"სასამართლო სათამაშოდ გქონდათ გადაქცეული, ხალხის დასასჯელად იყენებდით"- ივანიშვილი ეკა კვესიტაძეს

ექს-პრემიერის, ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს სასამართლო მთლიანად ხელისუფლების ძალაუფლების ქვეშ იყო.

ბიზნესმენი არ იზიარებს ბრალდებებს ხელისუფლების მიმართ, რომ "რუსთავი 2" - ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში დღევანდელი ხელისუფლების ხელი ურევია.

ექს-პრემიერმა ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის კითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, რას ფიქრობდა იმ მოსამართლეებზე, რომლებიც ტელეკომპანიის საქმეებს განიხილავდნენ და ზოგადად პროცესზე, რომელიც კვესიტაძის თქმით, არასამართლიანად მიმდინარეობს.

"თქვენ გინდათ სასამართლო დღეს ტელევიზიაში გადმოიტანოთ. აქ გაარჩიოთ, თქვენ და ნიკა გვარამიამ გაარჩიოთ, როგორია სასამართლო დღეს. კიდევ გეუბნებით, სასამართლოს ნუ აყენებთ შეურაცხმყოფას. 

ჩვენი წარმატებული ნაბიჯი იყო ის, რომ სასამართლოს მივეცით თვითგადარჩენის, აღდგენისა და განვითარების საშუალება. ხელისუფლება არ ჩაერევა სასამართლოს უფლებებში.

შესაბამისად, თქვენც შეეგუეთ ამას. კარგად იცით, რომ 9 წლის განმავლობაში, სასამართლო სათამაშოდ გქონდათ გადაქცეული და ხალხის დასასჯელად იყენებდით. თითით აჩვენებდით, ვისთვის რა უნდა ექნათ. მათ შორის, თქვენი მეუღლეც. არ შემოვალ იმ პოლემიკაში, სასამართლომ ვინ გამოაძევა და როგორ იყო. ტყუილად დახარჯავთ დროს ამის მცდელობაში", - განაცხადა ივანიშვილმა "ტექნოპარკში" ტელევიზიების ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, სასამართლომ დაიწყო თვითგამორკვევა, მოსამართლეები ტელევიზიით გამოდიან, იცავენ უფლებებს და პოლემიკაში შემოდიან.

"დამონებული ჰყავდათ მოსამართლეები. ციხეები გატენილი ჰყავდათ ხალხით. ართმევდით ვისაც გინდოდათ. კლავდით ვისაც გინდოდათ და აწამებდით, ვისაც გინდოდათ. ამას "აპრავებდა" "რუსთავი 2" და სხვა ყველა ტელევიზიაც. შავს თეთრად აჩვენებდით 9 წლის განმავლობაში. მათრახით უსწორდებოდით ხალხს, პირდაპირი მნიშვნელობით", - განაცხადა ივანიშვილმა.