„მედიის მიერ ბოლო დროს გავრცელებული უპასუხისმგებლო ინფორმაციის საპირისპიროდ, აფხაზეთის (ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის) ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დანაღმვის ფაქტი არ შეუნიშნავს. რეალურად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სთხოვეს საქართველოს შესაბამისი უწყებისათვის განაღმვითი ოპერაციის შესახებ გადაეცა ინფორმაცია. გარდა ამისა, მისიამ ადგილზე, ოტობაიას მახლობლად სადამკვირვებლო ჯგუფი გაგზავნა, რათა აღნიშნული სამუშაოების მონიტორინგი განეხორციელებინა. ადგილზე, მისიის სადამკვირვებლო ჯგუფმა მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლას შეუწყო ხელი“, - ნათქვამია განცხადებაში.
„უპასუხისმგებლო ინფორმაციის“ გავრცელების ავტორად სადამკვირვებლო მისიას სავარაუდოდ ის ინტერნეტ-გამოცემა მიაჩნია, რომელმაც ოტობაიას სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების დამონტაჟების შესახებ ცნობა სათაურით, „რუსმა სამშვიდობოებმა აფხაზეთში სკოლის მიმდებარე ტერიტორია დანაღმეს“, პირველმა გაავრცელა. „ოკუპირებული აფხაზეთის საზღვარზე, რუსმა მშვიდობისმყოფელებმა ასაფეთქებელი ნივთიერება დაამონტაჟეს. ამის შესახებ internet.ge-ს ოკუპირებული რეგიონიდან აცნობეს. წყაროს თქმით, ე.წ. „მინები“ ოკუპანტებმა განმუხურისა და ოტობაიას საზღვარზე დადეს.
„ოტობაიაში ერთადერთი ქართული სკოლაა, რუსებმა კი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებები ჩადეს. ბავშვები სკოლაში შემოვლითი გზით დადიან“, -აცხადებს წყარო.
ამ ინფორმაციას აფხაზური მედიის მხრიდან გამოხმაურება დღესვე მოჰყვა, სადაც რუსმა მესაზღვრეებმა ადმინისტრაციული საზღვრის დასახლებული პუნქტების სიახლოვეს მათ მიერ დანაღმვის ფაქტი კატეგორიულად უარყვეს. რუსული მხარის ინფორმაციით, ფსბ-სა და აფხაზეთის მესაზღვრეებმა ოტობაიაში არსებულ დანაღმულ ტერიტორიებზე ინფორმაცია 16 აპრილს მიიღეს. ტრაგიკული შედეგების, მშვიდობიანი მოქალაქეების დაშავებისა და დაღუპვის ფაქტების თავიდან ასარიდებლად, ე. წ. „ცხელი ხაზის“ მეშვეობით მესაზღვრეებმა საქართველოში მოქმედ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს აცნობეს და სთხოვეს, თავის მხრივ ვანო მერაბიშვილის უწყებისათვის ეცნობებინათ.
„აშკარა ფაქტების მიუხედავად ქართული მედია შეეცადა რუსი სამხდრო მოსამსახურეები დასახლებული ადგილების დანაღმვაში დაედანაშაულებინა“, -აცხადებენ ფსბ-ს წარმომადგენლები.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის უფროსმა, ლეონ ბრუინმა დღეს გამართულ დამკვირვებელთა მედლებით დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ presage.tv-სთან საუბარში აფხაზური მედიით გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ საზღვართან ნაღმების არსებობის შესახებ რუსმა მესაზღვრეებმა მისიის წარმომადგენლებს მართლაც აცნობეს.
„როდესაც ეს შეტყობინება მივიღეთ, მაშინვე ვაცნობეთ საქართველოს შესაბამის ძალოვან სტრუქტურებს. ამ ტერიტორიებზე ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ მონიტორინგს. იქ ძალიან ხშირად გვხვდება ასაფეთქებელი ნივთიერებების ძველი ნარჩენები. შესაძლოა, ის კიდევ არის მიწის ქვეშ და არ არის გამორიცხული, რომ ზედაპირზე დროთა განმავლობაში ამოიწიოს. თუ არ ვცდები, 2008 წელს, ზუსტად იმ ადგილზე მოხდა აფეთქება. განაღმვით სამუშაოებს დღესაც აწარმოებს ცნობილი გამნაღმველი ორგანიზაცია „ჰალო ტრასტი“ დეფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად“, -განაცხადა ლეონ ბრუინმა.
ადმინისტრაციულ საზღვართან მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმებზე საუბრისას, ზუგდიდის ტერიტორიაზე უკანონო შეიარაღებული ფორმირებების არსებობის გახმაურებულ თემასთან დაკავშირებით presage.tv-ის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას ლეონ ბრუინმა თავი აარიდა და განაცხადა, რომ ნახსენები თემა მისიის პოლიტიკურ ასპექტს განეკუთვნება და პასუხის მიღება უპრიანად საქართველოში ევროკავშირის მისის ხელმძღვანელის, ანდჟეი ტიშკევიჩის მხრიდან ჩათვალა.
„მე მსმენია ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჩვენი მისიის მანდატის შემადგენელი ნაწილი არ გახლავთ და ამდენად, ვერ გაგცემთ პასუხს“, - განმარტა ბრუინმა.