"ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთელი საქართველო შემოვიარე, გავეცანი ადამიანების პრობლემებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. გადავწვიტე, წინასაარჩევნოდ დიდი დრო გავატარო რეგიონებში, განსაკუთრებით სამეგრელოში. მიმაჩნია, რომ სამეგრელოში განსაკუთრებით სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერა, იქ ყველაზე ძლიერია ავტორიტარულ-რეპრესიული რეჟიმი. უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ სამეგრელოს სააკაშვილის დავალებით მართავს ახალაიების კლანი. ვაპირებ, შემოვიარო ყველა სოფელი, ადამიანებს პირადად გავაცნო სოფლის განვითარების ჩვენეული პროგრამები. სამეგრელოს უნდა მიეცეს საშუალება, ჩიხიდან გადაიქცეს ხიდად, რომელიც დაგვაკავშირებს აფხაზეთს - ნამდვილად ვაპირებ გადასვლას ზუგდიდში, იქ იქნება ჩემი ოფისი", - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი და "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალასანია გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სააკაშვილის მმართველობას დომინოს პრინციპით ჩამოშლა ელის" / "ვაპირებ გადასვლას ზუგდიდში, იქ იქნება ჩემი ოფისი"
"პირადად მე სადაც საჭირო იქნება, იქ ვიქნები. ჩვენი ლიდერებიც გეგმავენ სხვადასხვა რეგიონში გასვლას და იქ აქტიურობას, მე ხშირად ვამბობ, რომ არჩევნებს თბილისის ოფისიდან ვერავინ მოიგებს. არჩევნები უნდა მოიგო ხალხთან ერთად. ჩვენი პოლიტიკა არ არის იქით მიმართული, რომ საზოგადოებას დავანახვოთ, სააკაშვილის ხელისუფლებამ როგორ ვერ გაართვა თავი ქვეყნის მართვას, ეს ისედაც ცხადია, ყველანაირად შევეცდებით, ჩვენი პროგრამები გავაცნოთ ადამიანებს და დავარწმუნოთ ისინი, რომ "ქართული ოცნება~, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ალასანია და სხვები შეასრულებენ საარჩევნოდ გამოცხადებულ პროგრამებს. ჩვენ ყველა რეგიონის განვითარების გეგმა გვექნება, მათ შორის, სამეგრელოსი", - აღნიშნავს გამოიცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია.
"სამეგრელოში შეიარაღებული ჯგუფების შექმნის შესახებ ჩემი განცხადება, ფაქტობრივად, დაადასტურა უშიშროების საბჭომ, როდესაც აღიარა, რომ ეს ჯგუფები არსებობს, მაგრამ თურმე ხელისუფლება მათ ნებაყოფლობით რეზერვს უწოდებს. არადა, მხოლოდ ჩემი განცხადების შემდეგ დაიწყეს ამ პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა. მიმაჩნია, რომ ჩემი განცხადებით მოხდა პროცესების შესაძლო ესკალაციის თავიდან აცილება. გამაგებინეთ, როგორ შეიძლება არ არსებობდეს პრეზიდენტის ბრძანება ან განკარგულება, მინისტრის შესაბამისი ბრძანებები რეზერვის შექმნის თაობაზე, ან როგორ შეიძლება არავინ იცოდეს რეზერვი სად უნდა შეიკრიბოს, რისთვის, როგორია მათი სარგო და ა.შ. ვიდრე ამ განცხადებას გავაკეთებდი, ეს ყველაფერი გულდასმით შევისწავლე. ეს პროცესი ყოვლად გაუთვლელად, ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლის ზეპირი ბრძანებით დაიწყო", - განაგრძობს რესპონდენტი.
