პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს. პარტიის რიგებს დევი ტაბიძე შეუერთდა. ტაბიძე საზოგადოებას პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა და მას „თავისუფალი დემოკრატების“ მანდატი გადასცა.
დევი ტაბიძე არის მედიცინის დოქტორი, ექიმი გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში. მას აქვს 21 საერთაშორისო სერთიფიკატი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში. დევი ტაბიძე თბილისის სამ წამყვან უნივერსიტეტში არის მოწვეული პროფესორის სტატუსით.
„ჩვენს გუნდს შემოემატა მედიცინის დოქტორი დევი ტაბიძე. ის არის საკმაოდ კვალიფიციური და თავისი საქმის პროფესიონალი. დევი ტაბიძემ განვლო საინტერესო და მნიშნელოვანი გზა რიგითი კლინიკური ორდინატორიდან მედიცინის დოქტორამდე. მათ შორის 16 წელი აღმასრულებელ სექტორში და 12 წელი კლინიკურ მედიცინაში. ბატონი დევი არის ცნობილი ექიმების ოჯახში გაზრდილი მეოთხე თაობის ექიმი, რომელიც დღესაც ზრდის მომავალ თაობებს. დღეს მან სურვილი გამოთქვა დადგეს „თავისუფალი დემოკრატების“ გვერდით და ჩვენთან ერთად იზრუნოს ახალი, თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია სოციალური და ჯანდაცვის სფერო. ამ სფეროებში კი პრობლემები სამწუხაროდ მრავლად არის ჩვენს ქვეყანაში. ბატონ დევისთან ერთად, დავით თელიასთან, კოკა ფრუიძესთან და „თავისუფალი დემოკრატების“ ძლიერ გუნდთან ერთად ვიმუშავებთ უკეთესი ჯანდაცვის სისტემის შესაქმნელად“, - განაცხადა ალასანიამ.