ახმედ ზაკაევი:  თურქეთში განხორციელებული ყველა ტერაქტის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან

ახმედ ზაკაევი: თურქეთში განხორციელებული ყველა ტერაქტის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან

2015 წლის ნოემბერში, თურქეთში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებიდან დღემდე, თურქეთში განხორციელებული ყველა ტერაქტის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან, - ასეთ მოსაზრებას „ეხო კავკაზა“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჩეჩენი დისიდენტი პოლიტიკოსი ახმედ ზაკაევი გამოთქვამს, რომელიც ამჟამად დასავლეთში ცხოვრობს.

„მე ამაში სრულად დარწმუნებული ვარ. პრინციპში, პუტინი ამას დიდად არც მალავს. მათ განაცხადეს, რომ მათი ქმედებები თვითმფრინავის ჩამოვარდნის საპასუხოდ „მარტო პამიდვრის აკრძალვით“ არ შემოიფარგლება და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო აფეთქებების სერია. რაც შეეხება ბოლო ტერაქტს, ერთადერთი რაც შემიძლია თქმა, პუტინმა ერდოღანთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ის თურქეთში ტურიზმზე მოქმედ აკრძალვას გააუქმებს. ჩემი მოსაზრებით, ეს მიუთითებს, რომ პუტინის დავალებით, რუსული სპეცსამსახურები მომავალში მსგავს ტერაქტებს აღარ განახორციელებენ, თუმცა ესეც საეჭვოა“, - განაცხადა ზაკაევმა.

რაც შეეხება აჰმედ ჩატაევის როლს, როგორც „ეხო კავკაზა“ აღნიშნავს, ჩეჩნებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ ის დიდიხანია რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობს.

ახმედ ზაკაევი ჩატაევზე საუბრისას იხსენებს, რომ ჩატაევი ჩართული იყო ლოპოტას ხეობაში მომხდარ მოვლენებში.

„ცალსახაა, რომ ლოპოტაში მომხდარი ოპერაციის, ამ ტრაგედიის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ“, - აცხადებს ზაკაევი.

როგორც თავად განმარტავს, პირველად, სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშრისო აეროპორტში მომხდარ ტერაქტში ჩეჩნურ კვალზე ინფორმაცია რუსულმა მედიამ და ასევე, რუსეთის მიერ კონტროლირებადმა თურქულმა გაზეთმა გაავრცელეს.