ბერა ივანიშვილი -

ბერა ივანიშვილი - "ცუდი ვარ თუ კარგი, ყოველთვის ნამდვილი ვარ"

"როგორც იცით, ჩემი ალბომი ჯერ არ გამოსულა. მინდა, დიდი მასალა შეგროვდეს და შემდეგ საუკეთესო სიმღერების ნაკრები გამოვუშვა. 70-80 სიმღერა უნდა გქონდეს, რომელთაგან აირჩევა 12-15 საუკეთესო და ალბომში შევა. დანარჩენი სიმღერებიც არ დაიკარგება. მუშაობისას ყველა დეტალს ყურადღებას ვაქცევ, რადგან, ჩემი აზრით, სწორედ დეტალებისგან შედგება სრულყოფილება. ყველა სიმღერის ჩაწერისას ბოლომდე ვიხარჯები და აქედან გამომდინარე, მუშაობის პროცესში ჩემთვის ყველა ერთნაირად ღირებულია. ბუნებრივია, მხოლოდ საქართველოზე არ მაქვს გათვლა, აქ ჩამოსულია ჩემი მეგობარი, ამერიკელი რეპერი ლილ ფლეი, რომელთან ერთადაც ამერიკისთვისაც ვამზადებთ სიმღერებს", - აცხადებს ბერა ივანიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ცუდი ვარ თუ კარგი, ყოველთვის ნამდვილი ვარ" / "მამა იმხელა რამეს აკეთებს, მასთან შედარებით ჩემი სიმღერა არაფერია".

"შარშან კასტინგი მოვაწყვეთ და შევარჩიეთ 18 ნიჭიერი ბავშვი. ქართველი ერი მუსიკალურად გამორჩეულია, აქ ათიდან ცხრა ადამიანი მღერის. ჩვენი სიმდიდრე ქართული ხალხური სიმღერაა და ასეთი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ერს უფლება არ აქვს, ამ კუთხით ჩრდილში იყოს. დავაზუსტებ, რომ ეს არ არის კომერციული პროექტი - "ჯორჯიან დრიმ სტუდიო" უსასყიდლოდ მუშაობს ახალგაზრდა შემსრულებლებთან. ამ ბავშვებს დავეხმარებით ჯერ საქართველოში და შემდეგ ამერიკულ ბაზარზე გასვლაში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბერა ივანიშვილი. 

"სოციალურ ქსელში ვკითხულობ კომენტარებს და ვიცი, ზოგიერთი ამბობს, რომ პოლიტიკურ რეპს ვაკეთებ. არავის განვიკითხავ და არ ვლანძღავ, მუსიკის ისტორიას თუ თვალს გადავავლებთ, ის ყოველთვის იყო აქტუალური და იმ ეპოქას ემსახურებოდა, რომელშიც იქმნებოდა. ტაბუდადებული საკითხი ჩემთვის არ არსებობს, მე არასოდეს მითქვამს, შევალ ახლა სტუდიაში და ამ პოლიტიკურ საკითხზე ვიმღერებ-მეთქი. ფურცელსა და პასტას არ ვიყენებ, გულში რაც მაქვს, იმას ვმღერი, ყოველთვის ვერ იქნები ისეთ განწყობაზე, სიყვარულზე რომ იმღერო. ჩემთვის ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია და ვცდილობ, ისეთი ადამიანები მყავდეს გვერდით, ვინც სწორად შეაფასებს ჩემს ახალ ნამუშევარს. მამამ მასწავლა, რომ სწორად შერჩეული გუნდი წარმატების გასაღებია. ვითვალისწინებ ჩემი ქართველი და ამერიკელი პროფესიონალი კოლეგების აზრს, ასევე, მაინტერესებს არაპროფესიონალი მეგობრების შეფასებებიც, რადგან ჰიტი ფართო მასებზეა გათვლილი და არა მხოლოდ მუსიკოსებზე", - განმარტავს რესპონდენტი.

"არ მიმაჩნია, რომ რეპერი ვარ. მე ვარ მუსიკოსი, რეპი კი ჩემი საყვარელი ჟანრია. ჩემს ძალიან ბევრ სიმღერას რეპთან კავშირი არ აქვს. ბავშვობიდან ვუკრავ ინსტრუმენტებზე - 4 წლიდან ვიოლინოზე, მოგვიანებით კი ფორტეპიანოსა და დრამზე. თბილისში, რაც უნდა ეცადო, "ცხოვრებით რეპერი" ვერ იქნები. მე ვიცნობ ბევრ ამერიკელ, განგსტერ მოღვაწეს, ისინი სულ სხვა გარემოში ცხოვრობენ, თავიანთი იდეოლოგიითა და წესებით. ჩვენ, ქართველებს კი ჩვენი ღირებულებები და მენტალობა გაგვაჩნია. სულაც არ არის აუცილებელი, მივბაძოთ სხვას", - განაგრძობს ბერა ივანიშვილი.

"პოლიტიკური შეფასებისგან თავს შევიკავებ. ხალხი ყველაფერს გრძნობს და ხედავს. ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა მამასთან. არასოდეს არაფერი აუკრძალავს, ყოველთვის ერთად ვიღებდით გადაწყვეტილებას. მახსოვს, შარშან, 1-ელ ნოემბერს ჰქონდა პირველი პრესკონფერენცია, სწორედ იმ დღეს მოვიტანე შინ ახალი სიმღერა და მამამ მანამ არ დამტოვა, ვიდრე სიმღერას არ მოუსმინა. ისე შეხვდა ამ სიმღერას, თითქოს დიდი რაღაც შევქმენი. სიმღერა ცუდი არ იყო, მაგრამ მამის ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის დიდი დაფასებაა. მამა იმხელა რამეს აკეთებს, მასთან შედარებით ჩემი სიმღერა არაფერია", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "რამდენიმე თვის წინ ნებისმიერი არხის სასურველი სტუმარი იყავი, თუმცა დღეს არც ტელეეთერში ჩანხარ და არც რადიოში. რატომ ხდება ასე?" - პასუხობს:

"უცენზურო არასოდეს არაფერი შემიქმნია. ცუდია, ქვეყანაში პოლიტიკა და ხელოვნება პირდაპირ რომ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ავიღოთ თუნდაც დიჯეი რემბოს მაგალითი - ეს ადამიანი მაისურების დარიგების გამო დააკავეს. კლიპის გამოსვლის შემდეგ მაისურების დარიგება მსოფლიოში მიღებული ფორმაა, ამის გამო კი რემბოს ნარკოტიკი ჩაუდეს, არადა, სიგარეტსაც კი არ ეწევა. დაახლოებით ამ კუთხით განიხილება ეთერში ჩემი სიმღერების დაბლოკვაც. თუმცა ამ ამბავს არ განვიცდი. ჩემი გულშემატკივარი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო, დღესაც ერთი დიდი ოჯახივით ვართ. ჩემს მსმენელს ყოველთვის მივმართავდი, როგორც ჩემს მეგობარს. ცუდი ვარ თუ კარგი, ყოველთვის ნამდვილი ვარ".

"რუსთავი 2"-ის იუმორისტებთან თანამშრომლობის სურვილი ორმხრივი იყო. ჩვენ წელიწადზე მეტია ვმეგობრობთ და ერთმანეთს ყოველთვის ვუზიარებთ აზრებს. ახალ სიმღერას რომ ჩავწერდი, ვურეკავდი ბიჭებს და მათაც ვასმენინებდი, გვიჩნდებოდა იდეები და გადავწყვიტეთ, გვეთანამშრომლა. ამბობენ, ეს გადაწყვეტილება ბიჭებმა ფინანსური დაინტერესების გამო მიიღესო. ბუნებრივია, როცა ადამიანი ახალ სამსახურში გადადის, ფინანსურ მხარეზეც ფიქრობს, რადგან საკუთარი თავი და ოჯახი უნდა არჩინოს, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობის საფუძველი მეგობრობა იყო. როდესაც მათ ხელი ჩამოვართვი, ფინანსებზე არც გვილაპარაკია. გვინდა, ჩემს მეგობართან, რეჟისორ ლევან დაბრუნდაშვილთან ერთად შევქმნათ მოკლემეტრაჟიანი, იუმორისტული ფილმები, რომლებიც სახალისო სანახავი იქნება... რაც შეეხება "ჯორჯიან დრიმ სტუდიოსთან" სათანამშრომლოდ დათო გოგიჩაიშვილის გადმოსვლას, ეს უფრო გოგიჩაიშვილს უნდა ჰკითხოთ, მე ვერაფერს გეტყვით. თუმცა ჩვენი კარი ყველა ნიჭიერი ადამიანისთვის ღიაა", - დასძენს ბერა ივანიშვილი.