საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვით ადრე არსებული ვითარების პრობლემებსა და თავისებურებებზე "ინტერპრესნიუსი" კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს, გიორგი ხუციშვილს ესაუბარა.
ბატონო გიორგი, ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობისაღდგენის საკითხი კვლავ აქტუალურია. ცნობილი გახდა, რომ"ქართული ოცნების" ლიდერი პრეზიდენტს მოქალაქეობისაღდგენის მოთხოვნით არ მიმართავს. პარალელურად,არასამთავრობო ორგანიზაციებმა თხოვნით მიმართეს "ქრისტიან-დემოკრატებს", უკან გაიწვიონ მათმიერ ინიცირებული ქვეყნის სუვერენიტეტისათვის სახიფათო საკონსტიტუციო ცვლილებები. თქვენიაზრით, რატომ აყოვნებს ხელისუფლება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას და, საერთოდ,აპირებს თუ არა ხელისუფლება მისი მთავარი ოპონენტისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას და თუ კი,როდისთვის?
- გარედამკვირვებელს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ცდილობს ყველაფერი ისე ააწყოს და გადაანაწილოს, რომ მიაღწიოს მთავარ მიზანს - თავისი გუნდის ხელისუფლებაში განუსაზღვრელად დარჩენის ამოცანა. ამისთვის კი საჭიროა, ნებისმიერი ძლიერი კონკურენტის ასპარეზიდან ჩამოშორება. გასული წლის შემოდგომამდე ეს ამოცანა ხელისუფლებას შესრულებული ჰქონდა. ოპოზიცია მარგინალიზებული იყო და არჩევნებზე ხელისუფლებისთვის საფრთხის შექმნა არ შეეძლო. ახლა ტელევიზიები, ექსპერტები, რომლებსაც ხშირად სახელისუფლებო ექსპერტებს უწოდებენ, სატელევიზო სივრცეში ქმნიან ისეთ სურათს, რომელიც ხელისუფლებას თავისი მიზნის შესრულებას გაუადვილებს.
იმისათვის, რომ ხელისუფლებას კონკურენტები არ ჰყავდეს, იქ, სადაც არ გამოდის ოპოზიციური სპექტრის მარგინალიზაცია, უნდა მოხდეს კონკურენტების ჩამოშორება. თან ეს ისეთი ფორმით უნდა იყოს გაპიარებული, რომ ვინც პოლიტიკურ გააქტიურებას მოისურვებს, უნდა იცოდეს, რომ მის ფინანსებსაც დაემუქრება საშიშროება და იგი თავის პოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწევს.
როდესაც ხელისუფლებამ პოლიტიკაში გამოჩენილ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა, ბევრმა ხელისუფლების ეს ნაბიჯი შეცდომად შეაფასა. ჩემი აზრით, ეს ხელისუფლების მხრიდან შეცდომა არ იყო, ვინაიდან ამგვარი ქცევა მისი იდეოლოგიაა. ხელისუფლების იდეოლოგიის არსი ასეთია - ვინც ჩვენს ხელისუფლებაში ყოფნას დაემუქრება, სასტიკად დაისჯება და ეს ყველამ უნდა გაიგოს, უბრალო გლეხმაც და ოლიგარქმაც. ეს ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილი იყო და არა შეცდომა. სხვაგვარად ამ გუნდს არც მოქმედება და არც არსებობა არ შეუძლია.
რაც შეეხება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიცემის პერსპექტივას, სერიოზული საფუძველი არსებობს ვივარაუდოთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ინიციატივის უკან, რომელიც "ქრისტიან-დემოკრატებმა" გაახმოვანეს, ხელისუფლების გუნდი დგას. ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ გარესამყაროში კიდევ ერთი ქულა ჩაიწერა და აი, როგორ. ხელისუფლება დასავლეთს ეუბნება - საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენ, კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირებით შექმნილ ვითარებაში ივანიშვილს გამოსავალს ვთავაზობთ.
მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ სქემით ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების ვადა დროში მნიშვნელოვნად გაიწელება. ეს სცენარი აკმაყოფილებს ხელისუფლების როგორც სტრატეგიულ, ისე ტაქტიკურ ამოცანას. ხელისუფლების გათვლა ასეთია - ივანიშვილს მოქალაქეობა იმ დროს მიენიჭება, როცა იგი ხელისუფლების რეალურ კონკურენტად აღარ ჩაითვლება. ჩემი ვარაუდით, ხელისუფლება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას არჩევნების მოახლოებამდე მაქსიმალურად გაწელავს. ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიცემის საკითხში ხელისუფლება საკმაოდ დახვეწილად მოქმედებს. ერთი მხრივ დასავლეთს ეუბნება, რომ ამ საკითხში მისი პოზიცია კონსტრუქციულია, ხოლო მეორე მხრივ მოქალაქეობას მაშინ დაუბრუნებს, როცა ეს საკითხი აქტუალური აღარ იქნება.
ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ საკითხში ჩვენს ხელისუფლებაზე ბრიუსელის დაგანსაკუთრებით ვაშინგტონის ზეწოლა იმდენად დიდია, რომ ოფიციალური თბილისი აშშ-ს მხრიდანივანიშვილისადმი ამგვარ მხარდაჭერას არ ელოდა. თქვენც იზიარებთ ამ მოსაზრებას?
- ვფიქრობ, აშშ ჩვენს საკითხში საკმაოდ გააქტიურებულია და შეშფოთებასაც გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში შექმნილი წინასაარჩევნოდ. მაგრამ ევროპა ამ საკითხებში ინტერესს ნაკლებად ავლენს. ვიმედოვნებ, ამ და ბევრ სხვა საკითხში ევროპაც გააქტიურდება. საერთაშორისო ასპარეზზე ის წინასაარჩევნო რეალობა უნდა დაფიქსირდეს, რომელიც ჩვენთანაა და რომლის ოსტატურად შენიღბვასაც ხელისუფლება სხვადასხვა მანიპულაციებით ცდილობს. დასავლეთმა უნდა აღიაროს, რომ ჩვენთან არანორმალური წინასაარჩევნო ვითარებაა. ამის შესახებ ამერიკამ კი თქვა, მაგრამ ევროპას თავისი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია.
საარჩევნო კამპანია კარგა ხანია დაწყებულია, მაგრამ თვალშისაცემია არა იდეათა ჭიდილი, არამედპიროვნული დაპირისპირების ნიშნები. საარჩევნო კამპანია ხელისუფლების სცენარით, ანუკონფრონტაციისა და დაპირისპირების ნიშნით მიმდინარეობს. სიტყვა "ოპოზიცია" ლამის მტრისტოლფას ცნებადაა ქცეული, არადა, აზრთა სხვადასხვაობა მტრობას სულაც არ ნიშნავს. თქვენიაზრით, არსებული ვითარება რაზე უფრო მიუთითებს, ჩვენში პოლიტიკური კულტურისნაკლებობაზე, თუ იმაზე, რომ ხელისუფლებისთვის ოპოზიციისგან მტრის ხატის შექმნა, არჩევნებშიგამარჯვების მოკლე და ნაცადი ხერხია?
- ჩვენთან ოპოზიციის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება ძალიან განსხვავდება ცივილიზებულ სამყაროში მიღებული დამოკიდებულებისაგან. ცივილიზებულ ქვეყნებში ოპოზიციამ ხელისუფლება შეიძლება არგუმენტირებული კრიტიკით მიწასთანაც გაასწოროს, იგივე შეიძლება მმართველმა გუნდმაც გააკეთოს, მაგრამ ცივილიზებულ სამყაროში ღირებულებითი პრინციპები დაცულია და არავის მოუვა თავში ოპოზიციის მტრად გამოცხადება.
ჩვენთან ოპოზიცია ყოველთვის მარგინალიზაციის საგანი იყო. მხოლოდ ის ოპოზიცია არ იყო მარგინალიზებული, რომელიც თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც ხელისუფლების გავლენის ქვეშ იყო. ასეთ ვითარებაში, ჩვენთან არსებულ ვითარებაზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციაა გასაკვირი, რომელიც ჩვენთან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობებში ღირებულებით საკითხებზე ნაკლებად რეაგირებს.
ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროპულ დემოკრატიას აშენებს, რეალურად კი ჩვენი ხელისუფლების იდეალი, შუა აზიური პოლიტიკური მოდელია. სწორედ ასეთ პოლიტიკურ სისტემაშია ოპოზიცია ან მარგინალიზებული, ან მართვადი, ანაც საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ჩვენში ასეთ ვითარებაზე დასავლეთის სუსტი რეაქცია ჩემთვის გაუგებარის გარდა, გასაოცარიცაა. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ევროპისკენ ისწრაფვის, მაგრამ ავლენს ღირებულებებს, რომელთაც ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვს.
არ ვამბობ, რომ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულების საკითხში განსხვავებული ვითარება იყო, მაგრამ ის, რაც ამ საკითხში ახლა ჩვენთან ხდება, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. 2003 წელს ხალხი ცვლილებას ითხოვდა და სხვათა შორის, ამ საკითხებშიც. 2004 წლის შემდეგ ჩვენში ჩამოყალიბდა ვითარება, რომლის პირობებში შეუძლებელია ოპოზიციის გაძლიერება და ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად გადაქცევა.
სახელისუფლებო ექსპერტებისგან ხშირად გაიგონებთ მტკიცებას - ვინ, თუ არა არსებული ხელისუფლება? ამ ხელისუფლებას ალტერნატივა არ აქვს და ასე შემდეგ. მე მათ ვეკითხები - ვინ მიიყვანა ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რომ ოპოზიცია სუსტია და ვერ უმკლავდება ხელისუფლებას? ამ ხელისუფლებამ არ აუკრძალა ბიზნესს დახმარებოდა ოპოზიციას და დააშინა ყველა, ვისაც პოლიტიკაში საქმიანობის სურვილი შეიძლებოდა გასჩენოდა? ხელისუფლებამ გააფრთხილა პოტენციურად აქტიური საზოგადოება, რომ თუ იგი პოლიტიკისკენ და განსაკუთრებით ოპოზიციისკენ გაიხედავდა, პრობლემები შეექმნებოდა. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ პოლიტიკაში წასვლა საშიში გამხდარიყო.
ის, რასაც ხელისუფლება რეგიონებში ხალხთან დიალოგს უწოდებს, უფრო მონოლოგი დაპროპაგანდაა, ვიდრე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე საჯარო და აკადემიური მსჯელობა.შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის ტელეეთერებშიიდეათა ჭიდილს ვიხილავთ, რაც მოსახლეობას ძირითად პოლიტიკურ სუბიექტებს შორისგანსხვავებას უფრო კარგად დაანახებს?
- ის, რომ სახელისუფლებო არხები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობენ, წინასაარჩევნო პერიოდში სახელისუფლებო პროპაგანდას ეწევიან, უდავოა. დაუშვებელი დოზით ხდება ამავე მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ახალი ამბები მთლიანად ერთი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდაა აწყობილი, რაც წინასაარჩევნო პერიოდში დაუშვებელია.
არ გამოვრიცხავ, რომ ტელევიზიებმა მალე პოლიტიკური თოქ-შოუები დაიწყონ, მაგრამ ისიც ისე იქნება მართული, რომ პოლიტიკურ იდეათა ჭიდილისგან ძალიან შორს იქნება. წინა პლანზე იქნება წამოწეული პიროვნებებს შორის დაპირისპირება და არა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე მსჯელობა. არგუმენტების ძალა დაპირისპირების ინტერესით გადაიფარება. ასე რომ, წინასაარჩევნოდ ტელეეთერში იდეათა ჭიდილის ნახვის მოლოდინი არ მაქვს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაახმოვანა ხელისუფლების ინიციატივა, რომ ოფიციალური თბილისიარჩევნებზე ეუთო-ს გრძელვადიან დამკვირებლებს იწვევს. ოპოზიცია ხელისუფლების ამინიციატივას მიესალმა, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია საქართველოში ჩამოსულმა გრძელვადიანმადამკვირებლებმა არ შეამჩნიონ ტელეეთერებში ხელისუფლების გადაჭარბებული ყოფნა, რეგიონებშიოპოზიციის მომხრეთა დაშინება-დაწიოკების ფაქტები, ხელისუფლების მიერ სახელისუფლებოხარჯების წინასაარჩევნოდ გამოყენება და სხვა კანონდარღვევები. რა უნდა ვიფიქროთ, ეს განცხადებასახელისუფლებო პროპაგანდის ნაწილია, თუ ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად გრძელვადიანიდამკვირებლები ხელისუფლებისვე მცდელობით იმაზე ადრე ვერ ჩამოვლენ, ვიდრე ამას ოპოზიციავარაუდობს?
