"შფოთავს იან კელი, რომ რაიმე ისეთი არ მოხდეს, რაც ცუდ ეფექტს მისცემს მომავალ არჩევნებს"

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აშშ - ის ელჩის იან კელის განცხადება მისთვის მისაღებია და მას გამოცდილ დიპლომატად აფასებს.

ივანიშვილის თქმით, იან კელი ღელავს, რომ ქვეყანაში რაიმე ისეთი ფაქტი არ მოხდეს, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩრდილს მიაყენებს.

"ელჩის წერილთან მიმართებაში, ბევრი გამონათქვამი არ მომეწონა. იწყებს გვარამიას კრიტიკით, რომ ასე არ უნდა იქცეოდეს, შემდეგ იხსენებს ამერიკას, საკუთარ ქვეყანას. გულწრფელად, ეს არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი, ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ეს კაცი აფასებს საკუთარი ქვეყნის გადმოსახედიდან - თუ ასეთი რამ მოხდება ამერიკაში, ქუჩები გაივსება ხალხით და ალბათ, შეიძლება, საქართველოშიც იგივე მოხდეს. გუშინაც გვქონდა კომუნიკაცია. მისი პოზიცია მისასალმებელია და იკითხება ერთი რამ - მას სურს, ჩვენი ქვეყანა სწორად განვითარდეს. ძალიან გამოცდილი დიპლომატია. შფოთავს იან კელი, რომ რამე ისეთი არ მოხდეს, რაც ცუდ ეფექტს მისცემს იმ არჩევნებს, რომელსაც ველოდებით. ერთი, რაშიც ვერ ვეთანხმები - აქ ქუჩები, ხალხით არ გაივსება, რადგან სხვა რეალობაა და სხვა მიდგომა აქვს ამ ტელევიზიასთან მოსახლეობას", - განაცხადა ივანიშვილმა.

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი "რუსთავი 2-ის" სასამართლო პროცესს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი საფუძველი არის კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და მთელი პროცესის ობიექტურობა.

"ჩვენთან, რომ საარჩევნო წელი იყოს რა თქმა უნდა ეს ასეცაა, და წამყვანი ტელეარხი ჩართული იყოს სასამართლო საქმეში, რომელიც უცვლის მას მფლობელებსა და მენეჯმენტს, ეს იქნება მიუღებელი და მთავრობის სამივე შტო, სამოქალაქო საზოგადოება და მედია შეძლებისდაგვარად ყველაფერს გააკეთებდა, რომ ასე არ მოხდეს საარჩევნო წელს, კიდევ ერთი მარტივი მიზეზის გამო-არჩევნები ლეგიტიმური მხოლოდ მაშინაა, როდესაც მედიასთან ყველას აქვს წვდომა. ეს საქმე კი იმ ტელეარხისაა, რომელიც ოპოზიციის მთავარი ხმაა. ამერიკაში ასეთი არხის მფლობელებისა და მენეჯმენტის შეცვლა მიუღებელი იქნებოდა", - განაცხადა იან კელიმ.