ომარ ალ-შიშანის გარდაცვალება

ომარ ალ-შიშანის გარდაცვალება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ განხორციელებული დიდი დარტყმაა

პენაგონი აცხადებს, რომ თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება ექსტრემისტულ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს"  წინააღმდეგ განხორციელებული დიდი დარტყმაა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ კუკმა განაცხადა.

"ის "ისლამური სახელმწიფოს" "ომის მინისტრი" იყო. ის დაჯგუფების ხელმძღვანელობის მთავარი წევრია. მისი ბრძოლოს ველიდან განდევნა "ისლამურ სახელმწიფოზე" მნიშველოვანი დარტყმაა. ეს არის "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმართულ ჩვენს კამპანიაში წინ გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა პიტერ კუკმა.

პენტაგონის ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი, ასევე ცნობილი როგორც ომარ ალ-შიშანი, სავარაუდოდ 10 ივლისს ერაყის ქალაქ მოსულთან საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმას ემსხვერპლა. თუმცა თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგების შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

"10 ივლისს კოალიციიამ განახორციელა ავიადარტყმა, რომელიც მიმართული იყო "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც მოსულში შეხვედრას მართავდნენ. ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა ომარ ალ-შიშანი "ისლამური სახელმწიფოს" სხვა 16 ლიდერთან ერთად. ჩვენ კვლავ ვმუშაობთ ავიადარტყმის შედეგების დასადასტურებლად, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმერებ, ჩვენ გვაქვს იმის მტკიცებულებები, რომ ის შეხვედრას ესწრებოდა", - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

პენტაგონმა ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის მარტშიც გაავრცელა. როგორც თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, მაშინ პენტაგონმა განმარტა, რომ ინფორმაცია ავიადარტყმის შედეგების შესახებ წინასწარ შეფასებას ეყრდნობოდა.

"სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც მაშინ გვქონდა მიგვითითებდა, რომ ის მოკლულია. მაშინ ჩვენი სადაზვერვო  ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი სურათი არასრული იყო", - განაცხადა პიტერ კუკმა.