"რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები"

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდიენციის დეტალებზე ისაუბრა.

ჯანელიძის თქმით, ეუთო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან განიხილეს ეუთო-სა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ის პრობლემატიკა, რომელიც საქართველოოს აქვს დღეს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-ს წევრი ქვეყნების ელჩები არიან საქართველოში. მონაწილეობას იღებენ საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში. საერთოდ არ გულისხმობს ასეთი ფორმატი ელჩების მონაწილეობას, მაგრამ მათი საქართველოში ვიზიტი, ეს არის საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება. ვისაუბრეთ რეზოლუციაზე, რომელიც არის საქართველოს და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტის შესახებ და რომელიც მხარდაჭერილ იქნა დღეს კომიტეტის მიერ. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ რეზოლუციას, განსაკუთრებით იმ მხარდაჭერას, რომელიც ამ რეზოლუციამ მოიპოვა", - განაცხადა ჯანელიძემ.

მისი თქმით, რეზოლუცია საუბრობს იმ ვალდებულებებზე, რომელიც რუსეთის ფედერაციას აკისრია 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესაბამისად და რომელსაც არ ასრულებს.

"რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ ეს ვალდებულებები შესრულდეს. მათ შორის, საუბარია იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებზე. მათი დაბრუნების საკითხზე. იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე ხაზგასმულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობა ამ კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების კუთხით. მოველით, რომ საპარლამენტო ასამბლეა პლენარულ სესიაზე მხარს დაუჭერს ამ რეზოლუციას. რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რომ ამ კონფლქიტის მოგვარება შევძლოთ მშვიდობიანად და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს ქართულ დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს - "კონფლიქტი საქართველოში".

17- პუნქტიან რეზოლუციის პროექტს "კონფლიქტი საქართველოში“, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების საერთო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა, რუსეთის დელეგაციის გარდა, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

რეზოლუციის პროექტი კომიტეტის წევრებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა წარუდგინა და მასში მოყვანილ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

პროექტში საუბარია საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობაზე, რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმებისდარღვევასა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებში - აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში ადამიანისუფლებების კუთხით არსებულ ვითარებასა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და მიწაყრილების აღმართვის პროცესზე.