მამუკა გიორგაძე -

მამუკა გიორგაძე - "თუ სააკაშვილი ნებართვას მიიღებს მოსკოვიდან, ის მთლიანად ფეხზე დაიკიდებს საერთაშორისო აზრს"

"ხელისუფლების შიგნით არსებულ კლანებს შორის დაძაბულობამ ლამის უკვე პიკს მიაღწია. სააკაშვილმა ეს ყველაფერი იცის, მაგრამ ისე იქცევა, თითქოს ამ პრობლემებს ვერ ამჩნევს. მაგრამ რეალურად მათი მოქმედებებიდან კარგად ჩანს, რომ კარგად ხვდება რეალურ ვითარებას და შესაბამისად იქცევა - დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც მას გადაარჩენს: მისი მხრიდან განხორციელებული ეს თითქოსდა არაადეკვატური, არანორმალური ნაბიჯები სწორედ ამას ემსახურება", - აცხადებს "სახალხო პარტიის" ლიდერი, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი მამუკა გიორგაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნაციონალებში დიდი რღვევა დაიწყო / რისი ეშინია ყველაზე მეტად სააკაშვილს.

"ყველამ იცის, რომ სააკაშვილს გუნდის შიგნით რღვევის ეშინია. სააკაშვილი იმიტომ დარბის ასე ზევით-ქვევით, რომ ვერც ერთ კლანს ვერ ენდობა. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს, რომ იგნორირება გაუკეთოს ნაცმოძრაობის სხვა ლიდერებს. არ სურს მათი წამოწევა, რომ საზოგადოებაში ეს ხალხი ჩანდეს. სააკაშვილი დღეს ორ ფრონტზე იბრძვის - ოპოზიციისა და იმის წინააღმდეგ, რომ შიგნით სახელისუფლებო კლანებმა ვერ გაბედონ ისეთი ქმედებები, რომელიც დაანგრევს მის ხუხულას. მოგზაურობს სხვადასხვა ქალაქებში, რაიონებსა და სოფლებში, საავადმყოფოები და ა.შ. დადგმული სპექტაკლებია - ნაცმოძრაობიდან პრაქტიკულად მხოლოდ სააკაშვილი ჩანს, დანარჩენი თუ ვინმე ჩანს, ისინიც ძალიან იდიოტურ მდგომარეობაში არიან, რადგან სააკაშვილის სისულელეების გამართლება უნდა მოახერხონ. თან ისე უნდა გაამართლონ, რომ მათ პატრონს ეჭვი არ შეეპაროს მათ ერთგულებაში. ეს არის სააკაშვილის ტაქტიკა. ის აიძულებს თავის მომხრეებს, მსგავს სისულელეებზე ილაპარაკონ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა გიორგაძე.

"ერთია, რომ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას არ აძლევს, ეს აღიქმება როგორც დაპირისპირება, ბრძოლა, მაგრამ ეს რომ იურიდიულად, სამართლებრივად და პოლიტიკურად გაამართლო, ამით ხომ უფრო სულელურ მდგომარეობაში აყენებს იმ ადამიანებს და მისიანებს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. მისი მხრიდან ორ ფრონტზე ბრძოლა თავისთავად ალოგიკურია - იქიდან გამომდინარე, რომ შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნები არ არის და არის საპარლამენტო, რომელშიც მონაწილეობს პარტია - გამოვიდნენ ნაცმოძრაობის ლიდერები, რატომ მაინცდამაინც სააკაშვილი გამოდის წინა პლანზე? ეს მიგვანიშნებს, რომ სააკაშვილი ასეთ ტაქტიკას ირჩევს, ასეთ გამოწვევას აკეთებს - თუ გინდათ, დამამხეთ, ისე არ მივდივარო! ან მეორე მიმართულება: აი, მე ვქმნი შეიარაღებულ ფორმირებებს - ან უნდა გამოვიდეს საერთაშორისო თანამეგობრობა, ამხილოს სააკაშვილი ამაში და მთლიანად კავშირი გაწყვიტოს საქართველოსთან, რაც ქართველ ხალხს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს, ან თვალი დახუჭოს რაღაც უმსგავსობაზე. პრაქტიკულად, სააკაშვილი მიდის პროვოცირებაზე, რომ ჩემ მერე ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო", - განმარტავს "სახალხო პარტიის" ლიდერი.

"ეს რეზერვისტთა რაზმები რამდენიმე სცენარზეა გათვლილი. პირველი - თუ სააკაშვილი ნებართვას მიიღებს მოსკოვიდან, ის მთლიანად ფეხზე დაიკიდებს საერთაშორისო აზრს. არ არის გამორიცხული, რომ ეს შენაერთები საქმეშიც გამოიყენოს. როცა მისი მასწავლებლის - შევარდნაძის ხელისუფლებას საფრთხე შეექმნა, აფხაზეთში პროვოცირებული სამოქალაქო ომი გააჩაღა. სააკაშვილიც არის ამაზე წამსვლელი. ფაქტობრივად სააკაშვილი კიდევ ერთხელ მიდის ანტისახელმწიფოებრივ, დანაშაულებრივ პროვოკაციაზე და მთლიანად საქართველოს ბედს რუსეთს ანდობს. რუსეთი თუ გადაწყვეტს, რომ საქართველოში გაიმეოროს სისხლიანი დაპირისპირება, სააკაშვილი მზად არის ამისთვის, რომ ამაში ხელი შეუწყოს. თუ რუსეთი ამას არ გადაწყვეტს, მაშინ ეს შეიარაღებული ხალხი სულ სხვაგვარად იქნება გამოყენებული. ეს ქვეყნისთვის ძალიან სერიოზული საფრთხეა - ამ საფრთხეს მარტო განცხადებებით ნამდვილად ვერ ვუშველით. ქართველის ხალხი ცოტა უფრო სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, რა პერსპექტიული განვითარება შეიძლება ჰქონდეს ხვალ საქართველოს და რას უქადის მმართველი რეჟიმის დღევანდელი ქმედებები", - ამბობს მამუკა გიორგაძე.

"თუნდაც აგვისტოს ომი გავიხსენოთ. 2007-2008 წლებში ვაკეთებდით განცხადებას, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში დატოვება ავტომატურად გამოწვევს მისი მხრიდან მოვლენების ესკალაციას. ჩვენ არ ვიცოდით, ეს ესკალაცია სამხედრო მოქმედებებში თუ გადაიზრდებოდა, მაგრამ პოლიტკურ ლოგიკას აქეთკენ მივყავდით. დამარცხებულ სააკაშვილს შეექმნა ხელისუფლების განმტკიცების შესაძლებლობა. მისთვის მთავარი იყო ძალაუფლების შენარჩუნება და დამარცხდებოდა თუ არა, ამას მისთვის მეასეხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა. რუსეთს დამარცხებული სააკაშვილი სჭირდებოდა საქართველოში და ასეც მოხდა. ეს სააკაშვილისთვის განსაზღვრული სამაშველო რგოლი იყო რუსეთის მხრიდან. სააკაშვილს ქართული სახელმწიფოსთვის რისკი არ გაუწევია, მაგრამ საკუთარი სკამის გადასარჩენად, ის ყველაფერზე წავიდა", - დასძენს "სახალხო პარტიის" ლიდერი. 

"არ არის გამორიცხული, კიდევ გაიმეოროს რაღაც ფორმით მსგავსი ქმედებები, თუ ამის საშუალევბას რუსეთი მისცემს. ანუ თუ ეს რუსულ სცენარში ზის და თუ დასავლეთმა სააკაშვილს კი არა რუსეთს დააკარგვინა მადა ამ სცენარის განსახორციელებლად. 2008 წელს საერთაშორისო თანამეგობრობამ საფრთხე ბოლომდე ვერ გააცნობიერა. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ, რომ სააკაშვილი არ ჩართულიყო რუსეთის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებში, მაგრამ დღესდღეობით უფრო მეტი ზეწოლაა საჭირო რუსეთზე, რომ მან კვლავ არ გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის სააკაშვილის რეჟიმი, რათა საქართველოში კიდევ უფრო დამძიმდეს სიტუაცია და უფრო მეტად გართულდეს სახელმწიფოებრივი ცხოვრება", - დაასკვნის მამუკა გიორგაძე.