რატომ გადაწყვიტა ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში გადასვლა და ემზადება თუ არა ქუჩის აქციებისთვის

რატომ გადაწყვიტა ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში გადასვლა და ემზადება თუ არა ქუჩის აქციებისთვის

არა სამუდამოდ, მაგრამ იქამდე, ვიდრე მოსახლეობაში ინფორმაციულობის დეფიციტი არ გამოსწორდება, კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის. საზოგადოებაში მიიჩნევენ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის მაგალითი სხვებმაც უნდა გაიმეორონ, მიჰბაძავენ თუ არა მას დანარჩენი ლიდერები, ეს ცოტა ხანში გაირკვევა, მანამდე კი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და კოალიციის გეგმებზე ირაკლი ალასანია საუბრობს.

- ყველა პოლიტიკური ლიდერის ცხოვრებაში დგება დრო, როცა მან რეჟიმთან ბრძოლის ყველანაირი გზა უნდა მოსინჯოს და გამოიყენოს. ასევე ყველა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დგება დრო, როცა ლიდერები ხალხთან უფრო ახლოს უნდა იყვნენ და მათი ცხოვრებით იცხოვრონ, რათა უფრო კარგად აუხსნან, თუ რის გაკეთებას აპირებენ და როგორ. ჩვენს შემთხვევაში პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობა, ასევე ჯანდაცვის სტრატეგია და დასაქმება. მაგრამ ეს ყველაფერი გლეხს გასაგებ ენაზე უნდა ავუხსნათ. ასეთ თემებზე ლაპარაკი თბილისიდან და ოფისებიდან არაფრის მომცემია. თუ არჩევნების მოგება გვინდა, ადგილზე უნდა ვიყოთ და ადამიანებს მათთვის გასაგებ ენაზე უნდა ვესაუბროთ. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ზუგდიდში წასვლა გადავწყვიტე, - სამეგრელო დღეს არის ჩიხი, რომელსაც ხელისუფლებამ განვითარების შესაძლებლობა მოუსპო, რადგან იქაურობას ახალაიების კლანი აკონტროლებს. არადა, ჩიხი კი არა, აფხაზეთთან დამაკავშირებელი ხიდი უნდა იყოს, მაგრამ ხშირად ხელისუფლება თავისი ზრახვებისთვის იყენებს... დიახ, იქ ხალხი ძალიან შეშინებულია, მაგრამ როგორც კი მათ ავუხსენით, რა ხდება სინამდვილეში და რა ცოტა დრო დარჩა სააკაშვილს პოლიტიკური არსებობისთვის, მათი დამოკიდებულება მაშინვე შეიცვალა. ზეწოლას იქაურების კი არა, ჩვენ მიმართაც დაუნდობლად ახორციელებდნენ, როგორც კი იგებდნენ, "ქართული ოცნების" ოფისის გახსნას ვაპირებდით, ფართის მეპატრონესთან მაშინვე კუდ-ის წარმომადგენლებს მიავლენდნენ და პირდაპირ აშინებდნენ, თუ ხელშეკრულებას გაუფორმებთ, "სხვანაირად მოგხედავთო". 

როგორ ფიქრობთ, ასეთ რეალობაში პოლიტიკური პროცესების არჩევნებამდე მშვიდობიანად მიყვანა შესაძლებელია?
- ძალიან ძნელია. სწორედ ამიტომ გავაკეთე ის პოლიტიკური განცხადება, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მოვიპოვე და გადავამოწმე: - ახალაიების მიერ სააკაშვილის ბრძანებით უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნას ვგულისხმობ. როგორც კი ეს განცხადება გავაკეთე, შედეგიც მივიღეთ. ჩემი განცხადების გავრცელებისთანავე დაიწყო გადაადგილებები და სახლებში განთავსებული უკანონო დაჯგუფებები შტაბებში გადაიყვანეს. შემდეგ კი ამ სარეზერვო ინიციატივის ფორმალიზება და კანონის ჩარჩოში მოყვანა დაიწყო, მაგრამ სააკაშვილისგან თვალებში ნაცრის შეყრას დიდი ხანია შევეჩვიეთ, მან ივანიშვილის გამო კონსტიტუციაც კი შეცვალა...

როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება შეიარაღებულ დაპირისპირებაზე წამსვლელია?
- ხელისუფლება რომ ამაზე წამსვლელია, ეს ჯერ კიდევ 2007 წლის 7 ნოემბერს ვნახეთ. იმ "რეზერვის" საშუალებით, საჭიროების შემთხვევაში, ლოკალური დარტყმებისთვის ემზადება. სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალაუფლების შესანარჩუნებლად იბრძოდა. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, უარესად შეშინდა და მეტ რამეზეა წამსვლელი. ამას მოწმობს მისი წაშლილი სახე და ბოლო დროს სრულიად არაადეკვატური ქმედებები. 

მაგალითად?
- პრეზიდენტის ყოველი გამოსვლისას მისი შინაგანი მდგომარეობა იშიფრება. ივანიშვილზე განხორციელებული თავდასხმები გამაოგნებელი იყო როგორც ჩვენთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. შიშის გამო დააყაჩაღა ბანკი და ამიტომ ჩამოართვა მოქალაქეობა ივანიშვილს. 

თუმცა ქართველი საზოგადოება მათი მხრიდან დამაბნეველ განცხადებებსაც შეეჩვია, მაგალითად, უკანონო შეარაღებულ ფორმირებებთან დაკავშირებით. რა იყო ეს, ტაქტიკური უკან დახევა თუ დიპლომატების "დიპლომატიური პოზიცია"?
- მას შემდეგ, რაც თემით ყველა დაინტერესდა, სააკაშვილმაც აღიარა, რომ ასეთი უტოპია არსებობს და თქვა, რომ რეზერვს ქმნიდა. შემდეგ კი სამხედრო რიტორიკა კიდევ უფრო გამძაფრდა. უკან დახევა მას პანიკაში აგდებს, რადგან ასეთი ფსიქოლოგია აქვს. იმ წელს, როცა ქვეყანაში არჩევნები ტარდება, რეზერვის გაზრდა არაფერში სჭირდება. ეს პოლიტიკური შეცდომაა, რადგან ხელისუფლება მთლიანად მოსახლეობის გულის მოგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. გარდა ამისა, ყველამ ვნახეთ, როგორი არაეფექტური იყო 2008 წლამდე ჩამოყალიბებული რეზერვი, რომელიც ქვეყნის პირველმა პირმა ბრძოლის ველზე მიატოვა. სამწუხაროა, მაგრამ სააკაშვილი არ იცნობს თავის ხალხს. მან არ იცის, რომ არავინ დაუშვებს სამოქალაქო ომში დაბრუნებას. 

- და მაინც, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები ახალაიების ბრძანებას შეასრულებენ?
- ეს არ მოხდება. ჩვენი ლიდერები ყველა რაიონში ჩავლენ, სადაც საფრთხე არსებობს. ამასთან, გვეყოლება ძალიან ბევრი და აქტიური დამკვირვებელი. მობილიზებული იქნება დიპლომატიური კორპუსი და საელჩოები. დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდე მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც სააკაშვილმა იარაღი დაურიგა, მას ნებაყოფლობით დააბრუნებს. 

- ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ივნისიდან გარდატეხა მოხდებაო, რას გულისხმობდა "ქართული ოცნების" ლიდერი?
- საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას. "რუსთავი-2-სა" და "იმედზეც" უნდა გვქონდეს ხელისუფლების გუნდის წევრებთან დებატების საშუალება. ამ კუთხით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. 

დიდი ხანია წინასაარჩევნო პიარკამპანია დაწყებული აქვს ხელისუფლებასაც. პრეზიდენტის სახალხო გამოსვლებში გვესმის ახალ-ახალი დაპირებები და საზოგადოების არც ისე მცირე ნაწილს სჯერა მისი... 
- დიახ, სააკაშვილს თავისი რეალობა აქვს, რომელიც საქართველოს მთლიანად მოწყვეტილია. ის იმდენად შორს არის სინამდვილისგან, რომ ხშირად გაიგონებთ საზოგადოებაში, ნეტავ სააკაშვილის საქართველოში მაცხოვრაო. პრეზიდენტს ვინმემ რომ უთხრას, მოსახლეობის უმეტესობა უმუშევარია და სიღატაკეში ცხოვრობსო, გაეცინება და იტყვის, თქვენ ჩვენი გშურთო. 

- რატომ, გარემოცვა ატყუებს?
- გარემოცვაც ატყუებს და თავსაც იტყუებს. არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი, ეს გუნდი უმცირესობაში უნდა გადავიდეს.

როგორ წარმოგიდგენიათ იმ პარლამენტში მუშაობა, სადაც "ნაციონალები" უმცირესობაში იქნებიან?
- მესმის, რომ ეს ახლა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ამ რეალობისთვის თვალის გასწორება მალე მოუწევთ და მათი დამოკიდებულებაც შეიცვლება. სააკაშვილის გუნდის რღვევა უკვე დაწყებულია და მისი დაშლა გარდაუვალია. სულ მალე მათი მთავარი საქმე ჩვენი კრიტიკა იქნება და მათგან განსხვავებით, არავის დავუშლით და არც ტალახის აბაზანებს შევპირდებით. თუმცა ვპირდები, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აღარ იარსებებს, არც სატელეფონო საუბრებზე მონადირე სპეცსამსახურების საჭიროება იქნება. თუმცა ის ნაწილი, რომელიც თავის ქვეყანას პროფესიონალურად ემსახურებოდა, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, ხელისუფლების ცვლა მათ ავტომატურ შეცვლას არ ნიშნავს. ეს ქვეყანა ყველასია, მათ შორის ჩვენი ოპონენტებისაც. თუმცა ის ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, პასუხისმგებელი უნდა იყვნენ დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე. 

- საზოგადოებაში კოალიციაში თავმოყრილი პოლიტიკოსების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. როგორ ფიქრობთ, გუნდი, რომელიც კოალიციაშია წარმოადგენილი, ამის გაკეთებას შეძლებს?.. 
- ქართული პოლიტიკური რეალობა არის ისეთი, როგორიც არის. ჩვენს პოლიტიკაში ის ხალხია წარმოდგენილი, რომლებმაც აქამდე მეტ-ნაკლებად რაღაც გააკეთა. უნდა შევძლოთ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ და პოლიტიკოსმა თავის რეალიზება შეძლონ. წარსულის წყენასთან ერთად ისიც უნდა დავივიწყოთ, ორი-სამი წლის წინ ვინ რა პოლიტიკურ პოზიციაზე იდგა. 

იქ არიან ისინიც, ვისაც საზოგადოება ხელმოცარულ პოლიტიკოსებს უწოდებს. ასევე ბევრი შეკითხვაა "რესპუბლიკელების" მიმართაც...
- მერე რა მოხდა?!. ამიტომ უნდა დავსაჯოთ და რეაბილიტაციის საშუალება არ მივცეთ? სააკაშვილი ხომ არ ვარ, რომელიც ქვეყანას თავისიანებად და მტრებად ყოფს?!. რაც შეეხება "რესპუბლიკელებს", ძალიან მადლიერი ვარ, რომ მათ გვერდით მუშაობის საშუალება მომეცა. მათგან და სხვებისგანაც ბევრი რამ ვისწავლე.

