"სტარტაპ საქართველოს" ბიუჯეტი შესაძლოა, 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს

"დამწყები საწარმოების, (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ პრეზენტაცია  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

"სტარტაპ საქართველოს“ წარმომადგენლებმა, დაინტერესებულ მოსახლეობას, პროგრამაში მონაწილეობის წესები და პირობები დეტალურად გააცნეს.

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციული და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანასდება. სამომავალოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა, 35 მილიონ ლარამდე გაზარდოს.

პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, "სტარტაპ საქართველოს"  მიზანია, ვისაც არ აქვს ფინანსური საშუალება, მიეცეთ შანსი, განახორციელონ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესიდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

"ასეთი სახის მხარდაჭერა დამწებ ბიზნესმენებს არასდროს არ ჰქონია. ბევრი მეწარმეა, რომელსაც უნდა ახალი ბიზნესის დაწყება და ვერ ახერხებს ფინანსების არქონის გამო, რადგან ბანკები სტარტაპებს არ აფინასებენ. სწორედ, ამიტომ შეიქმნა "სტარტაპ საქართველო", რომელიც 90%-ით დააფინანსებს ახალ ბიზნესიდეებს, რომელიც იქნება ინოვაციური და პერსპექტიული. ერთ პროექტზე დაფინანსება 15-დან 100 ათას ლარამდე იქნება“ - განაცხადა პრეზენტაციაზე "სტარტაპ საქართველოს" დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ.

საპარტნიორო ფონდმა და ტექნოლოიების სააგენტომ "დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყო.