"თუ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა ან გაყალბდა, საზოგადოება უკმაყოფილებას აღარ დამალავს, რაც მოვლენების საკმაოდ მძიმე სცევარით განვითარებას გამოიწვევს!"

"თუ ეკონომიკურმა სანქციებმა ირანის წინააღმდეგ შედეგი არ გამოიღო და ირანმა ბირთვული იარაღის დამზადება დადასტურებულად გადაწყვიტა, პრიცესები სახიფათო ფაზაში აუცილებლად გადავა, რომელშიც საქართველოს მეორეხარისხოვანი როლი დაეკისრება. თუმცა, ვიმეორებ, ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არსებობს და უმჯობესი იქნება თუ მოახლოებული არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე ვიფიქრებთ", - აცხადებს ექსპერტი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ზურაბ აბაშიძე: "თუ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა ან გაყალბდა, საზოგადოება უკმაყოფილებას აღარ დამალავს, რაც მოვლენების საკმაოდ მძიმე სცევარით განვითარებას გამოიწვევს!"

"ინტენსიური ხასიათი მიიღო ოპოზიციური პარტიების შეზღუდვამ, რეგიონებში აქტივისტებსაც სდევნიან. ხელისუფლების დაპირება, რომ ოქტომბერში არჩევნების კარგად ჩატარდება, დამაკმაყოფილებელი არ არის. ახლა საინტერესოა, პოლიტიკური თავისუფლების მიღების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი როგორ გააგრძელებს საკუთარი მიზნის განხორიელებას, რითაც უამრავ კითხვას გაეცემა პასუხი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხელისუფლება პოლიტიკაში დიდი ფულის შემოსვლას შეშფოთებული უყურებს, რაც მთლად უსაფუძვლო არ არის. დიდი ფული პოლიტიკაში სერიოზული ფაქტორია. ეჭვი მეპარება ვინმემ ჩემი რჩევა გაიზიაროს, თუმცა კარგი იქნება, თუ ხელისუფლებასა და მთავარ ოპოზიციურ ფლანგს შორის წინასაარჩევნოდ თამაშის წესებთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდება. ამით ორივე მხარე მოიგებს, საერთაშორისო ორგანიზაციების კმაყოფილნი იქნებიან და შესაძლო ექსცესებსაც თავიდან ავიცილებთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდებტთან საუბრისას ზურაბ აბაშიძე.

"თავდაპირველად დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ივანუშვილის მიმართ იყო ინტერესი - რა პოლიტიკური ხედვა და მიზნები აქვს ან რა გზით აპირებს პოლიტიკაში მოსვლას და ა.შ., ხოლო მას შემდეგ რაც ივანიშვილის პოლიტიკური პროგრამა და პარტნიორებიც გამოიკვეთა, რომლებიც მხოლოდ ევოლუციურ ცვლილებაზე ფიქრობენ და ორიენტირებული არიან დასავლურ ფასეულობებზე, მათთვის ახალი პოლიტიკური ფიგურა მისაღებიც გახდა. პირადად მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილის მოსვლით ოპოზიციის გაძლიერებამ კონკურენტული გახადა ჩვენი პოლიტიკური რეალობა, რაც თავისთავად მისასალმებელია", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "რატომ არ იყო დასავლეთის მხრიდან მსგავსი დაინტერესება 2008 წელს საპრეზიდენტო კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის მიმართ და საერთოდ, რა შემთხვევაში გამოხატავს დიპლომატიური კორპუსი პოლიტიკური ფიგურის მიმართ მხარდაჭერას?" - პასუხობს:

"ოპოზიცია ვერ ხვდებოდა, რომ როცა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ რევოლუციური იდეა არ "გაიყიდა", სხვა გზით ბრძოლა უნდა ეცადათ. ახლა ვითარება შეცვლილია, საზოგადოებას ოქტომბრის არჩევნების მიმართ ნდობა გაეზარდა, თუმცა თუ ოქტომბერში არჩევნები დარღვევებით ჩატარდება ან გაყალბდება, მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილებას აღარ დამალავს, რამაც შესაძლოა მოვლენების საკმაოდ მძიმე სცენარით განვითარება გამოიწვიოს. თუმცა იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. მთავარია საზოგადოება ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ რეალისტურად და კრიტიკულად განეწყოს - ამ ქვეყანაში სამუდამოდ დასრულდეს პრაქტიკა - "ოღონდ ესენი არა და ვინც გინდა მოვიდეს". ყველა, ვინც ხელისუფლებაში მოდის საზოგადოების კრიტიკულ ფილტრში უნდა გადიოდეს, თვალდახუჭული არავის უნდა ვენდოთ. ეს მოგვცემს საშუალებას დაბალანსებული პოლიტიკური სისტემა შევქმნათ, სადაც ერთი პოლიტიკური ძალა ოპონენტის სუნთქვას მუდმივად კისერთან იგრძნობს. ვინც არ შევიდეს პარლამენტში უმრავლესობით, აუცილებელია ძალიან ძლიერი ოპოზიცია ჰყავდეს".