- ანუ ერთ დღეს რომელიმე საჯარო მაღალჩინოსანს პოზიცია რომ შეეცვალოს და თქვენთან მოვიდეს, მიიღებთ?
- რა თქმა უნდა, თუ მათ კრიმინალური დანაშაული არ აქვთ ჩადენილი... არ შეიძლება იგივე შეცდომები დაუშვას ახალმა ხელისუფლებამ, რასაც ძველი აკეთებს. ახლა სააკაშვილი ივანიშვილის მოქალაქეობას ეპოტინება და ძიძგილაობს, მისცეს თუ არა. იცით, ამით ჩვენს გეგმებში არაფერი იცვლება, - მიშა ამ ბრძოლაში უკვე დამარცხდა. მან მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ კონკურენტის ეშინია. მისგან განსხვავებით, ჩვენ არაფრის გვეშინია და მზად ვართ, უთანასწორო ბრძოლაში სამართლიანად ვიბრძოლოთ. ჩვენი პრემიერმინისტრობის კანდიდატი აუცილებლად იქნება ბიძინა ივანიშვილი და სააკაშვილს პირადად ვპირდები, რომ პარლამენტში უმრავლესობით მოვალთ. 

- არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ქუჩაში გამოსვლის ალტერნატივა განიხილება?
- წინასწარ ამაზე ლაპარაკი არ ღირს, მაგრამ გაყალბებულ არჩევნებს არ შევურიგდებით.

ბატონო ირაკლი, ჩვენი ჟურნალი აქტიურად თანამშრომლობს სატელევიზიო გადაცემა "ეტალონთან" და გვაქვს ინფორმაცია, რომ 2010 წელს, სტუდენტთა გამოკითხვის შედეგებით, თქვენ "წლის პოლიტიკოსად" დაგასახელეს. რა განცდა იყო ეს?
- მაშინ ქართულ პოლიტიკაში ახალი შემოსული ვიყავი და ასეთი დაფასება და აღიარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, რომ სწორ გზას ვადგავარ. მაშინ ის პერიოდი იყო, როცა მინდოდა, პოლიტიკა ქუჩის დაპირისპირებიდან, პოლარიზაციიდან სრულიად ახალ ჭრილში გადამეყვანა, სადაც ოპონენტი შენი მოსისხლე მტერი არ არის და მასთან საუბარი და კონსენსუსის მისაღწევად ნაბიჯის გადადგმა შეგიძლია. როცა ეს დაფასება და აღიარება დავინახე ახალგაზრდების მხრიდან, ჩემთვის ეს დიდი რწმენის მომნიჭებელი იყო და ძალიან მადლიერი დავრჩი.

როგორ ფიქრობთ, წელსაც რომ ჩატარდეს ასეთი გამოკითხვა, იმავე სტატუსს მიიღებთ?
- ალბათ წინა გამარჯვებულებს ნომინაციაში აღარ ჩართავენ და ახლა ამ სტატუსს სხვა მიიღებს. 

მაღალი რეიტინგის მიუხედავად, ასეთი ფორმატის გადაცემებს ბოლო დროს შესაბამისი მხარდაჭერა არ აქვს. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს მის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება?.. 
- პირველ რიგში, ასეთი ფორმატის გადაცემები საზოგადოებრივ მაუწყებელზე უნდა გადიოდეს, რადგან ეს ის ტელევიზიაა, რომელიც საზოგადოებაში, ახალგაზრდებში, ასეთი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას, მის პოპულარიზაციას უნდა ემსახურებოდეს. პირადად მე მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივს დავინახავდი, თუ ასეთი გადაცემები უფრო ხშირად იქნებოდა.

- მის წამყვანს თუ იცნობთ?
- დიახ, როგორ არა, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი აშკარად საშურ და კარგ საქმეს აკეთებს... მე მივესალმები იმ საქმეს, რასაც აკეთებს და ეს გადაცემა მართლაც საჭიროა, ხარისხიანია და საზოგადოებისთვის აქტუალური. 

- მას არაერთ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრება შესთავაზეს...
- აშკარად ძლიერი კადრია...