"როგორც ჩანს, ახალი სკანდალი მწიფდება ამერიკელ მილიონერ ენდრიუ მურდზას, ქართველ ემიგრანტ დავით კარტოზიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. ამერიკელი ბიზნესმენი საქართველოს ხელისუფლებას პროექტ "ლაზიკას" მითვისებაში ადანაშაულებს. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს "ლაზიკას" პროექტის ავტორებთან, დავით კარტოზიასა და ენდრიუ მურდზასთან, რომლებსაც "სკაიპით" დავუკავშირდით, - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით სკანდალი: ვის მოჰპარა "ლაზიკა" საქართველოს მთავრობამ / ენდრიუ მურდზა: "პროექტი 11 მილიონი დამიჯდა... ვერ ვიჯერებ, რომ იდეა პრეზიდენტმა მოგვპარა, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი ცრუ და მდაბალი ხელისუფლება მართავდა ქვეყანას".
"დავითსა და მის ოჯახს კარგად ვიცნობ. მას სიცოცხლეზე მეტად უყვარს თავისი ქვეყანა. ვუთხარი, სამშობლოში დაბრუნებასა და საკუთარი ხალხის დახმარებას არაფერი ჯობს-მეთქი. ასე დავიწყეთ ფიქრი, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა საქართველოსთვის. გადავწყვიტეთ, ხამანწკები გამოგვეყვანა - შავ ზღვას საჭირო მარილიანობა აქვს ხამანწკების მოსაშენებლად. მასზე მსოფლიო ბაზარზე უდიდესი მოთხოვნაა. ხამანწკების საკონსერვო წარმოება და ექსპორტი ქვეყანას დიდ ფულს მოუტანდა. ჩვენი პროექტი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებისა და მისი მსოფლიო ბაზარზე გატანის გარდა, დევნილი მოსახლეობის დასაქმებასაც ითვალისწინებდა. თითოეული დევნილისთვის უფასო ბინა და კულტურული გარემო იყო გათვალისწინებული, რომელიც მზის ენერგიის ბატარეებით იქნებოდა აღჭურვილი. დევნილები ამ ახალი წამოწყების მეწილეებიც გახდებოდნენ, მათი საშუალო ხელფასი კი 500-600 დოლარი უნდა ყოფილიყო. პროექტზე მუშაობა 7 წლის წინ დავიწყეთ. 32 კაცი 7 წლის განმავლობაში დღე-ღამეს ასწორებდა - დაახლოებით 11 მილიონი დოლარი დაიხარჯა. თქვენმა მთავრობამ კი ის მოგვპარა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ამერიკელი ბიზნესმენი ენდრიუ მურდზა. "ლაზიკა" უნდა გაშენებულიყო ჭაობზე, რომელიც კი არ განადგურდებოდა, არამედ სიკეთეს მოიტანდა - ჭაობიანი ადგილი, თუკი განვითარდება, ბუნების ნატურალური ფილტრია. ახლა თქვენი მთავრობა ჭაობების დაშრობას აპირებს. ვინც ამას აპირებს, ალბათ, არც ფიზიკა იცის, არც ქიმია და არც ბიოლოგია. ჭაობებს სპეციალური, ე. წ. რამსაარის კონვენცია იცავს, ხოლო მათი ამოშრობა იმას ნიშნავს, რომ შავი ზღვა თითქმის მთელ კოლხეთის დაბლობს მიიტაცებს! ვერ ვიჯერებ, რომ იდეა პრეზიდენტმა მოგვპარა, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი ცრუ და მდაბალი ხელისუფლება მართავდა ქვეყანას. ისეთი სიმდაბლე, რაც თქვენმა მთავრობამ ჩაიდინა, ძნელად წარმოსადგენია. 77 წლის კაცი ვარ, პრეზიდენტ ეიზენჰაუერისაგან ჯილდო მაქვს მიღებული. კაცის სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს. თქვენმა მთავრობამ არ იცის სიტყვის ფასი და ჩემი სახით დიდი მტერი შეიძინეს. მანამდე ვიბრძოლებ, სანამ არ გავიმარჯვებ. ბევრი ქვეყნის მთავრობასთან მქონია საქმე, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა არავის მოუყენებია. ამ დამცირებას არ ჩავყლაპავ. ჩვენი მიზანი არ არის ჯიბის გასქელება. მსოფლიომ უნდა გაიგოს, ვინ მართავს საქართველოს და გპირდებით, ასეც იქნება", - დასძენს ამერიკელი ბიზნესმენი "ჩვენი პროექტით საქართველოს საელჩოში მივედით. მოგვისმინეს, დაგვისვეს კითხვები. 2010 წლის 16 დეკემბერს ჩემს სახლში შევხვდით აშშ-ში საქართველოს ელჩს, ბათუ ქუთელიას. შეგვპირდა, რომ მსოფლიო ბანკთან გვიშუამდგომლებდნენ. პროექტი ნიკოლოზ რევაზიშვილს გადასცეს, დაუყოვნებლივ მსოფლიო ბანკში წარსადგენად. 4 თვის ლოდინის შემდეგ მოვიკითხეთ და აღმოჩნდა, რომ მსოფლიო ბანკში არავინ არაფერი იცოდა... ჩვენს პროექტში ეკლესიების აშენებაც გვქონდა გათვალისწინებული. თუმცა, საქართველოს მთავრობის პოზიცია გამაოგნებელი იყო, არავითარი ეკლესიებიო: თემურ იაკობაშვილთან ვიყავით შეხვედრაზე. ამ შეხვედრას კიდევ სამი ამერიკელი და დავით რაქვიაშვილიც ესწრებოდნენ. გვითხრა, გორთან ახლა პატარა ქალაქის მშენებლობა როგორ შეიძლებაო? გამიკვირდა, ამერიკელებმა კარგად იციან საქართველოს გეოგრაფია. ისიც იციან, რომ გორში პალიასტომის ტბა არ არის. სიტყვის სხვა საკითხზე გადატანა ვცადე, ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთი დაგვიფარავს, ეკლესიებს ავაშენებთ ამ ქალაქში და ღვთის შეწევნით ყველაფერს გავუმკლავდებით-მეთქი. უცბად იაკობაშვილმა მითხრა, ოღონდ ეკლესიები არ ახსენოთ და ჩვენი მთავრობა ყველაფერზე თანახმა იქნებაო და კაზინოს აშენება შემომთავაზეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით კარტოზია. "საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერს ვაზღვევინებთ. გავლენიანი მეგობრები გვყავს ამერიკის მთავრობაში, ხუთი სენატორი უკვე ჩართულია ამ საქმეში. 16-17 ივნისს შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი სენატორებსა და კონგრესმენებთან. ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. რაც ეს ამბავი გავახმაურეთ, მესიჯების გამოგზავნა დამიწყეს, როგორ არ გრცხვენია, ასეთ რამეებს რომ აკეთებო - თითქოს მე მოვიპარე პროექტი! ორი დღის წინ კი მუქარის კასკადი დაიწყო: არ იცი, რა შარში გაყავი თავი, ფრთხილად იყავი, რატომ არ გეშინია, საქართველოში დარჩენილ ნათესავებზე რატომ არ ფიქრობო. მახსენებენ, რომ საქართველოში მყავს დედა, ძმა, მამიდა. თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა ვუთხრა მათ, არ მეშინია! არ მეცოდება არც ჩემი შვილი, არც სხვისი, არც საკუთარი თავი, რადგან თუ დღეს შიში დაგვეუფლა, განწირული ვართ, - არ გვექნება ჩვენი მიწა, არ გვექნება სული, დავკარგავთ ღმერთს. ვერ შემაშინებთ, მაგრამ გაფრთხილებთ, თქვენს თითოეულ მცდარ ნაბიჯს ათი ათასად გაზღვევინებთ!", - დასძენს რესპონდენტი. "11 წლის წინ ჩემი შვილი გიორგი გაიტაცეს. გამტაცებლები დაიჭირეს. ეს ხალხი სასჯელს იხდის, მაგრამ მე მაშინ დიდი შეცდომა დავუშვი, - ქართველებს ხელი დავაფარე. დაიჭირეს მხოლოდ ის ამერიკელები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ჩემი შვილის გატაცებაში. ის ხალხი, ვინც ჩემი შვილის გატაცებაში მონაწილეობდა, დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია. საქართველოს ბოროტმოქმედების ბანდა მართავს. ფულის გათეთრებისთვის არაფერს ერიდებიან. უამრავი ფაქტი ვიცი, დაწყებული ომით და დამთავრებული "ლაზიკის" მშენებლობით. როცა ასე აოხრებ საკუთარ მიწა-წყალს და ამწარებ ხალხს, მოღალატე ხარ!", - ამბობს დავით კარტოზია და შეკითხვას - "დაგვისახელეთ ფულის გათეთრების მაგალითები", - პასუხობს: "მაგალითად, თელავის წყალდიდობა. სინოპტიკოსებმა წინასწარ განსაზღვრეს სტიქიური უბედურების მოახლოება. ხელისუფლებაში მოკალათებულებმა უცბად შეთითხნეს ყალბი ხარჯთაღრიცხვები, ვითომ რაღაც-რაღაცები იყო აშენებული. სინოპტიკოსების პროგნოზი გამართლდა და ყველაფერი ჩამოიწერა, ასე ვთქვათ, "წყალმა წაიღო" საქართველოს ხელისუფლების შავბნელი საქმეები. კიდევ ბევრი რამ ვიცი და მე დავანახებ საქართველოს ხელისუფლების ნამდვილ სახეს მთელ ამერიკას. ახლა "ლაზიკას" ამბავი არ გაინტერესებთ? ააშენებენ რაღაცას, თანაც ისეთ ადგილას, სადაც მშენებლობა დაუშვებელია. ასეთ ადგილებში იმიტომ იწყებენ მშენებლობებს, რომ კარგად იციან, ეს შენობები განწირულია გასანადგურებლად. ვითომ გზებს გაიყვანენ, ვითომ შენობებს ააშენებენ, მერე უცბად წყალი ან მეწყერი მოვარდება და ჩამოწერს ყველაფერს, ისე როგორც აგვისტოს ომმა ჩამოწერა საქართველოს ხელისუფლების ცოდვები. მილიონებზე რომ იყოს საქმე, არ იქნებოდა ასეთი მძიმე სურათი. ლაპარაკია მილიარდებზე. დამიჯერეთ, ამ საქმეში დღეს ისეთი პირები არიან ჩარეული, ქვა ქვაზე არ დარჩება! ჩვენ მთელ მსოფლიოს დავანახებთ, ვინ არის საქართველოს ხელისუფლება!" |