ლალი პაპასკირი,

ლალი პაპასკირი, "რეიტინგი"

მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი ნინელი ჭანკვეტაძე მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვლება, "მიუხედავად იმისა, რომ "დიდ დემოკრატ ხელისუფალს", როგორც წამოსცდა, არ უნდა, რომ არჩევნებში ჩაითრიონ". მსახიობი ფიქრობს, რომ მმართველ გუნდს პრეზიდენტის განცხადებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ აქვს მომზადებული, "თორემ ვინმე დარჩიაშვილი ან სულაც გენიოსი წიკლაური გამოვლენ და თავიანთ საყვარელ პრეზიდენტს ფოთლებს ააფარებენ", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელი, რომელიც მისი პოლიტიკაში წასვლის წინაპირობებსა და მოსალოდნელ პროცესებზე გვესაუბრება.

- ამ ხელისუფლებამ ჩვეულებრივ ადამიანებს, იმათ, ვისაც უნდოდა, მხოლოდ თავისი საქმე ეკეთებინა და პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაბმულიყო, დიდი ხნის წინ პოლიტიკაში წასვლა გვაიძულა. ალბათ ყველას ახსოვს, როგორ ჩარეცხეს საზოგადო მოღვაწეების ნაწილი, ზოგს კი უსაქმურები და არაპროდუქტიულები უწოდეს. არადა, მახსოვს, რა ლოზუნგებით მოვიდა ეს ხელისუფლება. სანამ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში მოვიდოდა, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ჩართვა ჰქონდა და მიშასთან ერთად მეც ჩამრთეს. მაშინ ეს ახალგაზრდა კაცი ყველას ძალიან გვესიმპათიურებოდა, ვინაიდან შორიდან ძალიან "ხალხოსნური" ჩანდა. ის მაშინ მუდმივად ხალხში ტრიალებდა და ცდილობდა, სამართალი ეპოვა. თუ არ ვცდები, იუსტიციის მინისტრი იყო და ტელევიზიებში მართლა ხშირად იწვევდნენ. პოლიტიკაში ნაკლებად ვიყავი ჩართული, ვცდილობდი, ჩემი საქმე მეკეთებინა, მაგრამ ჩემი აზრი არც ერთი რეჟიმის დროს არ დამიმალავს. თუ შემოქმედი ხარ და გაქვს პრეტენზია, რომ ცოტა შემაღლებულ ფიცარნაგზე ითამაშო და შენი სათქმელი სპექტაკლით ან როლით თქვა, მაშინ იმდენი უნდა შეგეძლოს, რომ საკუთარი აზრის გამოხატვის არ გეშინოდეს... ერთი სიტყვით, იმ ჩართვაში, როცა რაღაც საკითხზე ჩემი პოზიცია გამოვხატე, სააკაშვილმა განაცხადა, - ნეტავ, საქართველოს ქალბატონი ნინელისნაირი ბევრი ჰყავდესო. თუმცა, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, ყველაფერი დაავიწყდა. არადა, 2003 წელს სხვებთან ერთად მეც ვიდექი ქუჩაში, რადგან რეალურად მინდოდა ცვლილებები და მეგონა, ქვეყნის სათავეში მოვიდოდა გუნდი, რომელიც ფულისა და სკამის მოყვარული არ იქნებოდა. შემდეგ ყველაფერი უკუღმა დატრიალდა, - როგორც კი გავაკრიტიკე, ჩემს პირველივე სიტყვებს მათგან მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

