საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე, დარკო პაიოვიჩი მიიღო.
დარკო პაიოვიჩი თბილისში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიაზე დასასწრებად იმყოფება.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე, თბილისში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიაზე, საქართველოსა და მონტენეგროს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგას მონტენეგროს NATO-ში გაწევრიანება კიდევ ერთხელ მიულოცა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა და დარკო პაიოვიჩმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ორ ქვეყანას ბევრი საერთო მიზანი და ამოცანა აქვს.
"მოგეხსენებათ, საქართველოს და მონტენეგროს საკითხები პარალელურ რეჟიმში იხილებოდა და შემდეგ ჩვენ, საქართველოს, NATO-დან დაგვისვეს კითხვა: ხომ არ გვექნებოდა პრობლემა იმის გამო, რომ მონტენეგროს გაწევრიანების საკითხი უფრო ადრე გადაწყდებოდა. ჩვენი პასუხი იყო დაუყოვნებლივ ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო მონტენეგროს საკითხის გადადება, თუ საქართველოს საკითხის გადადება ხდებოდა. იმიტომ, რომ თუ ჩვენ გვინდოდა ძლიერი NATO, ჩვენ გვინდა მეტი ქვეყანა NATO-ში და ასეთ შემთხვევაში ექნება საქართველოს მეტი შანსი იმისთვის, რომ ამ მიმართულებით მიიღოს სასურველი შედეგი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილს და ქართველ ხალხს მასპინძლობისა და სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, მონტენეგროს NATO-ში ინტეგრაცია კიდვე ერთი გზავნილია საქართველოსთვის, რომ NATO-ს კარი ღიაა.
"ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენს ერებს შორის მსგავსების, მეგობრობის, ასევე, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის ორგანიზებისთვის. ასამბლეის მასპინძლობა დიდი პატივია და ასევე, დიდი პასუხისმგებლობა. ეუთო ყოველთვის უჭერდა მხარს ჩვენს ქვეყნებს დემოკრატიული განვითარების პროცესში. ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მესიჯებისთვის და მხარდაჭერისთვის. მას შემდეგ, მონტენეგრომ ხელი მოაწერა ნატოსთან შეერთების პროტოკოლს. მჯერა, რომ მონტენეგროს წარმატება იქნება ძლიერი მესიჯი სხვა სახელმწიფროებისთვის, ასევე, დასტური, რომ NATO-ს კარი ღიაა, - განაცხადა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ.