ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის წევრი ლუდმილა კოზლოვა ქართული მხარის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რუსეთი ყველა ვალდებულებას ასრულებს.
რუსი დელეგატის განცხადებით, რუსეთი ყველა ვალდებულაბას ასრულებს, თუმცა ზოგ ხელისუფალს ამის გაგება არ უნდა.
"რუსეთი ყველა ვალდებულებას ასრულებს, მაგრამ არ უნდათ ამის გაგება. ისმენენ, მაგრამ არ იგებენ. რუსეთი არასდროს ყოფილა აგრესორი ქვეყანა და ყოველთვის მშვიდობისთვის იღწვის. საბჭოთა კავშირის დროს, არ ყოფილა არც შიდა ომები და არც დევნილები. რუსეთი ახლაც გაგებით ეკიდება ყველა პრობლემას და ცდილობს, ყველა საკითხი მშვიდობიანი გზით გადაჭრას. იმისთვის, რომ იყოს მშვიდობა, საჭიროა პოლიტიკური ნება. უნდა შეწყდეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული კამპანია და რუსეთის ნეგატიურ მხარედ წარმოჩენა", - განაცხადა რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა "პირWელთან" საუბარში.
რაც შეეხება რეზოლუციის იმ ნაწილს, სადაც საუბარია დევნილების საკუთარ სახლში დაბრუნებაზე, რუსეთის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ადამიანები საკუთარი სახლიდან არ უნდა გამოყარო.
"რა თქმა უნდა, დევნილები საკუთარ სახლებში უნდა იყვნენ. ყველას ესმის, რომ ადამიანები საკუთარი სახლიდან არ უნდა გამოყარო, მაგრამ იმისათვის, რომ გადაწყდეს მიგრაციის პრობლემა, საჭიროა, ამის გამომწვევი მიზეზების შესწავლა. დღეს მსოფლიოში ძალიან დიდი საემიგრაციო კრიზისია, რაც იმ სახელმწიფოების პოლიტიკის ბრალია, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის უფლება აქვთ", - აღნიშნა ლუდმილა კოზლოვამ.
კითხვაზე, ერევა თუ არა რუსეთი საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში, რუსეთის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ დასახმარებლად თავად აფხაზურმა მხარემ მიმართა.
"ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. უბრალოდ, ვიტყვი ერთს, საქართველოს ხელისუფლებას ჭკუა რომ ეხმარა და თავის დროზე კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოეგვარებინა, დაპირისპირება არ გამწვავდებოდა და სიტუაცია აქამდე არ მივიდოდა", - აღნიშნა რუსმა დელეგატმა.
შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაციის შედგენილ რეზოლუციის პროექტში, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა განიხილავს, წერია, რომ რუსეთმა სრულად უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.