- რა იყო პირველი, რის გამოც იმედი გაგიცრუვდათ?
- უამრავი წვრილმანი და მსხვილმანი მახსოვს, მაგრამ მართლა სახტად დავრჩი, როცა ის ამბავი გავიგე, რომ გიგი უგულავას თურმე ვიღაცის მანქანა მოეწონა, მოახტა და წაიყვანა. მერე კი მისი გუნდის წევრები თავს იმართლებდნენ, სახლში კი არ წაუყვანია, ის მანქანა სასტუმროსთან იდგა და იქიდან ავტოფარეხში უნდა წაეყვანაო. არ ვიცოდი, თუ ქალაქის მერს ვიღაცის მძღოლის ფუნქციაც შეთავსებული ჰქონდა. არადა, კანონის ენაზე, ამ ქმედებას ყაჩაღობა ჰქვია, მაგრამ ეს არანაციონალებისთვის... უგულავამ, ეტყობა, არც კი იცოდა, რომ ხელისუფლების სათავეში მოსვლა ბატონყმობის დაბრუნებას არ ნიშნავდა და მათ ეგონათ, რაც მოეწონებოდათ, ყველაფერი მათი იყო. ამის შემდეგ დაიწყო კერძო საკუთრების მიტაცების დაუსრულებელი კასკადი - შუაღამეს ადამიანს გამოეღვიძებოდა და მოელანდებოდა, რომ ნოტარიუსში გავარდნილიყო და თავისი შრომით მოპოვებული სახლი, მანქანა ან პირადი ბიზნესი ხელისუფლებისთვის ეჩუქებინა. თუმცა ჩემთვის ყველაზე დიდი თავზარი იყო, როცა ამ ხელისუფლებამ გვითხრა, რომ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია გაზით გაიგუდა. მის პანაშვიდზე მისული ადამიანები ჟურნალისტებს ემალებოდნენ. სხვათა შორის, ზურას თანაგუნდელებს დღემდე აწევთ მისი სიკვდილი მხრებზე, რადგან ყველაზე მეტად მათ უნდა ამოეღოთ ხმა და ყველაზე მეტად ისინი გაჩუმდნენ... ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმისა, თუ რატომ წავედი აქტიურ პოლიტიკაში, თუმცა პასიური არასდროს ვყოფილვარ. ამ ხელისუფლებისგან რეზინის ტყვიაც მიმიღია და არც მომწამვლელი გაზი დამკლებია. არც იმას დაგიმალავთ, რომ ამ წლების განმავლობაში უამრავი იმედგაცრუება და ღალატი მინახავს.

- პოლიტიკოსებისგან თუ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისგან?
- პოლიტიკოსებისგან და ამან გამაოცა სწორედ. როცა ჩვეულებრივი ადამიანი სისუსტეს იჩენს, ეს არც არის გასაკვირი, მაგრამ როცა პოლიტიკოსი შეშინდება ან გაიყიდება, ამას ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვება, რადგან იმ ადამიანმა უნდა უხელმძღვანელოს მოძრაობას. ჩვენ, უბრალო ადამიანებს, რამე პროცესის დამოუკიდებლად წარმართვა არ შეგვიძლია და ამიტომაც ვუერთდებით ხან ერთ და ხან მეორე პოლიტიკურ გუნდს და როცა პოლიტიკური ლიდერი საქმეს თავს ვერ ართმევს, ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის. თუმცა გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ეს კონკრეტულად ვინმეს ბრალია, - ხან გამოდის და ხან არა, რადგან ხელისუფლებას ყველაფრის მონოპოლია აქვს და საზოგადოებამდე ზუსტი ინფორმაციის მიტანა ძნელია. ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და ეს საკუთარ ტყავზე ვიწვნიე, როცა თავად შევესწარი ასეთ ფაქტებს. მოსამართლემ ანომალიური განაჩენი გამოიტანა და ვიკითხე, რატომ მოიქცნენ ასე-მეთქი? ირონიით მიპასუხეს, - იმიტომ, რომ ხასიათზე არ არიანო.

ასე რომ, როცა ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და გვერდით ყოფნა შემომთავაზა, ძალზე სწრაფად დავთანხმდი. ეს ადამიანი არის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი, რომელსაც არ შეუძლია, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიმართ გულგრილი დარჩეს და რაღაცები შეცვალოს. მან პოლიტიკაში წასვლით დიდი და სარისკო ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ამით თავისი შვილების მომავალზეც იზრუნა. ბატონი ბიძინა ამ ხელისუფლების ნებისმიერ მცდარ ექსპერიმენტსა და ვითომ პროექტს, სინამდვილეში კი შეცდომას, გულწრფელად განიცდის და ნერვიულობს.

