რეზოლუციას საბოლოოდ ხვალ, პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი. არ არის გამორიცხული, რომ რეზოლუციის მოწინააღმდეგემ მიმართოს გარკვეულ პროცედურულ ომს, თუმცა ჩვენ გაწაფულები ვართ ასეთ ამბებში და დავიცავთ თავს, - ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, რეზოლუციის მიღება საბოლოო ჯამში არ ნიშნავს იმას, რომ რეზოლუცია მყისიერად ამოქმედდება, თუმცა ეს მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე.
„დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურმა კომიტეტის უმრავლესობამ ორის წინააღმდეგ მოიწონა რეზოლუცია, რომელიც ჩვენს მიერ იყო ინიცირებული. რეზოლუცია ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტს და რეზოლუციით ეუთო-ს წევრი სახელმწიფოები მოუწოდებს ყველა ქვეყანას, პირველ რიგში რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, უარი თქვას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარებაზე როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, მისცეს საშუალება დევნილებს დაბრუნდნენ თავის საცხოვრებელ ადგილებზე და გამოიყვანოს ჯარები საქართველოდან. ამ რეზოლუციის მიღებით რეზოლუციის შესრულება არ არის გარანტირებული მყისიერად, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია. საერთაშორისო ორგანიზაციებში ასეთი დოკუმენტებით იქმნება ქვეყნის ისტორია და იძლევიან იმის გარანტიას, რომ არ მოხდება რუსეთის პოლიტიკის გაზიარება სხვა ქვეყნების მიერ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.