გოგა ჟვანია:

გოგა ჟვანია: "პრემიერ-მინისტრის მკვლელობას ხელს აფარებენ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და კიდევ რამდენიმე პირი".

"ვახტანგ კომახიძეს კარგად ვიცნობ, დარწმუნებული ვარ, უმნიშვნელო ინფორმაციას არ გაახმაურებდა. როგორც წესი, ამაზე უნდა რეაგირებდეს არა მხოლოდ ის, ვისაც საფრთხე ემუქრება, არამედ სამართალდამცავი სტრუქტურებიც. ალბათ, გახსოვთ, ერთ დროს პატარკაციშვილიც ამბობდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია", - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმა გოგა ჟვანია გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რატომ თქვა სააკაშვილმა, რომ ჟვანია მოკლეს / "პრემიერ-მინისტრის მკვლელობას ხელს აფარებენ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და კიდევ რამდენიმე პირი".

"ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება ეჭვის საფუძველი ხდება. მაშინ, როცა ბადრი პატარკაციშვილი ჩაერთო პოლიტიკაში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების საქართველოს ხელისუფლებასთან დამოკიდებულება სულ სხვაგვარი იყო, სააკაშვილს დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. შესაძლოა ბევრს საქართველო მართლაც დემოკრატიის შუქურა ეგონა, თვლიდნენ, რომ მის ახალგაზრდა პრეზიდენტს "შავბნელი" ძალები ებრძოდნენ. ბადრი მოუმზადებლად და სწრაფად შემოვიდა პოლიტიკაში და მოვლენები დრამატულად განვითარდა. ბიძინა ივანიშვილთან სულ სხვა ვითარება გვაქვს. საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას მეტად აკრიტიკებენ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის სურვილს კი პოზიტიურ მოვლენად აფასებენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგა ჟვანია.

"... ზურაბ ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებულ გარემოებებზე ახალი არის, მაგრამ ამის გახმაურებას ჯერჯერობით აზრი არა აქვს. მგონი, კომახიძის ფილმითაც ბევრი რამ ითქვა და თითოეულ დეტალს თუ ჩავუღრმავდებით, უამრავ ახალ შეუსაბამობას აღმოვაჩენთ. გამოძიების მასალებში რამდენი შეუსაბამობაც ვიპოვეთ, საქმეში რაღაც-რაღაცები შეცვალეს, რადგან ინფორმაცია გახმაურდა. ხელისუფლებამ გამოძიება უვადოდ გაყინა. აი, როცა ხელისუფლება შეიცვლება, გამოძიება უმოკლეს დროში მოხერხდება. ხელისუფლება არ მოელოდა, რომ ჩვენ მოვახერხებდით მასალების მოპოვებას, მაგრამ მაინც მოხერხდა. ჩვენთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ, თუმცა საკმაოდ ბევრი მასალაა იმისთვის, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს. ჯერ ადრეა ამ თემაზე ლაპარაკი, რადგან ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება, რაც ჯერჯერობით წარმოუდგენელია"", განაგრძობს რესპონდენტი.

"ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ეს დანაშაული ხელისუფლებამ ჩაიდინა. თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ სააკაშვილმა მკვლელებს ხელი დააფარა. არ ვიცი, სახელდობრ ვინ ჩაიდინა მკვლელობა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თუ სხვა პირებმა, რომლებიც ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული. ჩემი აზრით, მკვლელებს ხელს აფარებენ ზურაბ ადეიშვილიც და კიდევ რამდენიმე თანამდებობის პირი", - აცხადებს გოგა ჟვანია და შეკითხვას - "ჯერ კიდევ 2005 წელს ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა თქვა: "რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას მკვლელობას, უკაცრავად გარდაცვალებას", ე. ი. ეს შემთხვევითი შეცდომა არ იყო?" - პასუხობს:

"არა, რა თქმა უნდა. სააკაშვილმა იცის, რომ ზურა მოკლულია. შემთხვევით არ წამოსცდენია"

`ქართულ ოცნებაში~ მე სამეგრელოს მოსახლეობასთან ურთიერთობა მევალება. ამ არაჩვეულებრივ ხალხს არაერთხელ შევხვდი და რეგიონში იმაზე უკეთესი ვითარება დამხვდა, ვიდრე მოველოდი - მათ ბიძინა ივანიშვილისადმი ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ, ხელისუფლებით უკმაყოფილება კი დღითი დღე იზრდება. მე არ მოვდივარ პოლიტიკაში მხოლოდ იმიტომ, რომ დადგინდეს ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დეტალები. თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს თანამდევი პროცესი იქნება. მთავარი მიზეზი, რისთვისაც პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე, არის ის, რომ გულგრილად ვერ ვუყურებ იმას, რაც საქართველოში ხდება, რამაც ზურაბ ჟვანია შეიწირა. დარწმუნებული ვარ, ზურაბ ჟვანია რომ ცოცხალი ყოფილიყო, ქვეყანა ომსაც თავიდან აიცილებდა და ბევრი სხვა პრობლემაც, რომელიც დღეს გვაქვს, არ გვექნებოდა. ზურაბ ჟვანიას არსებობა არაერთ თანამდებობის პირს მოურყევდა სავარძელს ხელისუფლებაში. ამჯერად მე, ზურაბ ჟვანიას ძმა, ვარ გუნდში, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს საზოგადოების წინაშე, რომ ქვეყანაში გატარდება საჭირო რეფორმები ყველა სფეროში და ნორმალური განვითარების გზას დავუბრუნდებით. ეს პროცესი გარდაუვალია", - დასძენს გოგა ჟვანია.