"ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება მედიას, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესის წინ"

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ კერძო სასამართლო პროცესი არჩევნების წინ ზიანს არ მიაყენებს მედიაგარემოს.

მარგველაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე "რუსთავი 2"-ის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა სასამართლო პროცესი ტელევიზიით გადაიცემა.

"ყველა პოლიტიკური ძალა, არა მხოლოდ ოპოზიცია, პრემიერი და პრალემენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა "რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესს.

"რუსთავი 2" არის ყველაზე პოპულარული სამაუწყებლო არხი საქართველოში. პოლიტიკურმა ლიდერებმა ძალიან კონკრეტული კომენტარები გავაკეთეთ.

ჩვენ ველით, რომ კერძო სასამართლო პროცესი არჩევნების წინ ზიანს არ მიაყენებს მედიაგარემოს. სასამართლო არ არის არც პრეზიდენტის, არც პრემიერის და არც მთავრობის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლების ზედამხედველობის ქვეშ.

ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება მედიას, განსაკუთრებით კი საარჩევნო პროცესის წინ. ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ საქმეს.

ძირითადად, ყველა სასამართლო პროცესი გადაიცემა ტელევიზიით. ნებისმიერი სახის ძალადობა მედიის მისამართით მიუღებელია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.