არჩევნების დღეს დარღვევების თავიდან ასაცილებლად კანონი წინასაარჩევნოდ უპრეცედენტოდ გამკაცრდა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ფრთხილად, არამედ სუპერ ფრთხილად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს ჟურნალისტებს, რომ ისე კარგად იმუშაონ არჩევნებზე, როგორც კორცხელის ინციდენტის დროს იმუშავეს.
“მთავრობისა და პარლამენტის ერთობლოვად მუშაობის შედეგად, უპრეცედენტოდ გამკაცრდა კანონი წინასაარჩევნოდ და არჩევნების დღეს დარღვევების თავიდან ასაცილებლად. წინასაარჩევნო კამპანიის დროს უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ფრთხილად, არამედ სუპერ ფრთხილად. რაც კორცხელში ვნახე, ეჭვი არ მეპარება, რომ კონფლიქტი იყო პოლიტიკურ ნიადაგზე. იქ ფულის ან შეყვარებულის გაყოფაზე არ ყოფილა ჩხუბი. ვინ დაიწყო, ვინ პროვოკაციას ან სხვა რამეს წამოეგო, ამაზე გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ერთ-ერთი ბოლო საკითხი, რაც ამ მოწვევის პარლამენტმა საგაზაფხულო სესიებზე მიიღო, იყო პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი, რომელსაც, სამწუხაროდ, საპარლამენტო უმცირესობა არ შემოუერთდა.
"ის ხალხი, რომელიც ახლა ამ საკითხებით აპელირებს. მინდა მივმართო, ვინაიდან მათ ვეღარ ვხედავ, ბოიკოტის რეჟიმში არიან. შემოუერთდნენ ქცევის კოდესს”, - განაცხადა უსუფაშვილმა.