- ეს ადამიანი წლების განმავლობაში აფინანსებდა ხელისუფლების პროექტებს, ქალბატონო ნინელი...
- კი, ბატონო, ეს არგუმენტია, მაგრამ რატომ არ გინდათ იმის დაჯერება, რომ ეს ადამიანი ხელისუფლებას კი არა, ქვეყანას ეხმარებოდა... გარდა ამისა, ყველამ შეიძლება, შეცდომა დავუშვათ. მეც დავუშვი შეცდომა 2003 წელს, როცა თავგამოდებული ვიდექი ამ გუნდის გვერდით. რატომ არ გინდათ დაიჯეროთ, რომ ამ ადამიანს ცვლილებები უნდოდა?!. სხვათა შორის, მას ჩემთან საუბარში არაერთხელ უთქვამს სინანულით, ამ გუნდს ძალაუფლებაში ყოფნა გავუხანგრძლივეო. ის პრეზიდენტის ფონდსაც აფინანსებდა, რომელიც მიწისძვრითა და სტიქიით დაზარალებულებს უნდა დახმარებოდა, მაგრამ რაში გაიფანტა ის თანხა, არავინ იცის. ასე რომ, ივანიშვილი არ არის მიამიტი ადამიანი და როგორც კი მიხვდა, სინამდვილეში ვის ეხმარებოდა და ვის უხანგრძლივებდა პოლიტიკურ სიცოცხლეს, მაშინვე ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომაც მას ბოლომდე ვენდობი.

- რა ფუნქცია გაკისრიათ ბიძინა ივანიშვილის გუნდში?
- მე პირადად ბატონი ბიძინას საინიციატივო გუნდის წარმომადგენელი ვარ... ის აღიარებს, რომ პოლიტიკა უნდა აკეთონ პროფესიონალებმა, მაგრამ ამასთან, დადგა დრო, გააქტიურდნენ ის ადამიანები, ვისი წარსულიც შებღალული არ არის და ვინც პოლიტიკაში ანგარებით არ მოდის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ბატონმა ბიძინამ ასეთ ადამიანად მიმიჩნია და ჩემს საქმიანობაში თანმიმდევრულობა დაინახა. თუმცა ვაღიარებ, რომ ბევრ რამეს ვნანობ და ვიცი, რომ ბევრი შეცდომა დავუშვი.

- ყველაზე მეტად რას ნანობთ?
- ბევრ რამეს, მაგრამ, საბედნიეროდ, უპატიებელი შეცდომა არასდროს დამიშვია. და მაინც, - ძალიან ვნანობ, როცა სახლიდან სპონტანურად გამოვვარდი და პარლამენტთან მოშიმშილე გია თორთლაძესა და მის თანამოაზრეებს მივვარდი, ოღონდ თქვენ შეწყვიტეთ შიმშილობა და მე ვიშიმშილებ-მეთქი. მას შემდეგ თორთლაძე არც კი შემხმიანებია, მაგრამ ეს ამბავი იმდენ საერთო ნაცნობთან მოვყევი, იმედი მაქვს, უკვე გადასცეს... შეიძლება, ძალიან მიამიტი ვარ, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ადამიანებს ნამუსის ძარღვი ბოლომდე არ აქვთ გაწყვეტილი.

- რას ელოდით გია თორთლაძისგან, მადლობის გადახდას?
- არა, რას ამბობთ, იქ არავის მადლობისთვის არ მივსულვარ. უბრალოდ, როცა ვნახე, როგორ გამოასვენეს ნახევრად მკვდარი ზვიად ძიძიგური, რომელიც საავადმყოფოში მიჰყავდათ, როგორც ქალმა, მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ რამე უნდა მეღონა. არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ ღირს რომელიმე პოლიტიკური ლიდერის გამარჯვებად. ამიტომაც დავჯექი იქ საშიმშილოდ. სხვათა შორის, იმ მოშიმშილეებიდან ძალიან ბევრი მსაყვედურობს, რატომ შემაწყვეტინეთ, მაშინ თავი რომ გამეწირა, იქნებ, რამე შეცვლილიყოო. თორთლაძისგან მსგავსი არაფერი მომისმენია და სწორედ ამიტომ ვახსენე ნამუსის ძარღვი... ამ წარსულს რომ ვიხსენებ, უფრო მეტად დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის გუნდი იმ შეცდომებს არ გაიმეორებს, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა.

- რატომ ხართ დარწმუნებული?.. ცნობილი გამოთქმაა, - ძალაუფლება რყვნის...
- იმიტომ, რომ "ნაციონალებივით" ფულზე დახამებული არ არიან. სააკაშვილმა პრეზიდენტობის პირველ დღეებში თქვა, წლების წინ "ნაციონალებს" ოფისის დაქირავება გვინდოდა, მაგრამ ჯიბეში 50 ლარიც კი არ გვედო, მაგრამ აბა, გაბედოს ვინმემ და ოთხი წლის შემდეგ თავისი პირადი ბიუჯეტი გაზარდოსო... ახლა კი, ამ გაჭირვებულ საქართველოში ეს კაცი და მისი თანაგუნდელები ყაენებივით ცხოვრობენ. თან თვალებში ნაცარს გვაყრიან, აი, რამდენ რამეს ვაკეთებთო და ყოველდღიურად ახალ საავადმყოფოსა და ძეგლებს ხსნიან.

სანამ ამ აქტუალურ თემას შევეხებოდე, ორიოდე სიტყვას ტრასებზე ვიტყვი. ყველა იმ გზას, სადაც მან სანდრასთან ერთად ველოსიპედით გაისეირნა, თვეში ორჯერ აკეთებენ.

რაც შეეხება ახლად გახსნილ საავადმყოფოებს, თავად მომსახურე პერსონალისგან ვიცი, რომ ელექტროშოკის გარდა სხვა დანადგარი არ აქვთ და იქ მისულ პაციენტებს ეუბნებიან, რეანომობილი გამოიძახეთ, რათა ნორმალურ კლინიკაში გადაგიყვანონო... მედპერსონალი უკვე ხუმრობს კიდეც, ერთი და იმავე საავადმყოფოს იმდენი მხრიდან ხსნიან, კარი აღარ დარჩაო.

- როცა სოხუმში დატყვევებული მეზღვაურები გაათავისუფლეს, ენგურის ხიდზე მათ მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ეკონომიკის მინისტრიც დახვდა, რომელმაც აფხაზებს დანარჩენი, განახლებული საქართველოს დათვალიერება შესთავაზა.
- იცით, ის, რომ ვერა ქობალია ეკონომიკის მინისტრია, უკვე ნონსენსია... პრეზიდენტი, რომელიც სტრიპტიზბარში ბოძზე შემოხვეულ ქალს ხსნის და მინისტრად ნიშნავს, არ შეიძლება, ნორმალური იყოს. ყველამ იცის, რომ თვითმფრინავში გაცნობილი ქალებით აავსო პარლამენტი და საჯარო უწყებები. ეს უკვე პატარა ბიჭის გართობა კი არა, დანაშაულია.

- თუმცა სახელისუფლებო გუნდს მაინც ჰყავს მხარდამჭერები.
- დიახ, ვიცი და ისინი უზნეო, ნამუსგარეცხილი და გარყვნილი ადამიანები არიან. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. როცა ქვეყნის პირველი პირი ბავშვებს ბუჩქებისკენ მოუწოდებს და ეს მათ მშობლებს უხარიათ, მათ კეთილშობილებს ვერ ვუწოდებ. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც საკუთარი კეთილდღეობისთვის შვილებსაც კი არ ინდობს და მზად არიან, მიხეილ სააკაშვილს თავიანთი ასულები ხასებად მიართვან... ასეთი გამყიდველი მშობლების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, რადგან მათი ოჯახის წევრებსა და მშობლებს ვცემ პატივს და დავინდობ. თუმცა ვიცი, რომ ისინი გახარებული და ამაყები არიან, რომ მიშას მათი შვილები მოუნდა და ამას არც მალავენ, ეს ყველამ იცის, უბრალოდ, მე ვერ ვაკადრებ ჩემს ადამიანობას, მათი გვარები ჩამოვთვალო. ურჯულო მტერი რომ შემოგვესეოდა, ამაზე უარესს კი არ აკეთებდა, ქალებს გვიბახებდა...

- ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა არ მისცეს, რაც ალბათ მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. რას ელოდებით?
- ძალიან მალე ხელისუფლება იძულებული გახდება, მას მოქალაქეობა მისცეს. ვიცი, რომ ცუდ დღეში არიან, რადგან მათ უსუსურ ნაბიჯს სერიოზული საერთაშორისო სკანდალი მოჰყვება... ცუდია, რომ მიშას გუნდი ამაზე არ ფიქრობს. საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდება, რომ ეს ხელისუფლება არჩევნების გზით წავა. ხოლო თუ გააყალბებს, მასა, რომელიც უკვე სააკაშვილის გუნდის მოქმედებით თავგაბეზრებულია, იხუვლებს და ამ ძალას ვერც ხელისუფლება და ვერც ჩვენ ვერ შევაკავებთ.