"ვფიქრობთ ალტერნატიული "კარდაკარის" განხორციელებასაც და სიების დაზუსტებასაც. ამ ფუნქციის შეთავსებას იმიტომ ვგეგმავთ, რომ სახელმწიფო კომისიის მუშაობას არ ვენდობით. ჩვენ ასევე ყოველმხრივ მასშტაბური კომუნიკაციის პროექტის განხორციელებასაც ვაპირებთ, რათა დაკვირვების ქვეშ ყველა საარჩევნო უბანი მოექცეს", - განუცხადა "რეზონანსს" "ამომრჩეველთა ლიგის" თავმჯდომარე კოკა გუნცაძემ" - გუშინ მან ჟურნალისტებს მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "ლიგის" სამოქმედო გეგმა წარუდგინა, სადაც განაცხადა, რომ სიების გადასამოწმებლად საგანგებო ღონისძიებებს მიმართავენ და ამ მიზნით ერთ კვირაში თბილისის მასშტაბით სპეციალური ოფისები გაიხსნება, ხოლო სამ კვირაში რეგიონული ოფისების გახსნაც დასრულდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ამორჩეველთა ლიგა" ალტერნატიული "კარდაკარის" განხორციელებას გეგმავს / რასაც არ აკეთებს ხელისუფლება, იმის გაკეთება ჩვენი ძალისხმევით უნდა მოხდეს".
"ამასთანავე, როგორც ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, ყველა უბანი ხელმისაწვდომი ყველა ამომრჩევლისთვის უნდა იყოს, რისთვისაც "ლიგა" საარჩევნო უბნებზე კონტროლის მექანიზმების ამოქმედებას გეგმავს. კოკა გუნცაძის განცხადებით, "ამომრჩეველთა ლიგის" ინიციატივით, სოლიდარობის ფონდიც შეიქმნება, რომელიც მატერიალურად და სამართლებრივად დაეხმარება ყველას, ვინც არის, ან შესაძლოა გახდეს ამ რეჟიმისა და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი. გუნცაძის თქმით, მათ კონსულტაციები მხოლოდ იმ პარტიებთან ჰქონდათ, ვისაც ქვეყანაში სასიცოცხლო ძვრების განხორციელება შეუძლია, თუმცა პარტიებს არ აკონკრეტებს, ხოლო ხელისუფლებასთან ყოველგვარ კონტაქტს გამორიცხავს", - აღნიშნავს გამოცემა.
"ლიგის" მიზანია, თავისუფალმა ადამიანმა თავისუფალი არჩევანი გააკეთოს. ანუ მან უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე არჩევანი გააკეთოს თავისი ნების შესაბამისად. საზოგადოებას ის შიში მოეხსნას, რაც არსებობს და რეალურად შეიქმნას მეტ-ნაკლებად სამართლიანი საარჩევნო გარემო. რასაც არ აკეთებს ხელისუფლება, იმის გაკეთება ჩვენი ძალისხმევით უნდა მოხდეს. რეალურად უნდა მივაღწიოთ, რომ ამომრჩეველთა ნება არჩევნების შედეგებზე აისახოს - ამისთვის ჩვენ სადამკვირვებლო ფუნქციებსაც შევითავსებთ. ასევე ვფიქრობთ "კარდაკარის" განხორციელებას და სიების დაზუსტებასაც ვგეგმავთ - ამ ფუნქციის შეთავსება იმიტომ გვინდა, რომ სახელმწიფო კომისიის მუშაობას არ ვენდობით. ჩვენ ასევე ყოველმხრივ მასშტაბური კომუნიკაციის პროექტის განხორციელებასაც ვაპირებთ, რათა დაკვირვების ქვეშ ყველა საარჩევნო უბანი მოექცეს, რომ ონლაინ-რეჟიმში სხვადასხვა ვებგვერდების საშუალებით ადამიანებს შეეძლოთ თვალყური ადევნონ საარჩევნო პროცესებს.", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კოკა გუნცაძე.
"ხელისუფლების ძალადობის აღკვეთის პირველი საშუალება ეს არის საყოველთაო სოლიდარობა. სოლიდარობის ბევრი ფორმა არსებობს და შევეცდებით, ეს გამოვიყენოთ. ფორმატში, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციისა და საზოგადოებრივი მოძრაობის ფორმატი ითვალისწინებს, ამ ფორმატში ყველა იმ ოპოზიციურ ძალასთან გვექნება ურთიერთობა, ვისაც ქვეყანაში სასიცოცხლო ძვრების განხორციელება სურს და რაც მთავარია, პატიოსანი და თავისუფალი არჩევნების გამართვა", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "რამე სახის კონსულტაცია ხელისუფლებასთან არ გქონიათ?" - პასუხობს:
"არა, მათთან არანაირი კონსულტაცია არ გვქონია. დღევანდელი მათი მოქმედებებიდან გამომდინარე, მათთან კონსულტაციები არ გვქონია და არც ვგეგმავთ, იმიტომ რომ ამის აზრს ვერ ვხედავთ".