრდაჭერის თვალსაზრისით, ამიტომ ახლა ხელისუფლების შიგნით ნამდვილი ფუსფუსი დაიწყო, ვინ როგორ გაერიდოს სიტუაციას და ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს! 

ვინ იცის, ასეთ მერამდენე განცხადებას ვისმენთ. რა ზუსტი ინფორმაცია გაქვთ და რაში ჩანს ეს ყველაფერი? 

_ მიდის მუშაობა იმაზე, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სიტუაციას ინდივიდუალურად როგორ გაერიდონ. წინ წამოიწიეს ისეთმა ფიგურებმა, ვინც ადრე არ აქტიურობდა, ვთქვათ, ეკა ხერხეულიძე. მაგათ ჰყავთ სახეები, რომელთაც არ აჩენდნენ, რადგან იცოდნენ, ხალხში აგრესიას იწვევდნენ. ახლა მეტი გზა არ აქვთ და ჩემამდე ეს ინფორმაცია შიგნიდან გამოვიდა. რაც მეტი აქტიურობა იქნება ივანიშვილის კოალიციიდან, ,,ნაციონალებში'' ეს ფუსფუსი უფრო გამოჩნდება. თან კოალიცია დამანგრეველი ძალა არაა, ხომ არ ამბობენ, მოვალთ და ფარნებზე დაგკიდებთ სუყველასო?! 

მუქარა კოალიციის მხრიდან არაერთხელ ყოფილა, ერთ-ერთი ბოლო კი საჩხერის ოფისის გახსნისას ივანიშვილის მიმართვა იყო _ უმკაცრესად დაგსჯით, სააკაშვილის უკანონო კანონების შესრულებისთვისო. 

_ ვინც არღვევს კანონს და ხალხის ჯალათად იქცა, მათზე რომ თქვას, არ დაგსჯით და კარგად იქნებითო, ეს ხალხი იფიქრებს, კაცო, მე ამდენი ხანი თავში მირტყეს და ეს რა სამართალიაო? ამ განცხადების არსი ბევრის თავში შევა, აბა, ამ ხელისუფლებასთან ერთად ყველა ქვეყნიდან წასვლას კი არ აპირებს! ნახეთ, კეზერაშვილი უკვე ყიდის რაღაცებს, ჟორიკა რურუამაც გაყიდა რაღაც წილები. უკვე იწყება გარიდება სიტუაციიდან. 

_ ე.ი. უკვე ხელისუფლებასაც სჯერა, რომ ივანიშვილი ორი მესამედით მოდის? 

_ დღეს ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ უახლოეს პერსპექტივაში ეს რეალობა მართლა შეიძლება დადგეს. ვამბობ აბსოლუტური ჭეშმარიტების პრეტენზიით _ თუ საქმე გეგმის მიხედვით წავიდა, არჩევნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარები, ივანიშვილის მხარეს გადავლენ პარლამენტში. 

ძირითადად, დარეკეტებული ბიზნესმენები ხომ არა, ამას ვარაუდობთ, თუ ხმები ისევ შიგნიდან გამოდის? 

