დღეს სიკეთის ავტორიტეტი და კუნთების ავტორიტეტი ეჯიბრებიან ერთმანეთს.

დღეს სიკეთის ავტორიტეტი და კუნთების ავტორიტეტი ეჯიბრებიან ერთმანეთს.

"ივანიშვილს შეეძლო პარტია არც შეექმნა, რადგან პარტნიორების მჭიდრო წრე ჰყავს, მაგრამ რადგან პარტია შექმნა, ე.ი მას სურს რეალური მექანიზმები აამუშაოს და მას უფრო რეალისტური პოლიტიკა აინტერესებს. როგორც ჩანს, ის პოლიტიკოსია და იცის, რომ საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციის გარეშე ადამიანი პოლიტიკაში რეალურ ძალას არ წარმოადგენს", - აცხადებს პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით საყვარელიძე: დღეს სიკეთის ავტორიტეტი და კუნთების ავტორიტეტი ეჯიბრებიან ერთმანეთს.

"სააკაშვილი რომ მოდიოდა, არც მის გარშემო იყვნენ ის სახეები, რომლებიც სახელგანთქმულები იყვნენ. რაღაც ნაწილი სააკაშვილმა თავად წამოწია და შემდეგ ისევ უკან მიმალა. როგორც ჩანს, ივანიშვილმა სცადა ორიენტაცია იმ სახეებზე აეღო, რომლებიც თავიანთ პროფესიაში სახეს წარმოადგენენ და თავთავიანთ საქმეში პროფესიონალიზმს განასახიერებენ. ესეც ერთგვარი განაცხადია, თორემ რომ გითხრათ, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის ყველა მოთხოვნას ეს სისტემა აკმაყოფილებს-მეთქი, არ ვიქნები სწორი ისეთი მარტივი მიზეზით, რომ დროთა განმავლობაში აუცილებლად უნდა გაჩნდეს რეგიონული სახეები - დღეს გამოჩნდა 2008 წლის გმირის გიორგი ტატუაშვილის დედა, რომელიც რეგიონში ძალიან აქტიურია. აი, ეს აქტიური ხალხი და თან სწორედ რეგიონებში არის ნებისმიერი პარტიის ძირითადი რეალური ძალა. როცა ივანიშვილის პარტიის სახედ ასეთი ხალხიც გადაიქცევა, მერე ალბათ უფრო მიუახლოვდება იმ ფორმას, რომელიც პარტიას სჭირდება", - - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

"ამ ქალის, დედის გამოჩენა არის საინტერესო ფაქტი, იმიტომ, რომ ამ ქალბატონმა იმის თქმით, რომ ივანიშვილის გვერდით ღიად დადგომის გამო მის შვილს ემუქრებოდნენ, განაცხადა, რომ რომ არ ეშინია. დიდხანს აცოცხლოს და თავის შვილზე ნაკლები გმირი არც თავადაა! რაც უფრო მეტი იქნება ასეთი მაგალითები, ალბათ, ამით გადატყდება ის, რასაც შიშის სინდრომი ჰქვია. ხელისუფლება ცდილობს შიშზე დაფუძნებით მიიღოს თავისთვის სასურველი შედეგი. ამ მეთოდით გამარჯვება მხოლოდ დროებითია. ამ დროს კი ივანიშვილის ავტორიტეტი სიკეთეზე - 20-წლიან ქველმოქმედებაზეა დაყრდნობილი. ფაქტობრივად, დღეს სიკეთის ავტორიტეტი და კუნთების ავტორიტეტი ეჯიბრებიან ერთმანეთს. მგონია, რომ კუნთების იმედად ყოფნა ხელისუფლებისთვის წამგებიანი იქნება. მგონია, რომ სადღაც 60% შიშს დაძლევს, ისე როგორც ამ გმირმა ქალმა დაძლია. თუკი მოსახლეობა შიშს გადაბიჯებს, რაც უფრო გამწარებული იქნება ხელისუფლებისგან, მით უფრო დაუნდობელი იქნება ამ ხელისუფლების მიმართ და ამიტომაცაა წამგებიანი ხელისუფლებისთვის კუნთებზე დაყრდნობა", - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

"გაზეთის ფურცლებზე მალაპარაკებთ და გაზეთს ის პლუსი აქვს, რომ ხელიდან ხელში გადადის და დაფიქრების საშუალებას იძლევა - ამიტომ მინდა ყველა ერთ რამეს დაუფიქრდეს - ისე იყავი მომხრე ან მოწინააღმდეგე, რომ სხვების გაღიზიანება არ გამოიწვიო და სხვები მტრად არ გაიხადო. ეს დაპირისპირებები ქვეყნისთვისაც საშიში იქნება და კიდევ უფრო მძიმე იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური ელიტისთვის - ბოლოს და ბოლოს ჩაალაგებს ჩემოდანს და წავა, არამედ დანარჩენი ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოში გააგრძელებენ ცხოვრებას. იმ მოსამართლეებისთვის, რომლებსაც უსამართლო გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებიც სხვებისთვის წართმევით გახდნენ მდიდრები და ა.შ. ამ ადამიანებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ - უნდათ, რომ ხელისუფლების შეცდომებს გადაჰყვნენ თუ არა: ასეთი გადაწყვეტილების მიღების მომენტი კი აუცილებლად დადგება", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "ზოგს მიაჩნია, რომ "ქართული ოცნება" არ აქტიურობს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება საკმაოდ აქტიურად არის ჩასაფრებული ივანიშვილის წინააღმდეგ. ამ ჩასაფრებით ხელს უწყობს "ქართულ ოცნებას?" - პასუხობს:

"ივანიშვილი მიხვდა, რომ არ უნდა იაქტიუროს. როცა მეტოქე შეცდომებს უშვებს და აქტიურია, ამ შეცდომების დაშვებაში, ხელი უნდა შეუშალო? ივანიშვილს თავად რომ მოენდომებინა, სათავისოდ ასე ბევრს ვერ გააკეთებდა, მაგრამ ივანიშვილის მხრიდანაც ბევრ რამეზეა სამუშაო, რომ მოსახლეობაში დაამტკიცოს საკუთარი პოლიტიკური უპირატესობა. მისი გამოჩენიდან დიდი დრო გავიდა, პირველი ემოციები დალაგდა, ხელისუფლებამაც "კარგად" იმუშავა იმაზე, რომ მოსახლეობას განცდა გასჩენოდა - თუ არა ის, რომ ივანიშვილი ხელისუფლებას სჯობს, ის მაინც, რომ ორივე იმდენად არ მინდა, რომ არ ვიცი, რა გადავწყვიტო. ანუ, ერთი მხარე ზედმეტ ძალას იყენებს და ეს არ მოგწონს, ხოლო მეორე მხარეს გამოუცდელი ადამიანები დგანან და ეჭვის ჭიები გაჩნდნენ. ახლა ამას განწყობილების ტონუსის აწევა უნდა, ოღონდ ზაფხულის ბოლოს. ჯერ ამისთვის ადრეა".