შეიძლება თქვათ, რა დროს "მარშუტკებია", როცა პოლიტიკური სეზონი (უკვე მერამდენედ) იქოქება, ქვეყნის შენება გრძელდება, ცოტაც და ნატო-ში შევალთო, მაგრამ ქვეყნის ყველა სიკეთე და მმართველთა ყველა გამჭრიახობა სწორედ "მარშუტკებშია" განსხეულებული ჩემთვის და ისე ხელშესახებია, როგორც არსად სხვაგან.
ჩემს სახლსა და სამსახურს შორის დაახლოებით 30 კილომეტრია, დღეში 4 სამარშრუტო ტაქსში გადაჯდომა მიწევს და შეიძლება ითქვას, რომ მგზავრობა ჩემი ცხოვრების ყველაზე მოცულობითი ნაწილია.
სწორედ მმართველთა გამჭრიახობით აღარ დავდივარ ძველი – "საქათმე" "მარშუტკებით", ახლა ახალი, ყვითლები "გვემსახურება". გვემსახურება ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ ცოტა ძნელია, ამ პროცესს მომსახურება დაარქვა, ეს რაღაც უფრო ღრმაა. რაც შეეხება ახალ, ყვითელ ტრანსპორტს, სულ მგონია, რომ ეს ის "ოქროს სარაიაა" ყვარყვარე თუთაბერი რომ ჰპირდებოდა ტიტე ნატუტარს.
როგორც წესი, ამ ოქროს სარაიებში ფეხზე ვდგავარ, უფრო სწორედ, ხელზე ვკიდივარ და სევდიანად ვუყურებ კარის გვერდით წებოს ნაკვალევს – ოდესღაც აქ მწარმოებელმა ქარხანამ პატარა ზომის ნიშანი მიაკრა, სადაც დამჯდარი ადამიანის გამოსახულებასთან რიცხვი 16 ეწერა, ფეხზე მდგომის კი – 0. ეს რას ნიშნავს, მწარმოებლისა და შემდეგ ქართველ შემოქმედებით მმართველთა ენებზე, ალბათ უკვე ყველამ იცის. ამ ნიშნის აცლის ნაცვლად შეიძლებოდა, ფეხზე მდოგმი ადამიანის გვერდით უსასრულობის ნიშანი მიეწერათ, მაგრამ ეს ალბათ დამატებითი ხარჯი იქნებოდა და მარტივი გამოსავალიც გამოინახა.
მოკლედ, ამ ნაგულისხმევი უსასრულობის ნიშნის შესაბამისად, ფეხზე იმდენი ადამიანი და ისე მჭიდროდ ვდგავართ (თუ ხელებზე ვკიდივართ), რომ ერთმანეთის ტელეფონებს ვპასუხობთ – აღარ გაირჩევა, რომელი ჯიბე ვისია (ქონების დეკლარაციის შევსება რომ დამჭირდეს, ალბათ გამიჭირდება საკუთარი ქონების განსაზღვრა). თავიდან, ამ ახალი ოქროს სარაიების შემოტანის მთავარი ხიბლი (ტარიფის გაოთხმოცთეთრების მიუხედავად) ის იყო, რომ ქალაქში ხმა გავრცელდა (რომელიც თითქოს რაღაც კანონს ეფუძნებოდა), ახალ "მარშუტკებში" მგზავრებს ფეხზე აღარ დააყენებენო. მაგრამ ყოველდღიურად 180 თუ 190-ლარიანი გადასახადის დაკისრების გამო მძღოლებს ჯერ 5 მგზავრის დაყენების უფლება მისცეს, შემდეგ კი ასეთი მგზავრების რაოდენობის შემზღუდავი ნიშნები გაქრა ოქროს სარაიებიდან. მერე რა, რომ ეს ოქროს სარაიები ამდენ მგზავრზე არ არის გათვლილი, რის გამოც ამ თითქმის ახალ მანქანებს გზაში ძვრება ხოლმე ნაწილები, შემდეგ კი საგანგებოდ მათი მომსახურებისთვის გახსნილ ცენტრში სავალდებულო შეკეთებაში მძღოლები სამმაგს იხდიან. ამაზე ლაპარაკი არ ღირს.. . არც ის არის სალაპარაკო, მძღოლის ბედი და სიცოცხლე რომ ღვედითაა დაზღვეული, ჩვენი სიცოცხლე კი ჩვენს ხელებზე თუ სხვის ფეხებზე ჰკიდია. . .
ამ უსასრულობას რამდენიმე დადებითი ეფექტი აქვს – შემოქმედებით მმართველებს შემოსავალი მოემატათ (ამის დიდი იმედი გვაქვს), მძღოლების ოჯახები მშივრები არ გვყავს და... ყველაზე მთვარი – აღდგა გასული საუკუნის 90-იანი წლების ტრადიცია ტრანსპორტში ერთმანეთთან ჩახუტებისა.
