ბიძინა ივანიშვილმა, პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარედ პოლიტიკაში გამოუცდელი უფლებადამცველი მანანა კობახიძე დანიშნა. პოლიტოლოგების განცხადებით, ივანიშვილის მხრიდან, აღნიშნული გადაწყვეტილება საკმაოდ რისკიანი იყო. ამ რისკსა და პასუხისმგებლობას თავად პარტიის ახლად დანიშნული თავმჯდომარეც აცნობიერებს და მზადაა პასუხისმგებლობა მხარდამჭერებთან ერთად გაიზიაროს. "ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებამ ჩაგვაყენა და აუცილებელია პარტიას ჰყავდეს თავმჯდომარე. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პასუხიმგებლობა და მზად ვარ, ეს პასუხისმგებლობა თქვენთან ერთად გავიზიარო", _ განაცხადა მანანა კობახიძემ პარტიის პრეზენტაციაზე.
რამდენად მართებულია ივანიშვილის გადაწყვეტილება და შეუშლის თუ არა ხელს ,,ქართულ ოცნების" წარმატებას პარტიის თავმჯდომარედ პოლიტიკაში გამოუცდელი კობახიძის დანიშვნა, თემის დეტალებზე ,,ჯი-ეიჩ-ენს" ,,საარჩევნო პოლიტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახა კახიშვილი ესაუბრა. _ ბატონო კახა, რას ფიქრობთ, ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე, მანანა კობახიძის პარტიის თავმჯდომარდ დანიშვნის შესახებ? - ვფიქრობ, მანანა კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ არჩევა განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილს არ მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. ივანიშვილი დარწმუნებული იყო, რომ სააკაშვილი მოქალაქეობას აღუდგენდა, თუმცა არ მიანიჭა. ყრილობა ივანიშვილის მხრიდან უკვე დაანონსებული იყო და არ ჰყავდათ კანდიდატი თავმჯდომარის პოსტზე. ალბათ, გადაწყვიტეს კობახიძეს დროებით შეესრულებინა თავმჯდომარის ფუნქცია. ალბათ, ეს უფრო იძულებით მიღებული გადაწყვეტილებაა, რადგან ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას რაღაც ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაედგათ. - რამდენად სწორი სტრატეგიაა ივანიშვილის მხრიდან პარტიის თავმჯდომარედ ისეთი ადამიანის დანიშვნა, ვისაც პოლიტიკაში შეიძლება ითქვას, გამოცდილება არ გააჩნია? - ქალბატონი მანანა კარგი უფლებადამცველია, მაგრამ პოლიტიკა განსხვავებული სფეროა, სადაც ქალბატონ მანანას არანაირი გამოცდილება არა აქვს. თუმცა ქვეყნისთვის არც იმ ხალხს მოუტანია არანაირი შედეგი, ვინც პოლიტიკაში 15-20 წელია არის და დიდი გამოცდილება აქვს. პრინციპში პარტიაში საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს ეს ფაქტია. ამიტომ, აქედან გამომდინარე ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ კობახიძის დანიშვნა მხოლოდ განპირობებული იყო იმიტომ, რომ ივანიშვილს არ აღუდგინეს მოქალაქეობა. პარალელურად აუცილებელი იყო პარტიის ძალიან სწრაფად ჩამოყალიბება, რადგან არჩვენებამდე სულ რამდენიმე თვე დარჩა. აქედან გამომდინარე, იფიქრეს, რომ იუსტიციის სამინისტროსთან დავა, მოქალაქეობის საკითხის გაურკვევლობა, საკონსტიტუციო ცვლილებების მოლოდინი, მხოლოდ დროის გაწელვა იქნებოდა და ჩათვალეს, რომ პარტიის ყრილობა მაინც ჩაეტარებინათ. - ექსპერტების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პარტიის თავმჯდომარედ პოლიტიკაში გამოუცდელი ადამიანის დანიშვნა რისკიანი გადაწყვეტილება იყო. თქვენ რას ფიქრობთ, ეს გარემოება შეუშლის ხელს ,,ქართულ ოცნებას" გამარჯვების მიღწევაში? - ვინც ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერია მან ისედაც იცის, რომ პარტიის უკან მაინც ბიძინა ივანიშვილი დგას და საბოლოო გადაწყვეტილებებს, მაინც ბიძინა ივანიშილი იღებს. პოლიტიკაში გამოცდილებას, რაც შეეხება ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია მინახავს, რომლთა რეიტინგი 1% არ აღემატება და ბევრი შეცდომაც ჰქონიათ დაშვებული პოლიტიკურ ასპარეზზე. ის, რომ პოლიტიკაში გამოუცდელ ივანიშვილს უფრო მეტი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე ყველა დანარჩენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ეს ხომ ფაქტია. ამიტომ ივანიშვილსა და მის გარემოცვას პარტიის თავმჯდომარედ ისეთი კანდიდატურა სჭირდებოდათ, რომელიც არ შექმნიდა შიდაპარტიულ პრობლემებს და არ ექნებოდა მოთხოვნა საკითხების პრინციპულ გადაწყვეტასთან დაკავშირებით. თუმცა უმჯობესია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ხალხთან ურთიერთობა იქონიონ, ვიდრე ტრიბუნიდან ისაუბრონ. პოლიტიკოსი საზოგადოებასთან როცა ურთიერთობს იცის ხალხი რის მოლოდინშია, რას ელის, რა პრობლემები აწუხებს, ამიტომ მართებული იქნება ყოველდღიურად იქონინონ ხალხთან კონტაქტი, რასაც აქამდე ვერ ვხედავ. - ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებული ადვოკატებისგან განსხვავებით, ეკა ბესელია პარტიის ვერც ერთ სტრუქტურაში ვერ მოხვდა. რას უკავშირებთ ამ ფაქტს? - მიუხედავად იმისა, რომ ბესელიას პარტიაში არანაირი პოლიტიკური თანამდებობა არ უკავია, მაინც დანამდვილებით ვიცი, რომ ჩართულია ,,ქართული ოცნების" მუშაობაში. რაც შეხება იმას რატომ ვერ მოხვდა ბესელია პარტიაში, ან პოლიტიკურ საბჭოში ეს უფრო შიდა პრობლემების ბრალია. _ ბიძინა ივანიშვილის პარტიის პრეზენტაციაზე არ იმყოფებოდნენ ,,ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლები. ,,ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ,,ფორუმმა" პრეზენტაციაზე მისვლა პირადი პრობლემების გამო ვერ შეძლო. თქვენ იზიარებთ ამ მოსაზრებას, თუ რეალურად სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე? - მე, პირადად, არ ვიზიარებ ამ არგუმენტს. იმ შემთხვევაში, თუ კოალიციაში შემავალი ყველა პარტიის ლიდერი ესწრებოდა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პრეზენტაციას მაშინ ,,ფორუმიც" უნდა დასწრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მაინცდამაინც დიდი პომპეზურობით არ გამოირჩეოდა სადამფუძნებლო ყრილობა. თუმცა რახან, სხვა პარტნიორები დაესწრნენ, მაშინ ფორუმიც უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს შემთხვევაც გამოწვეულია რაღაც უთანხმოებით. მიუხედავად იმისა, რომ ,,ფორუმი" კოლიციის შემადგენელი ნაწილია, მაინც ჩრდილში იყო. ბოლო პერიოდში, რაც ,,ეროვნული ფორუმი" კოალიციაში გაწევრინდა ,,ფორუმის" განცხადება კოალიციის სახელით არ მომისმენია. - შესაძლებელია აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, ,,ეროვნული ფორუმი" გაემიჯნოს ,,ქართულ ოცნებს" და ცალკე დაიწყოს წინასაარჩევნო კამპანია? - ,,ფორუმი" ჯერ კიდევ რაღაცის მოლოდინშია, ჯერ კიდევ ალბათ, ბევრ საკითხში არ არიან შეთანხმებულები. პრინციპში კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ იმ დღიდან როდესაც ,,ეროვნული ფორუმი" კოალიციის წევრი გახდა, მათი განცხადებები კოალიციის სახელით არ გამიგია, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებულები თავის სტრატეგიაში, რაღაცის მოლოდინში არიან და ამიტომაც არ არიან უფრო აქტიურები. |