ლიბერალიზმის კრიზისი?

ლიბერალიზმის კრიზისი?

შარშან, ნორვეგიაში, ახალგაზრდულ ბანაკში, თამთა ლიპარტელიანისა და კიდევ მრავალი ახალგაზრდის დაღუპვამ ისევ გამახსენა, რომ ილუზიებით ვცხოვრობ და აი, უკვე მერამდენედ შევცდი ჩემს ფიქრებში. იმაზე ვფიქრობდი, რომ კუნძულ ოტოიაზე მომხდარი ტერორისტული აქტი კათარზისის იმპულსი გახდება, რომ ღმერთისა და სამყაროს მიმართ სრულიად უდანაშაულო ქუთაისელი გოგონა ერთგვარი მსხვერპლი იქნება ქართული საზოგადოებისთვისაც, რომელიც სიძულვილის მიზეზებზე ფიქრს დაიწყებს. მახსოვს, 2001 წლის 11 სექტემბერსაც მქონდა ეს განცდა. მახსოვს გიორგი სანაიას მკვლელობა; მაშინაც ამას ვფიქრობდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იყო მსხვერპლი, რომელსაც კათარზისი უნდა გამოეწვია. ის უფრო მადარდებდა, რომ კათარზისისთვის ისევ მსხვერპლი ხდება საჭირო, რომ სხვანაირად არ გამოდის, რომ ადამიანს მკვდარი ურჩევნია ცოცხლებს.

შევცდი. ახლა, როგორც ჩანს, მსხვერპლიც არ შველის. იტირებენ და დაივიწყებენ.

აი, აღმოჩნდა, რომ ნორვეგიის მოსახლეობის უმრავლესობა გადაჭარბებულად მიიჩნევს მედიის ინტერესს ბრეივიკის საქმეზე... აღმოჩნდა, რომ ანდერს ბრეივიკს ციხეში წერილები მისდის, სადაც სიყვარულს უხსნიან, ფულს უგზავნიან, გმირად აცხადებენ. ევროპელი ობივატელი შეშინებულია „ისლამიზაციით“, საფრთხეს ხედავს მულტიკულტურალიზმში (ევროპელი ობივატელიც და ქალბატონი მერკელიც), ემიგრანტებს აბრალებს თავისი ცხოვრების მოუწყობლობას. ჰოდა, გამოჩნდა ვინმე ბრეივიკი თავისი „ევროპის დამოუკიდებლობის დეკლარაციით“ - ტექსტით, რომლის შინაარსი ძალიან ჰგავს ქართულ გაზეთებში გამოქვეყნებულ ქსენოფობიურ წერილებს.

ყველაფერი ასეთი ტექსტებით იწყება.

დაიწერა „დეკლარაცია“. მას არავინ მიაქცია ყურადღება. მერე სამიზნის არჩევაც არ იყო ძნელი: მუშათა პარტიის მიერ ორგანიზებული ზაფხულის ბანაკი ხომ კულტურათა დაახლოების მიზნით გაიხსნა. კუნძული ოტოია გახდა განსახიერება „კულტურული მარქსიზმისა“, რომელიც, ბრეივიკის აზრით, ისლამიზაციის საფრთხეს უქმნის ევროპასა და ევროპულ ფასეულობებს.

პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ, ყველაზე სტაბილურ ადგილას რამდენიმე საათში დაიღვარა იმ ახალგაზრდების სისხლი, რომლებიც მშვიდობასა და დიალოგზე სალაპარაკოდ შეიკრიბნენ. მოხდა წარმოუდგენელი, აუხსნელი ბოროტება, რომელსაც, წესით და რიგით, გაოგნებული დუმილი უნდა მოჰყოლოდა. დუმილი და სირცხვილი იმის გამო, რომ ამ ძალადობის „შემოქმედსაც“ ადამიანი ჰქვია.

მაგრამ რა მივიღეთ ჩვენ?

ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: „მხეცი საქართველოშიც მხეცია, სამხრეთ პოლუსზეც და ნორვეგიაშიც. ის არსება კი, რომელმაც ასეთი რამ ჩაიდინა, ნამდვილი ცხოველია!“

მახსოვს, როგორ მომხვდა ყურში ეს სიტყვა - „ცხოველი“. მაშინვე გამახსენდა ჩემი მეგობრები, ცხოველთა უფლებების დამცველები, რომლებიც დამიდასტურებდნენ - კათარზისი ვერ მოხდა; გაოგნებულები ვართ ტრაგედიით, თუმცა ისევ ვამცირებთ არსებებს, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ ჩვენთვის. მაგრამ გავიდა დრო და პირადად მე აღმოვჩნდი ასეთივე როლში; ახლა უკვე ადამიანის უფლებათა ერთი „კვაზიდამცველის“ მოსაზრებები შევაფასე, როგორც „ფაშიზმი“. მეტიც, ეს ქალბატონი ბაზარში გავუშვი, ჯონჯოლის გამყიდვლად.

