ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი იდეოლოგიური მამა გიგა ბოკერია მდიდარი ცოლის და ბიზნესმენი მამის პატრონი მაღალჩინოსანია. არც ერთი ბიზნესი მის სახელს არ უკავშირდება, თუმცა მისი წონა სახელისუფლო ვერტიკალში და ბიზნესწრეებში იმდენად მაღალია, რომ მასთან "მეგობრობა" ბევრს უნდა. მაგალითად, მისი მეგობრები არიან რუსეთში გამდიდრებული, ერთ დროს საქართველოს მთავრობაში დასაქმებული და ახლა ქართველი ახალგაზრდების განათლებით დაკავებული მილიონერი კახა ბენდუქიძე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და "ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელი ვლადიმერ გურგენიძე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სააკაშვილის დროში მილიონერად ქცეული დავით კეზერაშვილი და ა.შ. ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავია.
გიგა ბოკერია, რომელიც როგორც ხშირად ამბობენ, "თავისუფლების ინსტიტუტის" დირექტორის, ლევან რამიშვილის ხორცშესხმული პროექტია, იმ გავლენიან მაღალჩინოსანთა შორისაა, რომლებიც ყველაზე “მძიმეწონიან” გადაწყვეტილებებს იღებენ სააკაშვილის კარზე. პრეზიდენტი სააკაშვილი მას ენდობა და არ არის გამორიცხული, ბოკერიას ცხოვრებაში უახლოეს მომავლში კიდევ ერთი კარიერული აღმასვლა მოხდეს. როგორც ამბობენ, სააკაშვილი ბოკერიას ახალი თანამდებობისთვის ამზადებს.
მაგრამ, ის ჯერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანია და "პირWელი" მის 3 წლის დეკლარაციას წარმოგიდგენთ:
2008-2010 წლებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიორგი (გიგა) ბოკერიამ სახელფასო ანაზღაურების სახით 190 036.64 ლარი აიღო.
როგორც "პირWელის" მიერ ბოკერიას 2009, 2010 და 2011 წლების ფინანსური დეკლარაციის შედარებისას აღმოჩნდა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობასა და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე 2008 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით შესაბამისად, 3 506 ლარი და 38 461 ლარი აიღო, 2009 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უკვე მხოლოდ საგარეო პოლიტიკური უწყების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე - 72 802.5 ლარი. 2010 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრამდე აღნიშნულ თანამდებობაზე 8 091.42 ლარი გამოიმუშავა, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე კი - 67 175.725 ლარი.
ამასთან, ბოკერიას მეუღლემ თამარ ჩერგოლეიშვილმა ბოლო სამი წლის განმავლობაში ევროპის საბჭოში პროექტის მენეჯერად მუშაობისას, 2008 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით 30 000 ევრო აიღო, 2009 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 96 000 ევრო, ხოლო 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში - 36 000 ევრო. გარდა ამისა, ჩერგოლეიშვილმა 2010 წელს ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორის პოსტზე მუშაობისთვის ხელფასის სახით 132 000 ლარი აიღო ანუ თვეში - 11 000 ლარი.
დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა "თქვენი, თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება", როგორც 2009, ისე 2010 და 2011 წლებში ცარიელია.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, 2009 წლის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, გიგა ბოკერიას 2009 წელს ბანკთან ურთიერთობა არ ჰქონია. მის მეუღლეს თამარ ჩერგოლეიშვილს კი საფრანგეთში, HSBC ბანკში არსებულ VISA GOLD-ზე 3 000 ევრო ერიცხებოდა, იმავე ბანკსა და იმავე ქვეყნაში გახსნილ ანაბარზე კი - 7 500 ევრო.
უკვე 2010 წელს კი ბოკერიას "თიბისი ბანკში" გახსნილ მიმდინარე ანგარიშზე 3 000 ლარი ჰქონდა. ჩეგოლეიშვილის კი საფრანგეთში, HSBC ბანკში არსებულ შემნახველ ანგარიშზე - 15 000 ევრო. გარდა ამისა, ბოკერიას მეუღლეს სამი მიმდინარე ანგარიში საქართველოშიც ჰქონდა გახსნილი. კერძოდ, "საქართველოს ბანკში" (0 ლარი), "თიბისი ბანკსა" (1 500 ლარი) და "ლიბერთი ბანკში" (11 000 ლარი).
აღსანიშნავია, რომ ბოკერიას საბანკო ანგარიშებს 2011 წელს არაფერი შემატებია და "თიბისი ბანკში" გახსნილ მიმდინარე ანგარიშზე მას ისევ 3 000 ლარი ერიცხებოდა. რაც შეეხება თამარ ჩერგოლეიშვილს, მას საფრანგეთში, HSBC ბანკში არსებულ შემნახველ ანგარიშზე გასულ წელს 7 000 ევრო ჰქონდა, "თიბისი ბანკში" გახსნილ მიმდინარე ანგარიშზე დებეტის სახით - 2000 აშშ დოლარი, "ლიბერთი ბანკში" კი კრედიტის სახით 7 500 ლარი აქვს მითითებული. გარდა ამისა, ჩერგოლეიშვილს ევროპის საბჭოს საპენსიო ფონდში არსებული პენსიის რეზერვიდან კრედიტის სახით 112 000 ევრო აქვს აღებული. ამასთან, 2011 წლის დეკლარაციის ერთ-ერთ გრაფაში (საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან დღემდე დადებული ან/და მოქმედი ხელშეკრულება, რომლის საგნის ხელშეკრულება 3 000 ლარს აღემატება), აღნიშნულია, რომ ჩერგოლეიშვილს "თიბისი ბანკში" სამი - 60 000 აშშ დოლარის, 40 000 აშშ დოლარის და 29 000 ევროს მოცულობის სესხი აქვს აღებული. იმავე გრაფაში მითითებულია, რომ 2010 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხელშეკრულებით მიღებულმა მატერიალურმა შედეგმა გასავლის კუთხით, 50 000 დოლარი, 20 000 დოლარი და 10 800 ევრო შეადგინა.
ბოკერიების უძრავ ქონებას რაც შეეხება, თუ დეკლარაციებს ვენდობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი ოჯახი თბილისში, პეკინის გამზირის #2-ში, 60 კვ.მ ფართობის ბინაში ცხოვრობს და სხვა უძრავი ქონება არ გააჩნიათ.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას (თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების, ნაღდი ფულადი თანხის გარდა) როგორც 2009, ისე 2010 და 2011 წლების დეკლარაციების შესაბამის გრაფაში მხოლოდ თამარ ჩერგოლეიშვილის სახელზე გაფორმებული BMW 120-ია მითითებული.
ამასთან, 2009-2011 წლების დეკლარაციის მიხედვით, გიგა ბოკერია სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა. რაც შეეხება თამარ ჩეგოლეიშვილს, ის 2010 და 2011 წლებში ყოველკვირეული ანალიტიკური ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი იყო და დღესაც არის.
ამასთან, არც უშიშროების საბჭოს მდივანს და არც მისი ოჯახის არცერთ წევრს 2009-2011 წლების განმავლობაში ფასიანი ქაღალდები არ გააჩნდა.
დეკლარაციას თუ ვენდობით, 2008 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და 2009 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ბოკერიებს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ აუღიათ. 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ფინანსური დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მითითებულია, რომ გიგა ბოკერიამ მშობლისგან საჩუქრის სახით 75 000 აშშ დოლარი მიიღო.
ცნობისთვის, 2011 წლის დეკლარაციის მიხედვით, გიგა ბოკერიას ოჯახი შვილის კესარია ბოკერიასგან, მეუღლის - თამარ ჩერგოლეიშვილსა და გერის - ეკატერინე კოპალეიშვილისგან შედგება.
აღსანიშნავია, რომ გიგა ბოკერია იმ უმცირეს მაღალჩინოსანთა შორისაა, რომლებიც სრა-სასახლეების მიმართ განსაკუთრებული ლტოლვით არ გამოირჩევიან. შესაბამისად, მისი სასახლეების შესახებ მისი ოპონენტებიც კი არ საუბრობენ. თუმცა ბიზნესის კეთების განსაკუთრებული ნიჭი მისმა მამამ ლევან ბოკერიამ სწორედ სამშენებლო ბიზნესში გამოავლინა და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "ვარდოსნები" ხელისუფლებაში მოვიდნენ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თბილისში და მთელ საქართველოში მშენებლობების ბუმი იყო, ლევან ბოკერია აქტიურად იყო ჩართული თბილისის ახალი არქიტექტურის შექმნაში. სავარაუდოა, რომ მშენებელი მამა შვილს მხოლოდ პეკინის გამზირის #2-ში, 60 კვ.მ ფართობის ბინის ამარა არ დატოვებდა.
რაც შეეხება გიგა ბოკერიას წარმატებულ მეუღლეს - თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორია, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, საკმაოდ კარგი კაპიტალის მფლობელია. "ტაბულას" არც ფინანსური პრობლემები აქვს და მისი ხელფასიც თვეში 11 ათას ლარს შეადგენს და ეს არც არის გასაკვირი, იმის მიუხედავად, რომ ბეჭდურ მედიას საქართველოში არსებობა უჭირს და ფინანსურ პრობლემებს ის გამოცემებიც გაჭირვებით უმკლავდებიან, რომელიც მედია-ბაზარზე 15-20 წელია, არსებობენ. “ტაბულას” წარმატების საიდუმლო კი იმაში მდგომარეობს, რომ მისი რედაქტორი გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილია და ჟურნალის სარედაქციო საბჭოც მილიონერი ადამიანებით არის დაკომპლექტებული, რაც სრულიად თავისუფლად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჟურნალის ყველა ნომერი სრულიად უსასყიდლოდ, სახლებშიც კი დაარიგონ!
რაც შეეხება გონივრულ ეჭვს - ბოკერიას საქმიანობა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნობის გარდა, ე.წ. "ინტელექტუალურ ბიზნესს" უკავშირდება. კერძოდ, "კოალიცია ევროპული საქართველოსთვის" სწორედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც უცხოური დაფინანსებით სარგებლობენ და მათთვის გრანტების მიღება პრობლემას არ წარმოადგენს. გრანტების "მამად" კი დღემდე გიგა ბოკერია მოაზრება, ისევე როგორც ამ კოალიციის შემქმნელ-დამაარსებლად.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს კიდევ ერთი საინტერესო საკითხი უკავშირდება. ბოკერიას ოპონენტები ამ საქმიანობას "პუტინის მაგინებელთა ბიზნესს" ეძახიან. მათი მტკიცებით, ყველა რუსი და არარუსი საზოგადო მოღვაწის საქართველოში ჩამოყვანა და მათ მიერ პუტინის და რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ბოკერიასთან თანხმდება, ისევე როგორც მათი საქართველოში ჩამოყვანის დაგეგმვა. მათი მტკიცებით, "პუტინის საწინააღმდეგო პროექტების" წარმატებით განხორციელებაში სააკაშვილს ეჭვი არასოდეს ეპარება, რადგან დარწმუნებულია, რომ ბოკერია ამას თავს წარმატებულად გაართმევს.
ცნობილი მოჭადრაკის ნანა ალექსანდრიას შვილი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა იმ იშვიათ გამონაკლისთა შორისაა, ვინც მაღალი ინტელექტით გამოირჩევა. ბოკერიას ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მას ხელისუფლებაში ყოფნა, ბევრი მაღალჩინოსნისგან განსხვავებით, მხოლოდ დიდი ფულის შოვნისა და პირადი კეთილდღეობისათვის არ სჭირდება. ბოკერიას მეტი უნდა - მინიმუმ კიდევ რამდენიმე წლით დარჩენა სახელისუფლო ელიტაში! თუმცა ბოკერიამ ისიც იცის, რომ ამ საქმეს განათლების და ინტელექტის გარდა ფულიც სჭირდება. როგორც მისი ოპონენტები ამტკიცებენ, არც ბოკერიაა "გაღლეტილი", ისევე როგორც დანარჩენი ჩინოვნიკები სააკაშვილის სახელისუფლო ვერტიკალში და რამდენიმე მილიონი მასაც აქვს. თუმცა ამის მტკიცება ძნელია - არ ჩანს!