"პარანოიალური და უფრო მძიმე ეპითეტები შეიძლება, გამოიყენო მთლიანად "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ"

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, გია ვოლსკის თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურა მისთვის მიუღებელია.

ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ვოლსკიმ გიგი წერეთლის განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ როდესაც წერეთელი ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" პარანოია აქვს მისი კანდიდატურის მიმართ, ეს უსამართლო განცხადებაა.

"ჯერ ერთი, პარანოია უზრდელურად არის ნათქვამი. მაგრამ რეალობაში, პარანოიალური, სკანდალური, სხვა უფრო მძიმე ეპითეტები შეიძლება, გამოიყენო მთლიანად "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ და მათი წარმომადგენელია გიგი წერეთელი. მას მხარს უჭერს სახალხო პარტია, რომელსაც გარკვეული შეთანხმებები გააჩნია თუნდაც რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც პირდება უფლებების აღდგენას ევროპის ასამბლეის ფორმარტში. კიდევ სხვა თემები არსებობს. მოკლედ, დიდი გლობალური გარიგებები და შეთანხმებები მიმდინარეობს. სახალხო პარტიელია გიგი წერეთელი და არა "ნაციონალური მოძრაობის" ამ შემთხვევაში.

არსებობს მეორე კანდიდატი, ავსტრიის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც საკმაოდ დიდი მხარდაჭერით სარგებლობს სოციალისტებსა და სახალხო პარტიელების ნაწილს შორის. ამას ყველაფერს ჯანსაღი სახე ექნებოდა, რომ არა ერთი გარემოება - გიგი წერეთელს წარმოადგენენ, როგორც ზეპარტიულ, ნეიტრალურ კანდიდატურას. ეს ნამდვილად არ არის ასე. პრეზიდენტის მხარდაჭერაც, ვფიქრობ, ძალიან უადგილო იყო, თუმცა მისი პოზიციები გააძლიერა. ვფიქრობ, რუსეთის დელეგაციის მხარდაჭერაც მის პოზიციებს აძლიერებს. მეორეს მხრივ, არსებობს საკმაოდ ძლიერი ძალა, რომელიც მას უპირისპირდება", - განაცხადა ვოლსკიმ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა 5 ივლისს გაიმართება. ერთ-ერთი კანდიდატია გიგი წერეთელი. პრეზიდენტობის კანდიდატები არიან აგრეთვე დამოუკიდებელი კანდიდატი, ფრანგი დეპუტატი ალენ ნერი და ავსტრიელი დეპუტატი "სოციალურ–დემოკრატიული პარტიიდან" კრისტინ მუტონენი. წერეთელისს მსგავსად, ორივე მათგანი ახლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე–პრეზიდენტები არიან. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბელის 25-ე სესია თბილისში მიმდინარეობს.