”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციას საქართველოს შესახებ ”ძალიან კარგს და დროულს” უწოდებს. ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა.
”ეს არის ძალიან კარგი და დროული რეზოლუცია. ყველამ უდიდესი შრომა ჩადო, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულიყო. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ქვეყნებს, რომლებმაც დაგვიჭირეს მხარი. ეს არის სერიოზული ნაბიჯი და კიდევ ერთხელ დაასტურება, რომ საერთაშორისო საზოგადოება არის საქართველოს გვერდით და არ იზიარებს იმ პოზიციას, რომელიც აქვს რუსეთს”, - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რომ ისეთი პოზიციები ფიქსირდებოდეს, როგორც დღეს ეუთო-ში დაფიქსირდა.
”ეს არის წარმატება, რომელსაც ვულოცავ მთელ საქართველოს”, - აღნიშნა ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას „კონფლიქტი საქართველოში“ მხარი დაუჭირა.
რეზოლუციის კანონპროექტს მხოლოდ რუსეთის დელეგაციის სამმა დეპუტატმა მისცა ხმა წინააღმდეგ.
რეზოლუციის კანონპროექტს საბოლოოდ ხვალ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს. საბოლოოდ დასამტკიცებლად ხვალინდელ პლენარულ სესიაზე გავა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელსაც დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, 17 პუნქტისგან შედგება.
რეზოლუციის პროექტში, სახელწოდებით ”კონფლიქტი საქართველოში” ძირითადი აქცენტი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზეა გაკეთებული და ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულვებელყოფას. ამასთან, რეზოლუციის პროექტში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ეუთო-ს, გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს ორგანიზაციის ჩართულობა საქართველოში, გაზარდოს მისი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის, ხელი შეუწყოს შერიგების პროცესს ადგილზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებით.