ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებასთან დაკავშირებით პრობლემების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე, რას შეიძლება ნიშნავდეს ქდმ-ს ლიდერის, გიორგი თარგამაძის ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, ასევე იმაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ინფორმაცია ახლა უკვე შიდა ქართლში შეიარაღებული ჯგუფების შექმნაზე და გერმანელი დოპლომატის, დიტერ ბოდენის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, "ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
- ბატონო რამაზ, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება-არდაბრუნების თემა და მასთან დაკავშირებული ვნებათა ღელვა აქტუალობას არ კარგავს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს საკითხი სამართლებრივია და არა - პოლიტიკური, მაგრამ ამავე თემაზე გამართული საჯარო მსჯელობა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ საკითხს აშკარად პოლტიკური შეფერილობა აქვს. თქვენ როგორ შეფასებდით შექმნილ ვითარებას და რეალურად, რასთან გვაქვს საქმე?
- დავიწყებ იმით, რომ მოქალაქეობის გაცემაში პრეზიდენტს სიძუნწეს ვერ უსაყვედურებ. რამოდენიმე ათასს ითვლის იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ასე რომ, ივანიშვილისთვის ორმაგ მოქალაქეობაზე დიდი ხანია, შეიძლებოდა დაფიქრება. თუ ხელისუფლებას იურიდიული ასპექტი აინტერესებდა, ადრე მოძებნიდა იმ ნიშას, რომელიც დღეს გაჩნდა. მხედველობაში მაქვს საუბარი იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია ადამიანს, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეა.
ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიუცემლობის იურიდიული მოტივი, ანუ ის, რომ მან მოქალაქეობა ავტომატურად დაკარგა და ახლა ვერ ვაძლევთ, დამაჯერებელი არ არის. ფაქტია, რომ არმიცემა ხელისუფლებამ იმდენად გაახანგრძლივა, რომ მას აშკარად ეტყობოდა, მოქალაქეობის მიცემა არც უნდოდა. მხედველობაში მაქვს ის, რომ ხელისუფლებამ პასუხის გასაცემად მთელი სამთვიანი ვადა სრულად გამოიყენა. ეს ყველაფერი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ იურიდიული მოტივით მოქალაქეობის არმიცემა მხოლოდ საბაბია. მით უმეტეს, რომ მოქალაქეობა იმათ უნდა მიეცეს, თუ ქვეყნისთვის აქვს რამე გაკეთებული. ალბათ, ძნელი იქნება იმ ადამიანის დასახელება, რომელსაც საქართველოსთვის იმდენი აქვს გაკეთებული, რამდენიც - ბიძინა ივანიშვილს. ამის ფონზე მისთვის მოქალაქეობაზე უარის თქმა და სიძუნწე სხვა ქვეყნებისთვის უკვე ღიმილის მომგვრელია, ჩვენ ქვეყანაში კი, უდავოდ იწვევს აღშფოთებას, მით უმეტეს, რომ ამ საქმეში პოლიტიკაა წამყვანი და არა - იურისპრუდენცია.
- ქდმ-ს ლიდერი გიორგი თარგამაძე გამოვიდა იმგვარი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით, რომლითაც ივანიშვილის პოლიტიკაში აქტიური ჩართვა გაუადვილდება. თარგამაძის ამ ინიციატივასაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ამ თემაზე ივანიშვილის რეაქციაც კრიტიკული იყო. თქვენ როგორ შეაფასებდით "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივას?
- ამ თემაზე გაკეთდა განცხადებები, რომ ეს რეალურად არის "ნაციონალების" ინიციტივა, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ინიციატივა ხელისუფლების უკანდახევად ყოფილიყო აღქმული, თარგამაძის სახით იპოვეს ის ფიგურა, რომელიც "ნაციონალებს" არ ეკუთნით. საგულისხმოა ისიც, რომ თარგამაძის ინიციატივა ამერიკული მხარის კრიტიკის ფონზე გახმოვანდა. ფაქტობრივად გამოდის, რომ ამერიკული მხარის კრიტიკას იმსახურებს ის დაუსაბუთებელი ბარიერები, რომელიც ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის უჩნდება. გამოდის, რომ ამერიკული მხარე თვალ-ყურს ადევნებს და ცდილობს, მხარიც დაუჭიროს იმას, რომ ივანიშვილი არ იყოს უკანონოდ დაჩაგრული. ამერიკული მხარე ძალიან მნიშვნელოვანი მხარეა ჩვენი ხელისუფლებისთვის. სხვათა შორის, გიორგი მარგველაშვილს ეკუთვნის ასეთი ფრაზა - საქართველოში მყოფი ადამიანების თანხებიც დასავლეთის ბანკებშია დაბანდებული. უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა თანხებიც დასავლეთის ბანკებშია. თუ არ ვცდები, ეს ინტერვიუ ამ დღეებში გავა. ასე რომ, ხელისუფლებისთვის დასავლეთის კრიტიკა მარტო იდეოლოგიური კრიტიკა არ არის და შესაძლოა, საკმაოდ პრაგმატული შედეგების მომტანი კრიტიკა აღმოჩნდეს.
- ივანიშვილისთვის მოქალაქეობის საკითხში ხელისუფლების მხრიდან ხან ერთი და ხან მეორე მიმართულებით გადადგმული დიამეტრალურად განსხვავებული ნაბიჯები იმაზე მიუთითებს, ამ საკითხში სახელისუფლო გუნდში ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის და ქცევაც შესაბამისია. თქვენი აზრით, სახელისუფლო გუნდის რომელი ჯგუფის პოზიციის რეალიზაციაა მოსალოდნელი, რომელიც ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას ემხრობა, თუ ამის წინააღმდეგ კონკრეტულ ნაბიჯებს ლამის ყოველდღე დგამს. . .
- ჩემი აზრით, ეს გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლება ივანიშვილის საკითხში ამერიკული მხარისგან მყარ პოზიციას არ ელოდა. მთელ სქემას აგებდა იმაზე, რომ ამერიკელები გაჩუმდებიან და არჩევნებში "ნაციონალების" გამარჯვებას მხარს დაუჭერენ. რახან ამერიკელები არ გაჩუმდნენ, შეიძლება ითქვას, რომ დალაგებული სქემა ირღვევა. დალაგებულ სქემას თავისი ინერცია აქვს. ნაწილი ისევ ავტომატურად სქემას მიჰყვება, ხოლო ნაწილი მოქმედებს ახალი პარადიგმის ძებნის რეჟიმში. ახალ პარადიგმად შეიძლება მიჩნეულ იქნას თარგამაძის ინიციატივა. მე მგონი, ამ ინიციატივას დასავლეთის საამებლად გაატარებენ. ამავე დროს ეცდებიან, რომ იმ დარჩენილ შესაძლებლობებში, რაც არის, რაც შეიძლება მედგარი წინააღმდეგობა გაუწიონ პოლიტიკურ ბრძოლაში ივანიშვილს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ხელისუფლების შანსების საგრძნობლად შემცირებაა. მოქალაქეობის მიცემა-არმიცემას, თავისებურად, ვინ ვის აჯობებს დატვირთვა ჰქონდა. თუკი ხელისუფლებამ მოქალაქეობის საკითხში დათმო, ანუ ივანიშვილს რაიმე სახით მოქალაქეობა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა, ეს უკვე ნიშნავს, რომ ივანიშვილის მხარე ძლიერია. თუკი გაცნობიერდა ის, რომ ამას ხელისუფლება დასავლეთის გამო აკეთებს, კიდევ უფრო გაცხადდება, რომ ივანიშვილის მხარე ძლიერია და მის მხარესაა დასავლეთი. დასავლეთი სიმართლის მხარესაა, მაგრამ ამ შემთხვევაში დასავლეთის პოზიცია ივანიშვილის მხარეს ყოფნას ნიშნავს. თუკი ძალთა ასეთი გადანაწილება მოხდა, "ნაცმოძრაობაში" და მის მხარდამჭერებში ბევრი აღმოჩნდება ისეთი, რომელიც ძლიერ მხარეს ყოფნას მოისურვებს. დღეს ივანიშვილი ძლიერია, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ "ნაციონალური" მოძრაობიდან გარკვეული ძალები ივანიშვილისკენ დაიძრან. ჩემი აზრით, სწორედ ეს გახლავთ ხელისუფლებისთვის ყველაზე კრიტიკული მომენტი.
- გასულ კვირას, პარლამენტარმა ბადრი ბასიშვილმა გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში შიდა ქართლში შეიარაღებული ჯგუფების არსებობა პრაქტიკულად არა მარტო აღიარა, არამედ მუქარანარევი პოლიტიკური განცხადებებიც კი გააკეთა. კერძოდ, - "ჩემს გვერდით არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ჰიმნი, გერბი, დროშა, სააკაშვილი და ვინც არ დაემონება პუტინსა და ივანიშვილს. სხვათა შორის, მათ შორის მხარბეჭიანებიც არიან". ვითარებაში, როცა ხელისუფლება ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება სურს, რას შეიძლება ნიშნავდეს წინასაარჩევნოდ რეგიონებში შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნაზე ინფორმაცია?