"პრეზიდენტი ტყუის, როდესაც ამბობს, რომ ქმნიდა რეზერვს. მას სინამდვილეში ჩაფიქრებული ჰქონდა, შეექმნა შეიარაღებული ჯგუფები, რომელსაც იმ შემთხვევაში გამოიყენებდა, თუ საარჩევნო პროცესი და არჩევნების შედეგი არ იქნებოდა მისთვის სასურველი, ის გამოიყენებდა ამ ჯგუფებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩემი განცხადებით სწორედ ამგვარი საფრთხის პრევენცია მოხდა. საერთაშორისო თანამეგობრობა დაინტერესდა ამით, ევროპელებმა და ამერიკელებმა პირდაპირ დაუსვეს კითხვები და მოითხოვეს რეზერვის შექმნის სამართლებრივი საფუძველი. ამის შემდეგ სასწრაფოდ დაიწყეს საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი ძალიან შეშინებულია. როდესაც ეს ხალხი იქნება რეგისტრირებული, გვეცოდინება მათი სახელები და გვარები, გვეცოდინება რეზერვის შექმნის მიზანი, ხელისუფლება საკუთარი მიზნებისთვის ამ ხალხს ასე ადვილად ვეღარ გამოიყენებს. თუ ქვეყანას დასჭირდა, ამგვარ რეზერვში შეიძლება მოხალისედ მეც წავიდე...", - განმარტავს ირაკლი ალასანია.
"უკვე მერამდენე თვეა, ეს სააკაშვილი შიშში ცხოვრობს, გული უსკდება, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა ვინმემ მის სისუტედ და უკანდახევად არ მიიჩნიოს. არადა, ამას ითხოვს ჩვენი მოქალაქეების 70%-ზე მეტი, შეგროვილია 300 000 ხელმოწერა, ამასთანავე, საერთაშორისო საზოგადოების აზრიც სააკაშვილის წინააღმდეგაა მიმართული. ის ხვდება თავისი მდგომარეობის სირთულეს და ცდილობს საკუთარი სისუსტეები გადააბაროს პარლამენტს, მასზე დამოკიდებული ოპოზიციის მხრიდან შემოაგდოს კონსტიტუციური ცვლილებები, ანუ სააკაშვილი კონსტიტუციას კვლავ თავის თავზე ირგებს. აბსურდია ის საკანონმდებლო პროცესი, რაშიც ხელისუფლებას შეჰყავს ქვეყანა. ჩვენ ვეუბნებით ხელისუფლებას: ან დაუბრუნოს ივანიშვილს მოქალაქეობა, ანაც, თუ ამას არ აკეთებს, დაანებოს თავი კონსტიტუციას! ნებისმიერ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი იქნება კოალიციის ლიდერი. საქართველოს მოქალაქეები არჩევნებისას თვითონ დაუბრუნებენ მოქალაქეობას ბიძინა ივანიშვილს, როდესაც დაგვიჭერენ მხარს და ჩვენ უმრავლესობით მოვალთ პარლამენტში. მე სააკაშვილის ლოგიკას ვერ ავხსნი, მაგრამ ერთი რამ ვიცი დანამდვილებით - ხელისუფლებაზე ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით განხორციელდა უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლა", - დასძენს "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე.
"ჩვენ ვემზადებით არჩევნების გზით სააკაშვილის ხელისუფლებიდან გასტუმრებისთვის, არ ვაპირებთ, სააკაშვილზე ფიქრში დავკარგოთ დრო, ისევე როგორც სააკაშვილი კარგავს დროს იმის ფიქრში, როგორ ჩამოიშოროს კონკურენტი. სააკაშვილის მმართველობას, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს, ელის დომინოს პრინციპით ჩამოშლა. ამას ვერც ის ვითომ დამოუკიდებელი ტელევიზიები უშველიან, რომლებსაც სახელად "მიშავიზიები" უფრო შეეფერება და სადაც მხოლოდ სააკაშვილის სურვილებს ახმოვანებენ. ამას წინათ `იმედის~ არხზე ყოფილა გადაცემა, რომელშიც მე მლანძღეს და მაგინეს. მათი მტკიცებით, თურმე მე, რომელიც იარაღით ვიბრძოდი, დამავიწყდა, როგორ იქცეოდნენ რუსები აფხაზეთში და როგორ გვჩაგრავდნენ, თანაც ფონად აჩვენებდნენ კადრებს, ჟიული შარტავა და მამაჩემი დასახვრეტად როგორ გამოჰყავთ მთავრობის სახლიდან. ასეთ უზნეობაზე წამსვლელი ხალხი ყველაფრის მკადრებელია!", - მიიჩნევს ირაკლი ალასანია.