ძალადობა ბადებს ძალადობას. ეს რომ არ მოხდეს, ერთი გზა გრჩება - ძალადობას უნდა დასცინო!

როგორც ჩანს, ძალიან უნდა გტკიოდეს რაღაც, პოლიტკორექტულის მანტია რომ არ ჩამოიცვა და, „ბოროტების დეკლარაციების“ შეფასებისას, გემოვნებაზე და ზრდილობაზე არ დაიწყო ლაპარაკი. როგორც ჩანს, ძლიერი ტრავმა უნდა გქონდეს მიღებული იმისთვის, რომ ბოლომდე გაუგო, მაგალითად, ეკლესიიდან განდევნილ მღვდელს, რომელსაც მხოლოდ იმიტომ გახადეს ანაფორა, რომ სიმართლეს ამბობდა. როგორც ჩანს, მეტისმეტად ძლიერ უნდა გძულდეს სიძულვილი, კაცთმოძულეებთან დიალოგს რომ არ დაუჭირო მხარი.

ბრეივიკის საქმემ დაადასტურა, რომ თანამედროვე სამყარომ არ იცის, როგორ ებრძოლოს სიძულვილს. ბრეივიკმა მიზანს მიაღწია - მის მოსაზრებებს ავრცელებენ, მის აზრებს იმეორებენ, მის სასამართლოზე მილიონები იხარჯება. ცივილიზებულმა სამყარომ კი არ იცის, რა მოუხერხოს „სიძულვილის მესიას“ - გიჟად შერაცხოს თუ, უბრალოდ, დასაჯოს, როგორც ტერორისტი.

ჩვენ? ჩვენ ხომ მით უმეტეს არ ვიცით, რა ვუყოთ ამდენ ზიზღს. ეს ხალხი, გამუდმებით რომ გვიმეორებს, „ქილიკი საზიზღრობაა“, „თუ გინდა, პატივი გვცენ, ჩვენც უნდა ვცეთ მათ პატივი“, „სადაური ლიბერალი ხარ, სხვის რწმენას თუ დასცინი?“ და ა.შ. სინამდვილეში ამ სიტყვების მთქმელი სრულიად გულგრილია იმის მიმართ, რასაც „სიძულვილი“ ჰქვია; ანდა როკოს ჰგავს ვისკონტის „როკო და მისი ძმებიდან“; თავად ვისკონტის სიტყვები რომ გავიხსენოთ, „იდიოტს, რომელსაც მოქმედების ეშინია“. ხომ გახსოვთ, როგორი ტრაგედიით დასრულდა იქ როკოს უმოქმედობა და მისი ქრისტიანული მორალიზმი?

იმის აღიარება, რომ ჩვენ დაგვაბნია ამდენმა ზიზღმა და ბოროტებამ, ვფიქრობ, პირველი ნაბიჯი იქნება კრიზისის დასაძლევად. ბოლოს და ბოლოს „კრიზისი“ ნიშნავს „სასამართლოს“ და იმასაც გულისხმობს, რომ პრობლემის გადასაწყვეტად არსებობს ერთადერთი გზა: დისკუსია და სკეფსისი, აზრთა შეჯერება, ტკივილი, ემპათია. მაგრამ ეს სასამართლო ვერ მოეწყობა, სანამ სამოქალაქო საზოგადოება მეტნაკლებად არ შეთანხმდება იმაზე, თუ რა არის სიძულვილი და წყვდიადში ცხოვრება, სანამ სამოქალაქო საზოგადოება ძირშივე არ ამხელს ბრეივიკის „დეკლარაციების“ მსგავს მანიფესტებს და იმის მტკიცებას არ შეწყვეტს, რომ „პატივს სცემს ყველანაირ აზრს“...

ჩვენ შეგვიძლია ვიკამათოთ სიძულვილთან ბრძოლის გზებზე, მაგრამ სიძულვილის ახსნას, გაგებას თუ დავიწყებთ და წვინტლიან სენტიმენტებს ავყვებით, სიძულვილი მხოლოდ ფრთებს გაშლის და იმ ურჩხულის სახით მოგვევლინება, რომელიც სრულიად უმანკო ბავშვებს ხოცავს კუნძულზე, სადაც სიკეთესა და თანასწორობას სწავლობდნენ.