- როგორც ჩანს, ხელისუფლებაში არსებობენ ჯგუფები, რომლებსაც ძველი სტრატეგიის ინერცია აქვთ და ჯერ არ გადალაგებულან ხელისუფლების იმ ახალ სტრატეგიაზე, რომელიც ახლა ჩვენს თვალწინ, ხელისუფლების წიაღში მწიფდება. მხედველობაში მაქვს თარგამაძის ინიციატივასთან დაკავშირებული სტრატეგია. რაც შეეხება ჰიმნს, დროშასა და გერბს, როგორც ინსტიტუტს, სასიამოვნოა, რომ მას მხარს მხარბეჭიანი ახალგაზრდობა უჭერს, მაგრამ ისინი თუ პრეზიდენტს, როგორც პიროვნებას უჭერენ მხარს, ეს უკვე ბელადის ინსტიტუტია და არა - პრეზიდენტის.
თქვენ მიერ ციტირებული პიროვნებისა და ხელისუფლების მხარდამჭერთა საყურადღებოდ მინდა ხაზი გავუსვა ერთ მომენტს, ისინი თვლიან, რომ ხელისუფლების მხარდაჭერა არის დასავლეთზე ორიენტაცია და ივანიშვილის მხარდაჭერა რუსეთზე ორიენტაციას ნიშნავს. თარგამაძის ინიციატივა და ის კონტექსტი, რომელშიდაც ეს ინიციატივა გაჩნდა, მიუთითებს - დასავლეთი დღეს მხარს უჭერს საქართველოში ისეთ მდგომარეობას, რომ ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ ჰქონდეს ზედმეტი ბარიერები. ანუ, იგივე დასავლეთი მხარს უჭერს არა პერსონალურად სააკაშვილს, არამედ ნაწილობრივ ივანიშვილის პერსპექტივასაც, თუკი ქართველმა ხალხმა იგი აირჩია. |
ფაქტობრივად, გამოდის - ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ივანიშვილთან ბრძოლა რუსეთთან ბრძოლაა, პრაქტიკულად პუტინის მხარეს აღმოჩნდებიან. შესაძლოა, ისე აღმოჩნდეს, რომ როდესაც ამას გააცნობიერებენ, გვიანი იყოს.
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ 1996-2003 წლებში საქართველო-ში ეუთო-სა და გაერო-ს სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელის, გერმანელი დიპლომატის, დიტერ ბოდენის შესახებ საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთა. დიტერ ბოდენმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში კალანდაძის ბრალდებები კატეგორიულად უარყო და მათ "უსაფუძვლო" უწოდა. მოკლედ, კალანდაძის განცხადებამ და ბოდენის უარყოფამაც ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა. თქვენი აზრით, რას შეიძლება უკავშირდებოდეს დიტერ ბოდენისადმი ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია?
- როგორც კი მოვკარი ყური ამ განცხადებას, პირველი აზრი, რაც გამიჩნდა და იმას ვენდო, მგონი შეცდომას არ დავუშვებ. კერძოდ, 2008 წლის ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დიტერ ბოდენი იყო ერთადერთი, ვინც ჩატარებული არჩევნების მიმართ კრიტიკული განცხადებები ღიად დააფიქსირა. იგი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა. ჩემი აზრით, ხელისუფლებამ ბოდენს სწორედ ეს კრიტიკა არ აპატია და ამით მას ანგარიშიც გაუსწორა. ეს მოსალოდნელიც იყო, მითუმეტეს, თუ ბოდენმა აფხაზეთის თემაზე გაკეთებული განცხადებებით ხელისუფლებას ამის გაკეთების საშუალება თავად მისცა.
კალანდაძის განცხადება სულაც არ ნიშნავს, რომ დიტერ ბოდენი საქართველოში კანონგარეშედაა გამოცხადებული, ამიტომ, მაინც მგონია, რომ ბოდენისადმი გაკეთებული განცხადებების მიზეზი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გერმანელი დიპლომატის პოზიცია იყო. რაც შეეხება ამ ნაბიჯის საზრიანობას, დიტერ ბოდენი ევროპაში კავკასიის საკითხებში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა. მისი გადამტერება, რისკენაც იყო მიმართული ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ გადადგმული ნაბიჯი, ძალიან წინდაუხედავი რამ არის. საქართველოს სასარგებლოდ მისი გამოყენება შეიძლებოდა, საჭიროების შემთხვევაში გერმანელი დიპლომატი პროქართულ განწყობას დიდი სიამოვნებით ავლენდა.