_ ეს დრო აუცილებლად დადგება და არ აქვს მნიშვნელობა, ეს ბიზნესმენი იქნება, თუ რომელიმე გამოჩენილი ადამიანი. ვთქვათ, ანზორ ერქომაიშვილი, რომელიც გაამწარეს, გინდა თუ არა, პარლამენტში უნდა შეხვიდეო. ოპერაცია გაუკეთეს და მერე დაამადლეს! ახლაც მონახავენ ვიღაცებს და ,,გამოიჭერენ''. ისიც ფაქტია, ივანიშვილის ჯიბიდან ამოღებულ პროგრამას არავინ წაიკითხავს. ყველა რაიონს მოკლე თეზისებად, ხალხისთვის გასაგებ ენაზე ჩამოწერილი მოცემულობა სჭირდება _ შენ გექნება ესა და ესო, ამიტომაც არ გვინდა სტრუქტურის ნაწილი ვიყოთ, მაგრამ ახლოს ვიყოთ ამ საქმესთან და როგორც კი რამე არ მოგვეწონება, მაშინვე ხმამაღლა ვთქვათ! ერთი რამ ახლავე შემიძლია დაგიდასტუროთ _ თელავის ოფისის გახსნაზე ვიყავი, ძალიან ბევრი სიტუაციის მომსწრე ვარ და ვაცხადებ: ყველა ის კაცი, ვინც პოლიტიკაში ამბიციურობით გამოირჩევა, ამ კოალიციაშია, მაგრამ ახლა მათი ამბიციურობის ნასახიც არსად ჩანს. ამბობენ, არაფერში ვერევით, ყველაფერს ისე ვიზამთ, როგორც საქმეს დასჭირდებაო. დამიჯერეთ, წიხლებს იქ არავინ ირტყმევინება და საფერფლეებსაც არავინ ისვრის. არც იმას ვამბობ, რომ ,,ქართულ ოცნებაში'' მარტო ფრთიანმა ანგელოზებმა მოიყარეს თავი და ყველანი კეთილი სამარიტელები არიან, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ახლა ასეა საჭირო. ეს არაა ჩემი გეგმა, მაგრამ ჩემი მოსაზრებაა და მას ბევრი ეთანხმება _ ივნისისთვის უკვე მთელ თბილისში კერები უნდა იყოს გაჩენილი, რეგიონებში კი აუცილებელია არა წასვლა-წამოსვლა, არამედ იქ ყოფნა. სექტებერში უნდა იყოს ამ გადამწყვეტი ბრძოლის პიკი და ამისთვის აქედანვე უნდა მოვემზადოთ. ალბათ, ყველა ატყობს, რომ უკვე საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა საზოგადოებაში. ენერგია გროვდება და ეს მუხტი, ვთქვათ, ყოველ ორშაბათს, 20-კაციანი ჯგუფებით სირბილში არ უნდა გავფანტოთ, როგორც ადრე. მე ასე ვხედავ ამ პროცესს, თორემ ნელ-თბილად ეს საქმე არ გამოვა! 

დაძაბულობა მატულობსო, საქმე ნელ-თბილად არ გამოვაო, ხელისუფლება გრძნობს, რომ მიდისო. ეს სამი კომპონენტი არეულობის მოლოდინს არ გიქმნით? 

_ ეს რომ იყოს არჩევნები და არა რომელიმე ჩამოკიდებული თარიღი, ვთქვათ, 9 აპრილი, მაშინ დაპირისპირების ალბათობა მაღალია. არჩევნების თარიღი კი ოფიციალურია და მას მთელი მსოფლიო ცნობს. თუ მაინც გაბედეს და ნულები მიაწერეს თავის შედეგებს ,,ნაციონალებმა'', ამას ჩვენი მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ისეთი ზეწოლა მოჰყვება, ხარაკირის ტოლფასი იქნება მათთვის. მე იმას უფრო ვვარაუდობ, რომ მთარობამ არჩევნების თარიღამდე თავად მოახდინოს რუსეთთან ომის ინსპირირება. ამის ნიადაგი ყოველთვისაა და ეს ფაქტი დამოკლეს მახვილივით გვკიდია თავზე. თუ სააკაშვილს დასჭირდა, შეიძლება, რაღაც ამდაგვარი ყოველთვის გაათამაშოს და ეს გაცილებით საშიშია. თუ ქვეყნის შიგნით არეულობა მაინც დაიწყო, აქ შურისძიების კი არა, სამართლიანობის მომენტი იქნება მამოძრავებელი. ამ არჩევნებზე, წესით, სისხლი არ უნდა დაიღვაროს. თან, არა მგონია, ,,დაბოლილ'' პრეზიდენტს დაუჯერონ, რომც თქვას, ცეცხლი გახსენითო, როგორც ჰიტლერმა თქვა, მეტროში წყალი გაუშვითო. ახლა არც ისეთი სურათის დახატვა მინდა, რომ ზღაპარში შევიდეთ, ამიტომ მოდით, ისევ თეატრის ენით ვიტყვი – დეკორაცია დადგმულია, პრემიერის დღე ვიცით, მაგრამ რეპეტიციები ჯერ არ დაწყებულა და არც სპექტაკლი არსებობს. 

ამ დროს რეჟისორიც ივანიშვილია და მთავარ როლსაც ის ასრულებს, არა? 

_ ამ სპექტაკლში რეჟისორიც ივანიშვილია, მენეჯერიც და მთავარი როლის შემსრულებელიც. ასისტენტურა კი რაშიც დასჭირდება, სხვებთან ერთად, ქართული აკადემიაც მის გვერდით ვიქნებით.