საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო მწუხარებას გამოთქვამს და თურქ ხალხს გამძლეობას უსურვებს.
პრემიერის თქმით, მსგავსი სისასტიკე მთელმა მსოფლიომ საერთო ძალისხმევით უნდა შეაჩეროს.
"უკიდურეს მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, არიან დაშავებულებიც.
შეძრწუნებული ვარ უდანაშაულო ადამიანების მიმართ ჩადენილი ვერაგული აქტით. ეს სისასტიკე მთელმა მსოფლიომ საერთო ძალისხმევით უნდა შეაჩეროს.
ამ მძიმე წუთებში გამძლეობას ვუსურვებ თურქ ხალხს და თურქეთის მთავრობას",–ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
თურქეთში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად, ამ დროის მონაცემებით, დაიღუპა 28, ხოლო დაშავდა 60 ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა ჩაიდინეს.
თურქული ტელეკომპანია NTV იუწყება, რომ აფეთქების შემდეგ, თვითმხილველებმა 4 შეიარაღებული პიროვნება შენიშნეს, რომლებიც აეროპორტის ტერიტორიიდან გარბოდნენ.