- ჩემი აზრით, ეს ისევ და ისევ გარემოხმარებისთვის გაკეთებული განცხადება იყო. ამ პიარკამპანიით ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე კიდევ დამატებითი ქულა ჩაიწერა. ხელისუფლებამ ამ განცხადებით დასავლეთს აჩვენა, რომ იგი გახსნილია და არ ეშინია იმისა, რომ აქ გრძელვადიანი დამკვირვებლები არჩევნებამდე ბევრად ადრე ჩამოვიდნენ. ეს განცხადებები ხელისუფლების პოზიციას აძლიერებს და ხელისუფლებაში სულაც არ ფიქრობენ იმაზე, თუ რას იტყვიან საარჩევნო გარემოზე გრძელვადიანი დამკვირვებლები. თუ მათ დამკვირვებლებთან პრობლემები შეექმნათ, ისინი მათთან ურთიერთობების მოგვარებაზე შემდეგ იფიქრებენ.
საარჩევნო კამპანია კარგა ხნის დაწყებულია და თვალშისაცემია როგორც ხელისუფლების, ისეოპოზიციური ძალების შეცდომები და პატარ-პატარა მიღწევები. თქვენი აზრით, რა შეცდომებსუშვებს ხელისუფლება, კოალიცია "ქართული ოცნება" და სხვა პოლიტიკური სუბიექტები?
- ხელისუფლება ფუნდამენტურ შეცდომას უშვებს იმით, როცა მთელ მსოფლიოს ეუბნება, რომ არის ერთპარტიული მმართველობის, ოპოზიციის მთლიანად მარგინალიზაციისა და დემონიზაციის მომხრე. ხელისუფლება არ მალავს, რომ მას ოპოზიციის მიმართ სელექციური დამოკიდებულება აქვს, ანუ ოპონენტებს თავად ირჩევს. ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები ძალიან ჰგავს ქვეყანაში ტერორისა და შიშის დამკვიდრების მცდელობას.
ჩემი აზრით, კოალიცია "ქართული ოცნებაც" უშვებს შეცდომებს. კოალიცია აგვიანებს ხალხთან აქტიური და მრავალმხრივი კავშირის დამყარებას. არსებული ვითარებიდან ხალხი ასეთ დასკვნას აკეთებს - ხელისუფლება პროცესს მართავს და როგორც ჩანს, ივანიშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებას არჩევნებზე ვერ მოერევა. საქმე ის კი არაა, "ქართული ოცნება" მოვა თუ არა პარლამენტში უმრავლესობით, უნდა დაირღვეს ის მთავარი, რომ ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს ერთი პოლიტიკური ძალისა და გუნდის დომინირება.
ქართულ პოლიტიკაში უნდა დამკვიდრდეს კონკურენტუნარიანი ვითარება, პარლამენტსა და მთავრობაში აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. ეს არ ნიშნავს არც რეფორმებისთვის ძირის გამოთხრას და არც სახელმწიფოს დასუსტებას, როგორც ამას ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ. პირიქით, პოლიტიკურ სივრცეში ამგვარი რეალობის არსებობა სახელმწიფოს მხოლოდ აძლიერებს. პოლიტიკურ ასპარეზზე ამგვარი ვითარება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების სიძლიერის საფუძველია.
რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", კოალიცია ვერ ავლენს იმ ხარისხის ტაქტიკურ მზაობას, რომელსაც ხალხი მისგან უკვე მოითხოვს. "ქართულ ოცნებას" უკვე უნდა ჰქონდეს ხალხისთვის გასაგები ალტერნატივები ყველა იმ მნიშვნელოვან თემებზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და აინტერესებს. ხალხმა უნდა იცოდეს, თუ რის გაკეთებას აპირებს "ქართული ოცნება" და რა ალტერნატივებს სთავაზობს საზოგადოებას იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ. ამაზე კი პასუხები კოალიციას ჯერ გაცემული არ აქვს.
იმისათვის, რომ ხალხმა "ქართული ოცნება" ძლიერ პოლიტიკურ ძალად მიიჩნიოს, საკმარისი არაა ივანიშვილის ფინანსური რესურსები და ავტორიტეტი. კოალიცია არა მარტო უნდა გავიდეს რეგიონებში, რასაც ისინი ახლა აკეთებენ, არამედ გამოჩნდეს მათი პოლიტიკური აქტიურობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ეს ჯერჯერობით არ ჩანს. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანია დიდი ხანია დაწყებული აქვს, კოალიციას კი არა.