რაც გიგი წერეთლის კანდიდატურასთან დაკავშირებით ხდება, არის არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ თავის მომჭრელი, პოლიტიკური მაზოხიზმის ნიშნების შემცველი და კიდევ ათასი უბედურება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეუთო-ს საპარლანებტო ასამბლეის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშორებით რაც ხდება, მე ვუწოდე სამარცხვინო. მოგვიანებით კოლეგებმა „ქართული ოცნებიდან“ მიმითითეს, არ იყავი სწორიო. ვაღიარებ, არ ვიყავი სწორი, რადგან რაც დრო გადის, უფრო მივხვდი, რომ ის, რაც ხდება, არის არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ თავის მომჭრელი, პოლიტიკური მაზოხიზმის ნიშნების შემცველიც და კიდევ ათასი უბედურება”, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, უმჯობესია, უფრო მწვავე საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება და არა ჩვენი შიდა პრობლემები 57 ქვეყნის წარმომადგენელს თავს მოვახვიოთ.
„უმაღლეს დონეზე ვატარებთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რისთვისაც ასეულობით ადამიანმა იშრომა. გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ სესიაზე წარადგინა უპრეცედენტოდ მწვავე რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით - ამ თემებზე გავამახვილოთ ყურადღება და არა ის, რომ ჩვენი შიდა პრობლემები თავზე მოვახვიოთ 57 ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენ გვთვლიან ევროპული ოჯახის წევრად. საქართველოს ხელმძღვანელს ხომ არ ვირჩევთ? ის არგუმენტები, რაც "ქართულმა ოცნებამ" მოიყვანა, კონტრპროდუქტიულია. გიგი წერეთელს ამ არჩევნების პროცესში ყველაზე დიდი პრობლემა აქვს რუსეთის დელეგაციის მხარდაჭერით და ყველაზე დიდი კოზირი უჭირავს "ქართული ოცნების" მხრიდან წინააღმდეგობის მხრივ”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა 5 ივლისს გაიმართება. ერთ-ერთი კანდიდატია გიგი წერეთელი.
პრეზიდენტობის კანდიდატები არიან აგრეთვე დამოუკიდებელი კანდიდატი, ფრანგი დეპუტატი ალენ ნერი და ავსტრიელი დეპუტატი "სოციალურ–დემოკრატიული პარტიიდან" კრისტინ მუტონენი.
წერეთელისს მსგავსად, ორივე მათგანი ახლა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე–პრეზიდენტები არიან.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბელის 25-ე სესია თბილისში მიმდინარეობს.