"ივანიშვილის მოქალაქეობის გარშემო პერიპეტიებმა დაადასტურა, რაოდენ დიდი გავლენა აქვს აშშ-ის ადმინისტრაციას საქართველოს ხელისუფლებაზე. საკმარისი იყო, აშშ-ის ელჩს კრიტიკული პოზიცია გამოეხატა ივანიშვილისათვის მოქალაქეობაზე უარის თქმის გამო, რომ ხელისუფლებამ მეორე დღესვე "გამოასწორა შეცდომა" და "სახე რომ არ დაეკარგა" საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარი ინიციატივა ქრისტიან-დემოკრატებს გაახმოვანებინა, ხოლო პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ცვლილება ივანიშვილს მხოლოდ პარლამენტში არჩევის უფლებას ანიჭებდა და არა პრემიერ-მინისტრობისას. სავარაუდოდ, ხელისუფლებას "ზემოდან" კიდევ ერთხელ მიუთითეს და რამდენიმე საათში "ნაციონალური მოძრაობა" უკვე აცხადებდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით ივანიშვილს ექნება როგორც პარლამენტში არჩევის, აგრეთვე, პრემიერ-მინისტრობის უფლებაც", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის! / კონსტიტუციას ერთი ადამიანის გამო ცვლიან.
"საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, "პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე 21 წლიდან, რომელიც დაბადებულია საქართველოში, ბოლო 10 წელიწადია ცხოვრობს საქართველოში და არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე" - თუკი თავდაპირველად ეს ცვლილება თითქოსდა თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნისთვის და პოლიტიკურ ცხოვრებაში ივანიშვილის სრულფასოვნად ჩართვისთვის იყო განსაზღვრული, მოგვიანებით საკონსტიტუციო ცვლილება ემიგრაციაში მყოფ იმ ქართველების უფლებების დაცვას დაუკავშირდა (საინტერესოა, აქამდე რატომ არავის ახსოვდა მათი უფლებები?), რომლებსაც თურმე საქართველოზე შესტკივათ გული და შესაძლოა ჰქონდეთ სურვილი, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს აღმშენებლობაში. ექსპერტთა აზრით, ამ საკონსტიტუციო ცვლილებით ხელისუფლება ცდილობს, ერთი გასროლით სამი კურდღელი მოკლას: მოახდინოს მისი ევროინტეგრაციული მისწრაფებების პროპაგანდა ევროკავშირის წრეებში; ფორმალურად აღუდგინოს ივანიშვილს პოლიტიკური უფლებები და ამით თავი იმართლოს დასავლეთის წინაშე, აგრეთვე - პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩააბას - ბუნებრივია, "ნაციონალების" მხარეს, ევროკავშირში მცხოვრები მდიდარი ქართველები", აღნიშნავს გამოცემა.
"ასეთ მდიდარ ქართველებად, რომლებსაც საქართველოში 10 წელი უცხოვრიათ და ამჟამად ევროკავშირში ცხოვრობენ, შეიძლება განიხილებოდნენ საფეხბურთო კლუბ "დინამოს" მფლობელი, საფრანგეთში მცხოვრები რომან ფიფია, რომელზედაც რუსეთში ფედერალური ძებნაა გამოცხადებული, ლიტვაში მცხოვრები ყოფილი დეპუტატი ვალერი გელაშვილი, ავსტრიაში მცხოვრები მილიონერები: ლევან პირველი და თემურ აფსაძე. თუ საკონსტიტუციო ცვლილებებმა ამერიკის კონტინენტიც მოიცვა, მაშინ ამ სიას შეიძლება დაემატონ აშშ-ში მცხოვრები ქართველი მილიონერები, რომან ცხვირაშვილი და თემურ სეფიაშვილი. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებები არაკონსტიტუციური, არასამართლებრივი, ალოგიკური და ქვეყნის ინტერესებისთვის სახიფათოა. საქართველოს პარლამენტის წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი. ექსპერტთა მტკიცებით, ასეთი ცვლილების შეტანა არის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული, პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს უსაფრთხოება - რადგან, ცვლილების მიღების შემთხვევაში, არ იარსებებს გარანტია, რომ პარლამენტი იქნება მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დამცველი", - განაგრძობს გამოცემა.
"არც ერთ ქვეყანაში პარლამენტის წევრი სხვა ქვეყნის მოქალაქე არ არის. ექსპერტთა აზრით, ივანიშვილთან ბრძოლაში სააკაშვილი და ნაცმოძრაობა სამართლებრივ სივრცეს გასცდნენ. დავით ბაქრაძე კი აცხადებს, რომ "ხელისუფლების სურვილია, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პიროვნებამ და პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც აქვს განსაზღვრული მხარდაჭერა და ძალაუფლებაში მოსვლის ამბიცია", თუმცა იქვე ამატებს, რომ "ძალიან ბევრი საკითხი იქნება ახლებურად დასარეგულირებელი, რადგან საქართველოს მოქალაქეების უფლებები მხოლოდ არჩევნებში კენჭისყრის უფლებას არ ითვალისწინებს". გამოდის, რომ არჩევნებამდე დარჩენილ 6 თვეში სერიოზულად გადაიხედება არა მხოლოდ კონსტიტუცია, არამედ საარჩევნო კოდექსი და მთელი რიგი საკანონმდებლო აქტებისა. ანუ, ხელისუფლება ისევ გეგმავს ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის შეტყუებას საარჩევნო საკითხებზე გაჭიანურებულ კონსულტაციებში, რომელშიც ის თამაშის ყველა ბერკეტს ფლობს" - წერს სტატიის ავტორი.
"აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" უკვე "დაუკრეფავში გადავიდნენ" და თანაც იმდენად, რომ აშშ და ევროპის წრეებიც გააღიზიანეს. ამერიკელებს საშინლად არ უყვართ, როდესაც ვინმე მათთვის მიცემულ დაპირებებს არ ასრულებს, თუნდაც ის მათი ერთგული მოკავშირე ქვეყნის ლიდერი იყოს. სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტისას ამერიკელებს დაჰპირდა, რომ თავის ქვეყანაში სამართლიან საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფდა, თუმცა პირობა მალე დაარღვია და სრულიად საპირისპირო ნაბიჯები გადადგა. 2003 წელს ასევე მოიქცა შევარდნაძეც, როდესაც ვაშინგტონიდან ჩამოტანილი ე.წ. ბეიკერის ფორმულა არ შეასრულა. უახლოეს თვეებში, ალბათ, გაირკვევა, ვაშინგტონი მიხეილ სააკაშვილს შევარდნაძის გზას გაუყენებს თუ კიდევ ერთ შანსს მისცემს", - დასძენს სტატიის ავტორი.