"აი, ბაქოში დაიჭირეს 17 კაცი, რომლებიც ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. მანამ, სანამ ქართველი პოლიტიკოსები ერთმანეთს ლანძღავენ და ქვებს ესვრიან, საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანეს, რომლებიც ისლამური შურისძიების ობიექტებად არიან გამოცხადებული მთელ მსოფლიოში. "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" შიდა უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რომელიც ჩვენ 5 აპრილს მოგვაწოდეს, 2-3 აპრილს გაიმართა ვაჰაბიტების ძალიან გასაიდუმლოებული შეკრება, სადაც საქართველოს ასეთი სასტიკი განაჩენი გამოუტანეს", - აცხადებს "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ვაჰაბიტებმა საქართველოს სასტიკი განაჩენი გამოუტანეს: რაკი ხალხი ვერ აიძულებს ხელისუფლებას, რომ ჩვენი ძმების ჩასახოცად ჯარი არ გაგზავნოს ავღანეთში, ამის გამო უნდა დაისაჯოს ხალხი!"
"აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, არ მეგონა, თუ ეს ინფორმაცია ჩვენამდე მოაღწევდა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი კოლეგები - "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" მუსლიმანი ლიდერები, ბევრს მუშაობდნენ ამ საკითხზე და ძალიან ავტორიტეტული არიან. ამ ინფორმაციით საქართველოს "შავ სიაში" შეყვანისთვის ძალიან იაქტიურა არაბული წარმოშობის შეიხმა, რომელიც ძალიან კარგად იცნობს კავკასიის რეგიონს და ჩანს, კურირებს კიდეც კავკასიის მიმართულებას. შეიხის სახელი და გვარი არ ვიცით და ახლა ვმუშაობთ ამ ყველაფრის დასადგენად. მადლობა ღმერთს, კავკასიელ მუსლიმებს, მიუხედავად ამისა, რომ ისინი სუნიტები არიან, ასეთ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებათ. აზერბაიჯანში დაპატიმრებული ტერორისტების ნაწილი საქართველოშიც აპირებდა ტერაქტების მოწყობას. აზერბაიჯანი სულ სხვა მიზეზით შეიყვანეს "შავ სიაში" - მიაჩნიათ, რომ აზერბაიჯანი არის საერო ცნობიერების მუსლიმური სახელმწიფო და ამის გამო ბევრად უფრო მეტ სასჯელს მიუზღავენ, ვიდრე ჩვენ - ქრისტიანებს. სომხეთი არაა სიაში, შეყვანილია ყველა ის ქვეყანა, რომელის მონაწილეობს "აისაფის" პროგრამაში, ანუ ანტიტერორისტულ ორგანიზაციაში ჯარი ჰყავს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ კასრელიშვილი.
"ჩვენ ამ ტერორისტებთან კოჭის გორებას არ ვაპირებთ - მაგათ შევუთვლით ძალიან მძიმე ღონისძიებების სიას და გავაფრთხილებთ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ეგენი საქართველოში ტერაქტებს დაიწყებენ. საქართველოში მცხოვრები სალაფიდებისა და ვაჰაბიტების ოჯახების თავს ასეთ შემთხვევაში ძალიან ცუდი რამ დატრიალდება და ყველა ვაჰაბიტი იქნება დარტყმის ქვეშ: მაგათთან სხვა ლაპარაკი არ შეიძლება! უკანასკნელი ორი-სამი წლის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვაკონტროლებდით სიტუაციას და ვაკვირდებოდით, საქართველოს სახელი გაიჟღერებდა თუ არა სადმე მსგავს შეკრებაზე. დღემდე ისინი თავს გვარიდებდნენ ერთადერთი მოტივით: "მაინც კავკასიელები არიან და მაინც შურისმაძიებელი ხალხია". ამას ემატებოდა ჩვენი პატრიარქის დიდი ავტორიტეტი, რომელიც მორალურ ლიდერად ითვლება არა მარტო ქრისტიანულ კავკასიაში - მუსლიმანი კავკასიელები ჩვენ პატრიარქს მიიჩნევენ ბრძენ-ხუცესად და ეს ფაქტორები მათ აჩერებდათ, მაგრამ როდესაც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ავღანეთიდან თავისი ჯარების გაყვანაზე და ამ დროს სააკაშვილი ტრაბახობს, რომ გამოთავისუფლებულ ადგილებს ქართული საჯარისო კონტინგენტით შეავსებს, ეს იწვევს ალ კაიდასა და ვაჰაბისტების ბუნებრივ გაღიზიანებას. ეს არის მიზეზი ჩვენი "შავც სიაში" შეყვანისა", - განმარტავს რესპონდენტი.
"ასეთ თემებზე პრესასთან ლაპარაკი არ შეიძლება, მაგრამ ეს საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს! ტერორისტებმა ყველა მაღალჩინოსნის სახელი და გვარი იციან, ყველა მაღალჩინოსნის ოჯახის წევრთა რაოდენობა იციან, მისამართები იციან და რა დააშავა მეტროში ან სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე იმავე ხელისუფლების მიერ გაუბედურებულმა ხალხმა. მოტივი ასეთი აქვთ: "რაკი ხალხი ვერ აიძულებს ხელისუფლებას, რომ ჩვენი ძმების ჩასახოცად ჯარი არ გაგზავნოს ავღანეთში, ამის გამო უნდა დაისაჯოს ხალხი!" ამ საშინელი იატაკქვეშეთიდან ეს ინფორმაცია რომ მომივიდა, გავცოფდი - ვიღაცა წერა-კითხვის უცოდინარი, ტურტლიანი და უნამუსო, ფულზე გაყიდული ტერორისტი იქიდან გვითვლის, უნდა აგაფეთქოთო, რადგან თქვენი ხელისუფლება რაღაცას ისე არ აკეთებსო! ჩვენც შევუთვალეთ, რომ საქართველოში და არა მარტო საქართველოში ყველა ვაჰაბიტის ოჯახს ექნება პრობლემა", - განაგრძობს ზაალ კასრელიშვილი.
"შეკრება სად გაიმართა არ ვიცი, ვფიქრობ ერთ-ერთ "არაბული გაზაფხულის" ქვეყანაში, სადაც ყველგან რადიკალი ისლამისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამბავი ვინც მითხრა დაღესტნელია, გვარს ნუ მკითხავთ, მაგრამ მოლაა ის კაცი და გადმოგვცა - აღარ გვინდა, რომ ჩრდილოეთკავკასიელებს კიდევ რამე დაგვბრალდეს საქართველოსთან მიმართებით და იცოდეთ, რომ ასე და ასეა საქმეო. სრული პასუხისმგებლობით, ვაცხადებ ეს ყველაფერი უკავშირდება ირანთან მოსალოდნელ ომს და როგორც კი ისრაელი ირანს დაარტყამს, აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, სადაც კი ირანის მიმართ სიმპათია იყო და არის, ირანი დაიწყებს პარტიზანულ ომს, ანუ ტერაქტებს და ეს გაგრძელდება წლების განმავლობაში - მხოლოდ ბომბის აფეთქებას ნუ გულისხმობს ნურავინ, კვებაშია ტერაქტი, ქიმიაშია ტერაქტი, ბიოლოგიაშია ტერაქტი. მე საქართველოს ხელისუფლებასთან არ მაქვს ურთიერთობა - არც კარგი და არც ცუდი, მაგრამ ამ საკითხზე, თუ უშიშროების საბჭოს მდივანს უნდა, მზად ვარ შევხდე და დაველაპარაკო. დიახ, დაველაპარაკები მათივე უსაფრთხოების მიზნით, რადგან სიაში პირველი ხელისუფლების მაღალჩინოსნები და ის პროდასავლური ორიენტაციის რუპორები არიან, რომლებიც ამაყობენ იმით, ავღანეთში ჯარის რაოდენობა უნდა გავზარდოთო", - დასძენს "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე.