მსოფლიოს მუხლები უკანკალებს - ეს შიშის წელიწადია!
ეშინია ყველას ყველასი... მოდით, ერთად გადავხედოთ პლანეტას: ისრაელს ეშინია ირანის და გიუნტერ გრასის ლექსის, ირანს ეშინია უცხო ქვეყნების ღმერთების და ემანსიპირებული ირანელი ქალების, ჩრდილოეთ-კორეას ეშენია აღმოსავლეთ-კორეის (ჩრდილოეთ-კორეაში დარწმუნებულები არიან, რომ მსოფლიოში კიდევ ჩვიდმეტი ცალი კორეა არსებობს - მათ შორის, კავკასიაშიც), ამერიკელებს ეშინიათ ზედმეტი კალორიების, ნორვეგიელებს (გარკვეულ ნაწილს, ყოველ შემთხვევაში) ეშინიათ ტურისტის - ვინმე ბრეივიკს ეშინია, იემენმა, საქართველომ ან კატარმა არ დაიპყროს მისი სამშობლო, ბერძნებს ეშინიათ ინვალიდის ეტლში მჯდომი გერმანიის ფინანსთა მინისტრის, გერმანიის ფინანსთა მინისტრს ეშინია, ბერძნებმა წყალში არ გადაყარონ გერმანული დღგ-დან აკრეფილი მილიარდები, არგენტინელებს ეშინიათ, ზედმეტად ცივი არ გამოდგეს წლევანდელი ზამთრის ივლისი, ბაშარ ალ-ასადის ცოლს ეშინია, უსამსახუროდ არ დაურჩეს სირიელთა მჟლეტი ქმარი, რუსებს ეშინიათ, ოხრად არ დარჩეთ სირიაში გაუყიდავი კალაშნიკოვები, ავღანელებს ეშინიათ, დროზე ადრე არ აორთქლდნენ ნატოს ჯარები, პაკისტანელებს ეშინიათ, ეს ულვაშა სამუდამოდ არ შერჩეთ პრეზიდენტად, ინგლისელებს ეშინიათ, შოტლანდიამ არ გამოაცხადოს დამოუკიდებლობა, ელისაბედ მეორეს ეშინია, მისი "დღიურები" არ წაიკითხოს ვინმემ (მაგალითად, საშინლად ცნობისმოყვარე ედინბურგის ჰერცოგმა), საქართველოს ორასი წელია ეშინია რუსეთის, რუსეთს ეშინია რუსების, სააკაშვილს ეშინია, უფუნქციოდ არ დარჩეს იანვრისთვის, პუტინს ეშინია ბლოგერების და თავისი ტრადიციულად ბრაზიანი ხალხის, ობამას ეშინია, მისი დაცვის წევრებს "თეთრ სახლშიც" არ მოუნდეთ მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მოყვანა, რუსეთის პატრიარქ კირილეს ეშინია, ძვირფასი საათი არ დაუნახოს ვინმემ (ღმერთის სრულებით არ ეშინია), თურქეთის მთავრობას ეშინია, მორიგი გადატრიალება არ დაგეგმონ თურქმა გენერლებმა, ქართველებს ეშინიათ, აზიზიეს მეჩეთი არ ჩადგან სვეტიცხოვლის ეზოში, ქართველ ამომრჩეველს ეშინია, ქართული პასპორტის გარეშე არ დარჩეს ივანიშვილი, ივანიშვილს ეშინია, სტრიქონები არ დაავიწყდეს ქართველი კლასიკოსების ლექსების ციტირებისას, ქართველებს ეშინიათ მცქმუტავი და გაუთვლელი სააკაშვილის, უშიშროების საბჭოს მდივანს ეშინია, ტელედებატების დროს რაიმე საიდუმლო ინფორმაცია არ წამოსცდეს მის ცოლს, აფხაზებს ეშინიათ, სოჭის ოლიმპიადის დროს მარტო ტუვალუელების მასპინძლობა არ მოუწიოთ, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებს ეშინიათ, რომ ქართველი გეები არასდროს ჩაატარებენ გეი-აღლუმს, "მემარჯვენეებს" ეშინიათ, "ნაციონალური მოძრაობა" არ დამარცხდეს არჩევნებში, ფრანგებს ეშინიათ, სარკოზიმ არ გაიმარჯვოს (თუმცა იმისიც ეშინიათ, არ დამარცხდეს), ბან კი მუნს ეშინია, რაიმე მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება არ მოსთხოვის ვინმემ, ბერლუსკონის ეშინია, "ბუნგა-ბუნგაზე" არ იწვნიოს მარცხი ("ერთსაც ვცდი და წავალ"), შევარდნაძეს ეშინია, მორიგი ჩამჭრელი შეკითხვებით არ მიადგნენ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტები, შვეიცარელებს ეშინიათ, მათ ძაღლებს სკვერებშიც არ აუკრძალონ მოსაქმვა... მე კი იმის მეშინია, ერთმანეთის რომ ეშინია ყველას. რა ყოფილა ეს დრაკონი... ხალხო, ვსვათ დამამშვიდებლები! |