უნგრეთის პრემიერმა პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა

უნგრეთის პრემიერმა პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა

უნგრეთის პრემიერმა ვიკტორ ორბანმა (Orbán Viktor) უნგრეთის სამოქალაქო კავშირის „Fidesz“ საპარლამენტო ფრაქციის შეკრებაზე პრეზიდენტის პოსტზე ევრო-პარლამენტის დეპუტატის, იანოშ ადერის (Janos Ader) კანდიდატურა წამოაყენა. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის ხლმძღვანელმა იანოშ ლაზარმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალი პრეზიდენტის მთავარ ამოცანას ქვეყნის ახალი კონსტიტუციის განმტკიცება წარმოადგენს.

უნგრეთის ახალი კონსტიტუცია ძალაში ამა წლის პირველ იანვარს შევიდა. დოკუმენტმა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ევრო-კავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. კრიტიკოსები ხაზს უსვამენ იმას, რომ ქვეყნის უმაღლესი კანონი ოპოზიციისა და საზოგადოების ნაკლებ ჩართულობის ფონზე იქნა მიღებული. რომ ის მმართველი პარტიის იდეოლოგიის გამოხატულებას წარმოადგენს და ზღუდავს და პოლიტიზირებას უკეთებს მანამდე არსებულ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომ ის კონსერვატული ქრისტიანობის მსოფლმხედველობრივ გავლენას განიცდის და ა.შ.

ქვეყნის წინა პრეზიდენტმა, პალ შმიტმა 2 აპრილს გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ მარტის ბოლოს ბუდაპეშტის მედიცინისა და სპორტის უნივერსიტეტის დოქტორთა საბჭომ შმიტს სამეცნიერო ხარისხი ჩამოართვა, ჩათვალა რა შმიტის მიერ დისერტაციის დროს, ინფორმაციის წყაროს მითითების გარეშე, სხვა ავტორის (ნიკოლაი გეორგიევი) დისერტაციის ამონარიდების სიტყვა-სიტყვით ციტირება პლაგიატის ფაქტად.

 

52 წლის იურისტი, ოთხი შვილის მამა, ევროპის სახალხო პარტისს ფრქციის დეპუტატი, იანოშ ადერი მმართველი პარტიის „Fidesz“ ერთ-ერთი დამფუძნებლია. იგი ცნობილია, როგორც ახალი იდეების სტრატეგი და პრემიერის ახლო მეგობარი.

 

ერთი პერიოდი, პოლიტიკური წარუმატებლობის საფუძველზე ადერსა და ორბანს ურთიერთობა გაუფუჭდათ, რის გამოც ადერი ქვეყნის შიდა პოლიტიკას განერიდა და ევროპარლამენტის დეპუტატის სტატუსით მოღვაწეობა ბრიუსელში განაგრძო. იმ დროს უნგრეთის პრესამ ეს განრიდება „დევნილობად“ მონათლა.

 

თუმცა, მოგვიანებით, ხელისუფლებაში მობრუნებულმა ორბანმა ადერს არჩევნებისა და სასამართლო სისტემის შესახებ ორი საკამათო კანონპროექტის დაწერა თხოვა, რაც ადერმა პირნათლად შეასრულა.

 

პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იანოშ ადერს მოუწევს რთული მისიის შესრულება - წარმოადგინოს „უნგრეთის ხალხის ერთიანობა“.

 

უნგრეთის პრეზიდენტი უფრო ცერემონიალური ფიგურაა, თუმცა ამავე დროს ის ქვეყნის მთავარსარდალია. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე 35 წლის ნებისმიერი მოქალაქე. პრეზიდენტს ქვეყნის პარლამენტი 5 წლის ვადით ირჩევს. ახალი პრეზიდენტი ძველი პრეზიდენტის უფლებამოსილების გასვლამდე სულ მცირე 30 დღით ადრე უნდა იქნეს არჩეული. ან, თუ პრეზიდენტის უფლებამოსილება ვადამდე შემწყდება, ახალი პრეზიდენტი 30 დღეში უნდა იქნას არჩეული.

 

კანდიდატურის წამოსაყენებლად საჭიროა პარლამენტის მინიმუმ 50 დეპუტატის მხარდაჭერა, არჩევნები ფარული კენჭისყრით ტარდება. არჩევისათვის საჭიროა ხმათა სამი მეოთხედის მოპოვება. თუ პირველი ტური ვერ გამოავლენს გამარჯვებულს, იგივე პირობებით მეორე ტური ტარდება. თუ ვერც მეორე ტურმა დაასახელა გამარჯვებული, მაშინ ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი ერთმანეთს მესამე ტურში დაუპირისპირდება, სადაც გამარჯვებული უკვე უბრალო უმრავლესობით (50%+1) გამოვლინდება. ყველა ტური ერთმანეთის მიყოლებით სამ დღეში უნდა ჩატარდეს.

 

ახალი პრეზიდენტის არჩევნები 2 მაისს არის დანიშნული.