"სააკაშვილმა ერთხელ უკვე შეაქცია ზურგი დასავლეთს, როდესაც 2008 წლის ომის შემდეგ მას დასავლეთმა ბოიკოტის მსგავსი რაღაც მოუწყო. სააკაშვილი კი ადგა და ირანთან უვიზო რეჟიმი შემოიღო. ამის მერე დასავლეთი იძულებული შეიქნა, ისევ სააკაშვილისკენ შემობრუნებულიყო. მოკლედ, ამგვარი ქცევა სააკაშვილს სჩვევია და ეს იცის დასავლეთმაც. მაგრამ არის ერთი პრობლემა, რაც მაფიქრებინებს, რომ სააკაშვილი ამგვარი სტრატეგიით ვეღარაფერს მიაღწევს. საქმე ის არის, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტას საკმაოდ დიდი თანხები დაუგროვდა მას შემდეგ, რაც ის პოლიტიკურ ელიტად იქცა. ოღონდ ამ თანხების დაგროვების ადგილი არის დასავლეთი, იქაური ბანკები", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ივანიშვილი აიკიდოს მეთოდით მოქმედებს" / "სიცრუეს ისევ სისულელე არჩიეს და ხელი აიღეს კონსტიტუციაზე".
"თუკი მმართველი ელიტის კურსი მკვეთრად ანტიდასავლური გახდება, გამორიცხული არ არის, მათ ქონებას საფრთხე დაემუქროს. თუ დაპირისპირება გაღრმავდება დასავლეთსა და სააკაშვილის ხელისუფლებას შორის, მმართველი ელიტის ქონება იქცევა მძევლად დასავლეთის ხელში. მოკლედ, არ მგონია, რომ ამგვარი პოლიტიკური ხაზით რამე რეალურ შედეგს მიაღწიონ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა. თუმცა ამგვარ რიტორიკასა და ამ თემით მანიპულირების გახშირებას არ გამოვრიცხავ. ამ "მძევალმა" და დასავლეთის პრინციპულმა პოზიციამ ითამაშა სწორედ გადამწყვეტი როლი, რომ ხელისუფლება ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდა - წინააღმდეგობის გაწევა საფრთხეს უქმნიდა მათ უზარმაზარ ქონებას დასავლეთის ბანკებში, თუმცა კონსტიტუციის შეცვლის გზა აირჩია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე. "კონსტიტუციის შეცვლის გზის მეორე მიზეზი ის არის, რომ, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში იფიქრეს, მოქალაქეობის მიცემა უკან დახევად შეფასდებოდა, მათ მიერ აქამდე იურიდიულ ნაბიჯებად წარმოდგენილი არგუმენტები კი სიცრუე აღმოჩნდებოდა. ადგნენ და, სიცრუეს ისევ სისულელე არჩიეს და ხელი აღმართეს კონსტიტუციაზე, თუმცა, აშკარად ჩანს, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები მაინცდამაინც არ ამართლებენ კონსტიტუციაზე ხელის აღმართვას", - მიიჩნევს პოლიტოლოგი. "რაც შეეხება ვახტანგ კომახიძის განცხადებას, რომ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილზე ტერაქტს ამზადებდა, სამწუხაროდ, სიცოცხლეს პოლიტიკაში უფრო ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე პოლიტიკის გარეთ. ასე იყო, არის და ალბათ, მომავალშიც იქნება, თუმცა ამ ამბებში თვალში მეცა ერთი რამ: კომახიძეს შეეძლო ამ ინფორმაციის გადასაცემად ტელეფონით დაკავშირებოდა ივანიშვილს, მის გარემოცვას, მაგალითად, სოზარ სუბარს, მაგრამ მან საჯარო განცხადებები გააკეთა, ანუ გათვლილი იყო იმაზე, რომ ეს ყველაფერი შეეტყო საზოგადოებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთაც. ვფიქრობ, რომ ამ განცხადებას უფრო პრევენციული მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე რეალური საფუძველი", - დასძენს რამაზ საყვარელიძე და შეკითხვას - "როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის მოქმედების ტაქტიკას?" - პასუხობს: "ივანიშვილი, ფაქტობრივად, აიკიდოს მეთოდით მოქმედებს. იაპონურ ორთაბრძოლაში ეს ნიშნავს მეთოდს, როდესაც მეტოქის დარტყმის ძალას საშენოდ იყენებ და ამ ძალის ინერციით აყენებ საპასუხო დარტყმას. ჯერჯერობით ეს მეთოდი კარგად ჭრის - ძირითადად იბრძვის "ნაციონალური მოძრაობა", დიდ ძალისხმევას ხარჯავს, მაგრამ მეტწილად ეს "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მუშაობს. მოქალაქეობასთან დაკავშირებული ბატალიები ამის ნათელი მაგალითია. გეთანხმებით, რომ ქვეყნის შიგნით ივანიშვილისგან უფრო მეტ აქტიურობას ელიან. აშკარაა, რომ მის მომხრეებს აქვთ სურვილი, ეს პოლიტიკური ძალა საქმეში დაინახონ. ადამიანებს უჩნდებათ ხოლმე განცდა, რომ ვინც მეტად აქტიურობს, ის უფრო ძლიერია... მთავარია, მოქმედების მაქსიმუმს მიაღწიო მაშინ, როდესაც კულმინაციას მიაღწევს თვითონ საარჩევნო პროცესი. სავარაუდოდ, კულმინაციას პროცესები არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე მიაღწევს. თვითონ ივანიშვილი გვპირდება მეტ აქტიურობას. "ქართული ოცნების" იმ ლიდერებს, რომლებიც ამ კოალიციამდე ქართული ოპოზიციის მწარე რეალობას ქმნიდნენ, აშკარად წაადგათ ამ კოალიციაში გაერთიანება - მათი მოქმედება გაცილებით დახვეწილი და ეფექტიანია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილებაა საარჩევნოდ მათი რეგიონებში გადასვლა - რა ხანია, ოპოზიციაში ლაპარაკობდნენ, საჭიროა, რეგიონებს მივხედოთო, ოღონდ ეს მარტო ლაპარაკი იყო. დღეს უკვე კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ბრძოლისუნარიანობის თვალსაზრისით, ოპოზიციაც გაიზარდა". |