ექსპერტ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, "ქართული ოცნების" უარი გიგი წერეთლის კანდიდატურის მიმართ, განპირობებულია ვარაუდით, რომ ის შეეცდება არჩევნების თაობაზე ხელისუფლებაზე დასავლეთის წნეხი გააძლიეროს.
საყვარელიძის განმარტებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტად გიგი წერეთლის არჩევის შემთხვავაში, "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების დამტკიცებას და შესაბამისად, ხელისუფლებაზე დასავლეთის წნეხის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
"გიგი წერეთელი ზომიერი, გაწონასწორებული პოლიტიკოსია, მაგრამ საქმე წერეთელში არ არის. გაუწონასწორებელი პოლიტიკა, გაუწონასწორებელი სტილით "ნაციონალურ მოძრაობას" მიჰყავს. სავარაუდოდ, ეს პარტია არჩევნების წინ ან შემდგომ დესტაბილიზაციის მოწყობას ეცდება. სავარაუდოდ, აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, სოციოლოგიური კვლევებიც ამ თემას ამზადებენ. ამ პირობებში დასავლეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგანაც დასავლეთის გავლენიანმა ნაწილმა თუ თქვა რომ არჩევნები გაყალბდა, ზეწოლა გაძლიერდება ხელისუფლებაზე. ამ პოზიციას არსებობის უფლება აქვს. მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ამ სირთულეს "ქართულმა ოცნებამ" ეფექტურად აუარა გვერდი. შეიძლებოდა სხვანაირი გზით ამ მოვლრენის თავიდან აცილება, მაგალითად, "ქართულ ოცნებას" თვითონ დაეყენებინა თავისი კანდიდატურა, მაშინ წერეთლის კანდიდატურაზე უარი ლოგიკური და გამართლებული იქნებოდა",- განაცხადა საყვარელიძემ "პირWეთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ "ევროპის სახალხო პარტიამ" ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის კანდიდატურა დაასახელა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, "ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პარტია არ უჭერს მხარს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევას და არ აპირებს კენჭისყრაში მის სასარგებლოდ ხმის მიცემას, რადგან წერეთლის არჩევის შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნებითვის ინტერესთა კონფლიქტი დადგება.