საპარლამენტო არჩევნების დაძაბული სეზონის წინ ადამიანების ერთმანეთთან დაახლოებას შეიძლება ითქვას, ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ღმერთმა ნუ ქნას და არჩევნების გამო რაიმე სამოქალაქო დაპირსპირება დაიწყოს, რა სინდისით დაუპირისპირდები ადამიანს, მანამდე რომ ყოველდღე ეხუტებოდი (ბოლო-ბოლო უკაცრავად და სუნით ვცნობთ ერთმანეთს უკვე). არადა, ამ ოქროს სარაიებში ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან, ისე ვგრძნობთ ერთმანეთის სითბოს, რომელიმე მგზავრი რომ ჩადის, ჩასვლის წინ ყველა წინ მდგომს გულაჩუყებული ეხუტება (სხვანაირად გზას ვერ გაიკვლევს) ისე, ქორწილის ბოლოს მთვრალი ნათესავები რომ ემშვიდობებიან ერთმანეთს. დამრჩენებს გული გვწყდება და ვფიქრობთ, ისე როგორ ჩავიდეთ მარშუტკიდან, რომ ცრემლიანი თვალები ავარიდოთ ერთმანეთს.
. . . აი, ეს მამაკაცი ჩემ წინ რომ დგას, ორივე ხელი აქვს გაშლილი და ორივე მხარეს ეჭიდება, რაზეც შეუძლია. ისე დგას მკლავებგაშლილი, თითქოს, "დაისს" მეცეკვებოდეს. მე დარცხვენილი ვდგავარ მის წინ, რადგან ცეკვა არ ვიცი. ამის მართლა მრცხვენია – აი, უკვე 8 წელიწადზე მეტია, საცეკვაოდ გვაქვს საქმე და აქამდე არ უნდა მესწავლა? მაგრამ მომავალი კვირიდან ჩემს თანამშრომელ გოგოებთან ერთად ვიწყებ ცეკვაზე სიარულს და გამოვასწორებ ამას. მანამდე კი, ვდგავარ ასე დარცხვენილი და ვცდილობ, ცალ ხელზე ჩამოკიდებულმა შევიკავო თავი, ისედაც ახლოს მდგომ ჩემს თანამგზავრს "ვახტანგურის" პოზაში რომ არ ჩავეხუტო. ამ ხელზე დაკიდების გამო უკვე კარგად განვითარებული ბიცეპსი ჩამომიყალიბდა (და ალბათ ყველა ჩემს თანამგზავრს) და ვფქრობ, გონივრული იქნება, სპორტის და კიდევ რაღაცების სამინისტრომ მკლავჭიდში სახალხო და მგზავრული შეჯიბრებები რეგულარულად მოაწყოს. თუ ამის ორგანიზება სწრაფად ვერ მოხერხდება, არაფერია, მაინც აქვს ამ ვარჯიშს ერთ მომავალ სარგებელზე გათვლილი ეფექტი – ოქროს სარაიებში მომზადებაგავლილი ხალხი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ქართული არმიისა და ქვეყნის რეზერვად. ისეთი რა ექსტრაორდინალური და ფოსრმაჟორული ვითარება შეიძლება შეიქმნას, ოქროს სარაიაში ნამგზავრმა ადამიანმა რომ თავი ვერ გაართვას ან მოთმინება დაკარგოს. ასე რომ, მეც ჩემი ქვეყნის რეზერვი ვარ.
. . . გზა გრძელდება და ვცდილობ, მივხვდე, სად ვარ, რადგან ოქროს სარაიას ფანჯრები ცოტა დაბლა აქვს და მდებარეობას ვერ ვხედავ. მაღლა, "მარშუტკის" ლუკში ვიხედები და ცას შევყურებ. არა, ეს არ გამომადგება – ამ დალოცვილი თბილისის თავზე ცა ყველა უბანში ერთნაირია, მით უმეტეს - ღამით. საბოლოოდ იმის იმედი მაქვს, რომ დანიშნულების ადგილთან მიახლოვებისას გული ცოტა ამიჩქროლდება და მივხვდები, რომ ჩასვლის დროა. აი, ვიგრძენი კიდეც სახლთან მიახლოვება. ყველა თანამგზავრს გულაჩუყებული ვემშვიდობები და ოქროს სარაიიდან ჩავდივარ. თუმცა, ვცდილობ, არ ავღელდე და თავს ვიმშვიდებ – ხვალ ხომ ისევ ჩავეხუტები ყველას...
ლილო-საბურთალო-ლილო