ნატო-რუსეთის საბჭოს მორიგი შეხვედრა ვარშავის სამიტის შემდეგ გაიმართება. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენებრგმა განაცხადა.
ვარშავაში დაგეგმილ სამიტამდე ოთხი დღით ადრე ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთთან დიალოგის საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამად ნატო და მოსკოვი საბჭოს შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს ათანხმებენ.
“რუსეთთან დიალოგისთვის ღია ვართ. ნატო-რუსეთის საბჭო რჩება მნიშვნელოვან ინსტრუმენტად დიალოგისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ რუსეთთან, რომ საბჭოს მორიგი სხდომა სამიტის შემდეგ გაიმართოს”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ვარშავის სამიტი იმართება ალიანსისთვის გადამწყვეტ პერიოდში. მისი განცხადებით, ნატო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებებს სწორ დროს. ერთ-ერთი გადაწყვეტილება შეეხება ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ოთხი ბატალიონის განთავსებას.
სამიტზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ასევე წევრი ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტების გაზრდა იქნება.